16
Mar
2018

მალე! ქართული მხედრული ანბანის მთავრული ასონიშნები Unicode Standard-ში

16 Mar 2018

Unicode 11.0.0-ის ბეტა ვერსია ჩაეშვა და საიტზე განთავსდა ინფორმაცია ახალი სტანდარტის შესახებ, რომელიც ჯერჯერობით, ტესტირების რეჟიმშია. ახალი სტანდარტის მიხედვით, „უნიკოდს“ 7 ახალი დამწერლობა, 66 ემოჯი და ზედა რეგისტრის ქართული ასოები – ქართული მხედრული ანბანის 46 მთავრული ასონიშანი დაემატება.

ცვლილებების სტანდარტად მიღებამდე კი რაღაც ეტაპებია გასავლელი: „უნიკოდ კონსორციუმში“ (რომელიც ადგენს Unicode-ის სტანდარტებს) შემავალმა ფირმებმა: Google, Microsoft, Apple და ა.შ. ეს ცვლილებები თავიანთ პროდუქტებში უნდა დანერგონ და ამიტომაც, 2018 წლის 23 აპრილამდე, მათ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთ მონაცემთა ბაზებში გადაამოწმონ, რომელ ასონიშანს რომელი კოდი შეესაბამება და უკუკავშირი, ხარვეზების შესახებ, გაუგზავნონ „უნიკოდ კონსორციუმს“. Unicode 11.0.0-ის განახლებული სტანდარტები 2018 წლის 5 ივნისს დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ „უნიკოდის“ ტექნიკურმა კომიტეტმა გასული წლის 10 მაისს დაამტკიცა ქართული მხარიდან შეთავაზებული წინადადება „უნიკოდში“ ქართული მხედრული 46 მთავრული ასონიშნის ინტეგრაციის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრული ასოების არა მხოლოდ დოკუმენტში, წიგნში ან პლაკატზე, არამედ ელ-ფოსტაში, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში და ა.შ. გამოყენება იქნება შესაძლებელი. ქართული ანბანი ერთ რეგისტრიან (უნიკამერულ) ანბანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთვის არ არსებობს დიდი და პატარა ასო. მიუხედავად ამისა, ქართული ანბანის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე არსებობდა ანბანში მაღალი ასოების შემოღების ტენდენცია. გასულ წლამდე, უნიკოდის კონსორციუმის მიერ, ქართული დამწერლობებიდან აღიარებული იყო: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ეს უკანასკნელი, წინა ორისგან განხვავებით, მიჩნეული იყო რეგისტრგარეშე, ანუ უნიკამერულ დამწერლობად, რომ მას დიდი ასოები არ გააჩნდა.

თუმცა, ისტორიული და თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრული ასოები გამოიყენებოდა და დღესაც აქტიურად გამოიყენება (დღევანდელ რეალობაში ALL CAPS ფუნქციით), უნიკოდის კომიტეტთან, სამკაციანმა ჯგუფმა – აკაკი რაზმაძის, მაიკლ ევერსონისა და ნიკა გუჯეჯიანის შემადგენლობით, ასევე, ბესარიონ გუგუშვილის კონსულტაციით – გამართა მოლაპარაკებები უნიკოდის სტანდარტში 46 მთავრული ასონიშნის ინტეგრაციის შესახებ.

Unicode სტანდარტია, რომელიც ყველა სიმბოლოს, სხვადასხვა დამწერლობის უნიკალურ რიცხვით კოდებს ადგენს. ამ სტანდარტმა მთელი ტექნიკური სამყარო მოიცვა და დღეს, ყველა იყენებს მას, ვისაც ტექსტის დამუშავება თუ გამოსახვა სჭირდება: ოპერაციული სისტემები, პლატფორმები, ბრაუზერები და ა.შ.

განხილვა