in

Unicorn Ceramics – მხატვრის მიერ შექმნილი კერამიკა

Startauperi
Startauperi

Unicorn Ceramics-ის ამბავი 3 წლის წინ დაიწყო, როცა პროფესიიით მხატვარი მაია ბარათაშვილი კერამიკით დაინტერესდა. „ეს იყო პერიოდი, როდესაც ფერწერისგან დროებით დისტანცირების სურვილი  გამიჩნდა. პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო თიხა. ასე აღმოვჩნდი კერამიკის სახელოსნოში.“

თავდაპირველ მიზნად მან ქანდაკებების კეთება დაისახა, თუმცა, პატარ-პატარა ნივთებს იმხელა გამოხმაურება და მოთხოვნა მოჰყვა, რომ ხელოვანმა ამ ხაზით წასვლა გადაწყვიტა. კერამიკაზე მუშაობის გამოცდილებამ იგი თვითნასწავლ კერამიკოსად აქცია. ლარზე ამოყვანა კი საერთოდაც YouTube-დან ისწავლა.

YouTube-ის საშუალებით ვსწავლობდი ჩარხზე ამოყვანის ტექნიკას. მალე დავინახე, რომ ზედაპირული ცოდნით ვერაფერ ღირებულს ვერ შევქმნიდი და საჭირო იყო თიხის ტექნოლოგიების ათასწლოვანი ტრადიციების უფრო სერიოზულად შესწავალა, ეს პროცესი ახლაც გრძელდება. სახელოსნოში მარტო ვმუშაობ, ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გონებაში. აქედან დღეისათვის მხოლოდ რამდენიმეა განხორციელებული.“

დროთა განმავლობაში, პროდუქცია სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. თავდაპირველად, Unicorn Ceramics-ის ნაწარმში ორიგინალურად მოხატული ჭურჭელი ჭარბობდა, ხოლო შემდეგ, სახელოსნოში მინიატურული ნივთების კეთებაც დაიწყო. ხელოვანის მიერ შექმნილ ინოვაციას კი დღეისათვის, მცირე ზომის ქვევრები წარმოადგენს:

„სუვენირები არ მიყვარს, თუმცა, როდესაც დავფიქრდი, მივხვდი რომ ამ მიმართულებაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. საამისოდ ყველაზე “გაცვეთილი”  თემა შევარჩიე, ასეთად ჩანდა სწორედ ქვევრი. ვეებერთელა ქართული ქვევრი, მაქსიმალურად მცირე ზომისაა, დახვეწილი მოყვანილობისა და ფერად-ფერად ჭიქურში ამოვლებული. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემი ქვევრები მაგნიტით არა მხოლოდ ტურისტებმა შეამჩნიეს, არამედ გემოვნებიანმა ქართველმა მომხმარებელმაც, რაც იყო კიდევაც ჩემი მთავარი ჩანაფიქრი“. 

M: რითი არის თქვენი პროდუქცია განსაკუთრებული და განსხვავებული ბაზარზე?
Unicorn Ceramics-ის პროდუქცია არის ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვანაირი. რაღაც ერთი კონკრეტული ხაზი რომ არ გვაქვს, ვფიქრობ, ეს გამოარჩევს.

M: რატომ „Unicorn Ceramics“?
Unicornს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ეს სიმბოლო სრულყოილებასთან ასოცირდება. იგი არავის უნახავს და მიუწვდომლობის ბურუსშია გახვეული, ჩემი საქმე კი საპირისპიროდ ამისა, ყველაზე მიწიერი ხელოსნობის დარგია, რომელიც თავის მხრივ, ხელოვნებისაკენ, შესაბამისად, სრულყოფილებისაკენ ისწრაფვის.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სურვილი მაქვს, შევქმნა ძალიან ხარისხანი, ძალიან გათანამედროვებული ქართული სუვენირი. ქვევრი იყო პირველი, ამ მხრივ, რაც გავაკეთე და მან წარმატება მოიპოვა. ვფიქრობ  ამ მიმართულების გამრავალფეროვნებას, მით უფრო, რომ წყარო არის ულევი, საამისოდ საჭიროა ტრადიციების თანამედროვედ წარმოჩენა.

Unicorn Ceramics-ის სახელოსნო ხანდახან ტურისტებს მასპინძლობს, რომლებსაც საშუალება აქვთ მცირეხნიან გაკვეთილებს დაესწრონ, გააკეთონ მსგავსი ნივთები და შეიქმნან ზოგადი წარმოდგენა კერამიკის შესახებ. 

M: სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ლადო ასათიანის 14-ში, თუმცა, ეს უფრო სახელოსნოა, ვიდრე მაღაზია. უშუალოდ აქ მზადდება შეკვეთები, ამიტომაც იგი მაღაზიის  რეჟიმში არ მუშაობს.

სპილო გრანდის ოპერაცია – თბილისის ზოოპარკის ბინადარი „ბი-ბი-სის“ სერიალის გმირი გახდება

კამპანია, რომელიც პულსს აგიჩქარებთ