პირველად სიტყვა რობოტი მაშინ გაჩნდა, როცა ჯორჯ დევოლი ჯერ მხოლოდ 8 წლის იყო, თუმცა შემდგომში იგი პირველი ინდუსტრიული რობოტის ავტორი გახდა, რომელიც იმდენად დახვეწილი გახლდათ, რომ ლუდის ქილის გახსნაც კი მოახერხა… ამისთვის, არც კოლეჯის განათლება მიუღია, ეს არც უფიქრია… უბრალოდ, ელექტროობისა და მანქანების მიმართ დიდმა ინტერესმა და პრაქტიკულმა ცოდნამ იგი ამ გამოგონებამდე მიიყვანა — პირველი თანამედროვე ციფრული და პროგრამირებადი რობოტი 1954 წელს სწორედ ჯორჯ დევოლმა შექმნა და მას Unimate უწოდა, სახელი, რომელიც universal-ისა და automation-ის კომბინაციას წარმოადგენს.
როგორც ამბობენ, Unimate ეფუძნებოდა Programmed Article Transfer-ის პატენტს, რომელიც გვაცნობს Universal Automation-ის ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, Unimation-ის კონცეფციას. იგი ავტონომიური, წინასწარ დაპროგრამებული რობოტი იყო, რომელსაც დავალებების მრავალჯერადად შესრულება შეეძლო. დღევანდელი ინდუსტრიული რობოტების მსგავსად, განმეორებითი დავალებების შესასრულებლად, მასაც ერთი მხარი ჰქონდა, თუმცა 1814 კილოს იწონიდა…

ისიც ცნობილია, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დევოლი რობოტის გაყიდვას ცდილობდა, თუმცა ეს 1960-იანი წლების ბოლომდე ვერ მოახერხა, ანუ მანამ, სანამ ბიზნესმენმა და ინჟინერმა ჯოზეფ ენგლბერგერმა დევოლის რობოტის პატენტი არ შეიძინა. მართალია, ერთი შეხედვით, უბრალო ფაქტს ჰგავს, მაგრამ ამას მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა – ენგლბერგერმა, რომელსაც „რობოტიკის მამადაც“ მოიხსენიებენ, დევოლთან ერთად Unimation შექმნა, ანუ მსოფლიოში პირველი რობოტების მწარმოებელი კომპანია, სადაც უკვე Unimate-ის ინდუსტრიულ რობოტად მოდიფიცირება შეძლეს.
1961 წელს Unimate 1900-ის მოდელი საზოგადოებას ჩიკაგოში სავაჭრო შოუს დროს წარუდგინეს. ხუთი წლის შემდეგ რობოტი მკლავი სატელევიზიო Tonight Show-შიც გამოჩნდა, სადაც ერთი დიდი სანახაობა მოგვიწყო — გოლფის ბურთი ჭიქაში ჩააგდო, ლუდის ქილა გახსნა და ორკესტრსაც კი უხელმძღვანელა…
თუმცა ეს უბრალო პროტოტიპი არ გეგონოთ, პირველი Unimate 1960 წელს General Motors-მა იყიდა, უკვე 1961 წლისთვის კი, ნიუ ჯერსის Inland Fisher Guide-ის ქარხანაში დაამონტაჟეს, სადაც იგი აპარატიდან ცხელი ლითონის ნაჭრების ამოღებაზე იყო პასუხისმგებელი — ეს დავალება საკმაოდ საფრთხის შემცველია ადამიანებისთვის, რადგან ისინი მსგავსი ამოცანის შესრულების დროს, შესაძლოა, გამონაბოლქვით მოიწამლონ ან თუ საკმარის სიფრთხილეს არ გამოიჩენენ, მკლავიც დაკარგონ… დიახ, ეს იდეალურად ეხმიანება რობოტის განმარტებას — ავტომატურად მოქმედი მანქანა, რომელიც ადამიანის ძალისხმევას ანაცვლებს.
ბუნებრივია, დევოლის გამოგონებას წარმოების ინდუსტრიაში რევოლუცია მოჰყვა. Unimate-ის გამო ავტომატიზაციის შესაძლებლობები უსასრულოც გახდა და მან თანამედროვე რობოტების ინდუსტრიასაც ჩაუყარა საფუძველი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სოფიაზე, პირველ რობოტზე, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს, სარაზე, რომელიც უკვე რამდენიმე დიალექტზე საუბრობს, მხატვარ თუ მოქანდაკე რობოტებზე…

და თუ პირველი ინდუსტრიული რობოტის ნახვა საკუთარი თვალებით გსურთ, გეტყვით, რომ დღეს მისი ერთ-ერთი ორიგინალი მოდელი Smithsonian Museum of American History-ში ინახება.

ავტორი: მაკუნა ჯუღელი











