Unilever ყველა იმ ბრენდს გაყიდის, რომელსაც საზოგადოებისა და გარემოსთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს ან კიდევ უარესი, რაიმე სახით, ზიანს აყენებს მათ. მომხმარებელთა უკმაყოფილებას ყველაზე მეტად ის იწვევს, რომ კორპორაციაში შემავალი კომპანიები ერთჯერად პლასტმასას პროდუქციას იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ Unilever-ის პორტფოლიოში, დღეს, 400-მდე სამომხმარებლო პროდუქტის მწარმოებელი ბრენდი შედის. ბევრი მათგანი, ქართულ ბაზარზეც ძალიან პოპულარულია და საკუთარი მომხმარებელი ჰყავს: Dove, Axe, Lipton, Magnum, Sunsilk და ა.შ.
Guardian-ის ინფორმაციით, Magnum-ს, Marmite-სა და Pot Noodle-ს მოუწევთ თავიანთი პროდუქტების „გადააზრება“, ბრენდის მიზნებისა და ფილოსოფიის შეცვლა, რომ, სამომავლოდ, Unilever-ის შემადგენლობაში დარჩნენ. ჯგუფის გენერალური დირექტორის ალან ჯონის თქმით, საკმარისი აღარ არის მხოლოდ ისეთი სარეცხის ფხვნილის წარმოება, რომელიც „პერანგს ყველაზე უკეთ ათეთრებს“, ან ისეთი შამპუნის გამოშვება, „რომელიც თმას უნაკლო ბზინვარებას აძლევს“. მისი აზრით, დღეს, მომხმარებელს სჭირდება ბრენდი კონკრეტული ხედვით და მისიით, მათ აუცილებლად სარგებელი უნდა მოჰქონდეთ გარემოსა და საზოგადოებისთვის.
იმ ბრენდების გაყიდვა, რომლებსაც, შესაძლოა, ასეთი სტრატეგია არ აქვთ, მაგრამ ძალიან მომგებიანია, ანალიტიკოსების აზრით, კომპანიას ფინანსურად დააზარალებს. ალან ჯონი ამბობს, რომ მთავარი ფული კი არა, პრინციპებია.
Unilever-ის ხელმძღვანელს, ექსპერტების აზრის საწინააღმდეგოდ, Dove-ის, Hellmann’s-ისა და Sunsilk-ის მაგალითები მოჰყავს, რომლებსაც კონკრეტული მიზანი და მკაცრად განსაზღვრული სამოქმედო გეგმა აქვთ, ამასთან ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს. ალან ჯონის თქმით, 2018 წელს, სწორედ მათზე მოდიოდა ჯგუფის გაყიდვების ნახევარზე მეტი – €51 მილიარდი.