in

Unijobs.ge – აქ შეგიძლიათ ეძებოთ ვაკანსიები, თუკი სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ

Startauperi
Startauperi

სამსახურის დაწყებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რითაც პოტენციური დამსაქმებელი ინტერესდება სამუშაო გამოცდილებაა. თუმცა, რა ვქნათ, თუკი სამუშაო გამოცდილების შეძენა ჯერ ვერ შევძელით და პირველი სამსახურის დაწყებას ვცდილობთ? ზოგჯერ, ეს მდგომარეობა ჩაკეტილ წრეს ემსგავსება – ახალგაზრდა თანამშრომლები კომპანიებში სასურველ სამუშაო ძალად მიიჩნევა, თუმცა ამავდროულად, ითხოვენ გამოცდილებასაც. როგორც ვაკანსიების პლატფორმა Unijobs.ge-ის საოპერაციო დირექტორმა, ელენე ქოჩქიანმა გვიამბო, ამ პრობლემის წინაშე, 150,000 სტუდენტია, რომელთა უმრავლესობასაც სამუშაო გამოცდილება არ აქვს და პირველი სამსახურის დაწყება რთულ ამოცანად ექცა:

ელენე ქოჩქიანი, Unijobs-ის COO

ალბათ, ვინმესგან ყველას ერთხელ მაინც გვსმენია პარადოქსული სცენარი, როდესაც ახალგაზრდა სამსახურს იმიტომ ვერ იწყებს, რომ 2-3-5 წლიანი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ეს გამოცდილება ვერ დაუგროვდება, სანამ ვინმე გამოცდილების გარეშე არ მისცემს შანსს. ანუ, როგორც პოპულარულ კულტურაში ეძახიან – Catch 22 სიტუაცია, რაც ძალიან ხშირი იყო საქართველოში 10-15 წლის წინაც და ეს ახლაც გრძელდება. მსგავსი სცენარი გამოვლილი აქვს ჩვენი გუნდის წევრებსაც და გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს, აქედან დაიბადა სტარტაპის შექმნის იდეაც. სტარტაპი ზუსტად იმ პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული, რომ ერთ ადგილზე მოუყაროს თავი ყველა იმ ვაკანსიას საქართველოს მასშტაბით, რომლებისთვისაც სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი“.

Unijobs.ge-ის მისიაა, კარიერის დასაწყისში მყოფ ადამიანებს დასაქმება გაუადვილოს, მონდომებული ახალგაზრდები რეკრუტერებთან და დამსაქმებლებთან დააახლოოს, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს. პლატფორმაზე ერთ სივრცეშია თავმოყრილი ისეთი ვაკანსიები, სადაც ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე შეუძლიათ ცადონ ბედი და სამუშაო გამოცდილება დააგროვონ.

M: როგორ გადაწყვიტეთ დამწყები სამსახურის მაძიებლების ამ პლატფორმის საშუალებით დახმარება?

სტარტაპის მიზანი ზუსტად ისაა, რომ აქცენტი გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებზე, ვისაც ლიმიტირებული გამოცდილება აქვს და პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმას ახლა იწყებს. შესაბამისად, გავაკეთეთ სრულად აღნიშნულ აუდიტორიაზე მორგებული პლატფორმა და სოციალური არხები. მოვარგეთ იმაზე, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ტელეფონით სქროლავს ყველაფერს და სოციალური მედიით იგებს სიახლეებს. გვინდა, განვითარების უფრო მეტი შანსი მიეცეს ახალ თაობას და უფრო მეტმა კომპანიამ დაინახოს ღირებულება დღევანდელ ახალგაზრდებში. ამიტომ https://unijobs.ge წარმოგვიდგენია, როგორც place to go and scroll ადგილი, სადაც შემოვლენ სტუდენტები და ყველა ის ახალგაზრდა ვინც დაიღალა იმით, რომ სათავისო ვაკანსიის პოვნა უჭირს; ადგილი, სადაც გული არ დაწყდებათ, რომ ვერაფერს შესაბამისს ვერ შოულობენ.

საბოლოოდ, გვინდა გავაუმჯობესოთ ე.წ. entry-level დასაქმების პრაქტიკა და კულტურა ქვეყანაში. რაც იმაში გამოიხატება, რომ ბევრად მეტ ახალგაზრდას მიეცეს სწრაფად განვითარების შესაძლებლობა. ამისთვის, ჩვენ აქტიურად ვწერთ ბლოგებს და ვქმნით კონტენტს აქტუალურ თემებზე, რაც სტუდენტებს (და არამარტო მათ) CV-ს სწორად შედგენაში, გასაუბრების სწორად წარმართვაში, სამსახურის პოვნაში და ზოგადად, იმ უნარების და ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მუშაობის დაწყებამდე.

M: Unijobs-ის კონცეფციაზე გვიამბეთ – რა ფუნქციებით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს?

