15
Jul
2019

Unilever გარემოს დამცველებს უერთდება – ბრენდის ახალი სტრატეგია

15 Jul 2019

Unilever, მსოფლიო ტენდენციას უერთდება და აქტიურად იწყებს ეკოლოგიაზე ზრუნვას. ამისთვის კი პირველ რიგში, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საჭიროა პლასტმასას ნარჩენების შემცირება. ამიტომ, გადაწყვიტეს, პროდუქცია სპეციალური ფორმითა და შეფუთვით გამოუშვან. მართალია, ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ CIF-ს ეხება, მაგრამ, სამომავლოდ, საყოფაცხოვრებო და დასუფთავების ბრენდი, ამ ტექნიკას აქტიურად დანერგავს. საწმენდ საშუალებას, დიასახლისი, პირდაპირ ვეღარ გამოიყენებს – შესაშხურებელი მექანიზმის მქონე ბოთლში უნდა გადაიტანოს და წყალში გახსნას. ამისთვის კი თუნდაც, CIF-ის ძველი ბოთლი გამოადგება.

Unilever-ის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლები, მათი პროდუქციის შეფუთვას მხოლოდ ერთხელ იყენებდნენ. თუნდაც მექანიზმი არ დაზიანებულიყო, საწმენდი სითხის დასრულებისთანავე, ბოთლს აგდებდნენ. ახლა კი,  CIF-ის შემთხვევაში, ეს შეუძლებელია. ამიტომ, დიასახლისებს ძველი ბოთლის შენახვა მოუწევთ. ეს შეამცირებს პლასტმასას გამოყენებას და მისი ნარჩენების სახით ტრანსპორტირებას, რაც ასევე დიდ ზიანს აყენებს გარემოს.

თუმცა, ეს სიახლე მარტივი დასანერგი არ იქნება, მით უმეტეს საყოფაცხოვრებო და დასუფთავების კომპანიისთვის. როგორც Unilever-ის წარმომადგენლები ამბობენ, არსებობს სპეციალური სტანდარტები, რომელსაც სხვადასხვა პროდუქციის შეფუთვა უნდა აკმაყოფილებდეს. ახალი ტიპის პროდუქტისა და შესაფუთი მასალის შესაქმნელად მათ გაცილებით დიდი რესურსის დახარჯვა მოუწევთ.

 

განხილვა