Unijobs-ის ვებგვერდზე მუშაობის დროს, ჩვენი მთავარი მიზანი იყო სამსახურის მაძიებლებისთვის რაც შეიძლება მეტად გაგვემარტივებინა დამსაქმებელ კომპანიასთან დაკავშირების პროცესი. შესაბამისად, მომხმარებლებს ვაკანსიის გვერდზე, საიტიდან გაუსვლელად და რეგისტრაციის გარეშეც, სულ რამდენიმე კლიკის მეშვეობით შეუძლიათ CV-ის ატვირთვა და გაგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორს სურს საკუთარი CV-ის შენახვა და შემდეგში განაცხადის კიდევ უფრო მარტივად გაკეთება სხვა ვაკანსიებზე, შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაცია ან google-ით/facebook-ით ავტორიზაცია. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფილტრები, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს საქართველოს სხვადასხვა წერტილში არსებული ვაკანსიების მოძიება შეუძლია. დამატებით, ჩვენი მომხმარებლები პლატფორმაზე ნახავენ შესაბამის სასწავლო კურსებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს დაეუფლონ დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

M: როგორ გაამარტივებს პლატფორმა რეკრუტირების პროცესს HR პროფესიონალებისთვის?

რეკრუტირების პროცესსში ყველაზე მთავარია იცოდე, რომელი წყარო გამოიყენო, პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისი აპლიკანტების მოსაზიდად. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი კომპანიების HR-ებმა იციან, რომ Unijobs-ზე შეუძლიათ განათავსონ entry-level ვაკანსიები და მიწვდნენ სტუდენტებს და ზოგადად ახალგაზრდებს, ვინც ახლა დგამს კარიერაში პირველ ნაბიჯებს. ჩვენ HR პროფესიონალებს ასევე, ვთავაზობთ, თითოეული განთავსებული ვაკანსიის ანალიტიკას, უზრუნველვყოფთ პროცესების მოქნილობას, სიმარტივეს და მათი საჭიროებების შესაბამისი პროდუქტების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს საიტზე განთავსებული ვაკანსიების მრავალფეროვნება, სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა რაოდენობასთან ერთად იზრდება. რაც განაპირობებს კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა ინტერესების მქონე ვიზიტორს, ისევე როგორც HR პროფესიონალებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი აპლიკანტების ბაზას ნიშნავს.

M: რამდენად მოგებიანია, როგორც ბიზნესი?

დაახლოებით, სამი თვეა, რაც პლატფორმა გავუშვით და ვფიქრობთ, მნიშვნელოვან პრობლემას ვაგვარებთ აუდიტორიისთვის. საბოლოოდ, თუ ისე გამოვიდა, რომ მართლა შევძელით ამ პრობლემის მოგვარება – დარწმუნებულები ვართ, ამ ყველაფერს ექნება ფინანსური ამონაგები, მაგრამ თუ ეგ არ გამოვა, როგორც მინიმუმ, იმ კულტურის დამკვიდრებას შევუწყობთ ხელს, რომ მეტი entry-level პოზიცია არსებობდეს ქვეყანაში და სტუდენტები კი, უკეთესად მომზადებულები შეხვდნენ კარიერის პირველ შესაძლებლობებს. 

M: რა უპირატესობა აქვს Unijobs-ს, კონკურენტებთან შედარებით?

გულწრფელად მიგვაჩნია, რომ საკმაოდ ვიწრო და უნიკალური ნიშის დაკავებას ვცდილობთ. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ დასაქმების ბაზრის რომელიმე დიდი მოთამაშის კონკურენტი ვართ.  მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმე არა მხოლოდ ვაკანსიების განთავსება, არამედ შესაბამის აუდიტორიამდე მიტანა და დამსაქმებელ კომპანიებთან სწორი უკუკავშირის დამყარებაა. Unijobs-ის უნიკალურობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ძალიან კარგად გვესმის სამიზნე აუდიტორიის პრობლემატიკა და განსხვავებული კომუნიკაციის არხების მეშვეობით ვცდილობთ მხოლოდ მათზე ორიენტირებული პროდუქტები შევქმნათ და გავაუმჯობესოთ. ამის პარალელურად დავამატებ, რომ უკვე ვთანამშრომლობთ საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან ლოკალურ და საერთაშორისო კომპანიებთან. დაინტერესება კომპანიების მხრიდან საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით ახლადშექმნილი სტარტაპისთვის, რაც ძალიან გვახარებს.

M: როგორ გეგმავთ პლატფორმის განვითარებას?

პლატფორმის განვითარებისა და ჩვენი ოპერაციის მასშტაბის გაზრდის მიზნით, უამრავი იდეა გვაქვს და კონკრეტული გეგმების მონახაზი გაგვაჩნია.  აქტიურად ვმუშაობთ, რომ ვებგვერდს უფრო მრავალფეროვანი ფუნქციონალი დაემატოს და პროცესები კიდევ მეტად მოქნილი გახდეს როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, ასევე HR პროფესიონალებისთვის. ამ ეტაპზე, ამაზე მეტს ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ სულ მალე, აუდიტორიას ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს, პროდუქტს და აქტივობას ვპირდებით.

კიდევ უფრო ციფრული „ციფრული მარკეტინგი” ქართული სტარტაპისგან – MyDataNinja

ამიერიდან Shazam სიმღერებს პირდაპირ TikTok-იდანაც ამოიცნობს