UNIQLO ფსონს დებს იდეაზე, რომ თვით AI-მომავალშიც კი შესაძლებელი იქნება, შოპინგისთვის დივნიდან ადგომა და მაღაზიაში წასვლა დაგვჭირდეს. დიახ, მაშინ, როცა AI ტანსაცმლის ონლაინშეძენას სულ უფრო ამარტივებს, იაპონური ბრენდი სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს მსხვილ ფლაგმანურ მაღაზიებს, სადაც მომხმარებელს ტანსაცმლის შეხება, მორგება და პერსონალურად თავისთვის არჩევა შეუძლია.
UNIQLO-ს მშობელი კომპანია Fast Retailing მომდევნო ათწლეულში იაპონიაში მსგავსი მასშტაბის მაღაზიების რაოდენობის დაახლოებით გაორმაგებას გეგმავს. შედეგად, ასეთი ობიექტების ქსელი დაახლოებით 10-დან 20-ამდე გაიზრდება.
სტრატეგია მიუთითებს ცვლილებაზე – მაღაზიები აღარ განიხილება მხოლოდ ადგილად, სადაც მომხმარებელი ტრანზაქციას ასრულებს.
ამის ნაცვლად, UNIQLO-ს სურს, რომ მისი ყველაზე დიდი მაღაზიები დიზაინის, სერვისებისა და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით უფრო სრულად წარმოაჩენდეს LifeWear-ის ფილოსოფიას, იმას, რასაც მომხმარებელი პროდუქტის გვერდების უბრალოდ სქროლვით ვერ მიიღებს.
AI-ს შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, რაც პროდუქტის რეკომენდაციასა და მომავალში მომხმარებლის ნაცვლად შეძენას გულისხმობს, შოპინგის ეს სენსორული ნაწილი შესაძლოა ონლაინკომფორტსა და ფიზიკურ მაღაზიაში ვიზიტს შორის ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ფაქტორად იქცეს.
ამასთან, UNIQLO ციფრულ ინსტრუმენტებზეც არ ამბობს უარს. კომპანიის მაღაზიებში უკვე გამოიყენება თვითმომსახურების სალაროები, მარაგების ციფრული მართვის სისტემები და ონლაინიდან ოფლაინში გადასვლის სერვისები. ამასთან, Fast Retailing საცალო ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიურ განვითარებაში ინვესტიციებსაც აგრძელებს.
ამიტომ მისი სტრატეგია არ არის კატეგორიული და არ გვაყენებს არჩევანის წინაშე – ფიზიკური თუ ციფრული, ის, უბრალოდ, თითოეული მათგანისთვის განსხვავებულ ფუნქციას განსაზღვრავს. ონლაინშოპინგს შეუძლია მოქნილობასა და ეფექტურობაზე იზრუნოს, flagship მაღაზიების არსებობა კი ატმოსფეროს, ადამიანურ ურთიერთობასა და ბრენდის არსის უფრო მკაფიოდ წარმოჩენას უკავშირდება.
UNIQLO ასევე ცდილობს, მომხმარებელს მაღაზიაში მისვლის სხვა მიზეზებიც შესთავაზოს და ვიზიტი მხოლოდ ტანსაცმლის შეძენასთან არ იყოს დაკავშირებული. მაგალითად, MY FIRST OUTFIT-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აგვისტოში იაპონიის 96 მაღაზიაში ჩატარდა, ბავშვებს საშუალება მიეცათ, თავად შეერჩიათ ტანსაცმელი, შემდეგ კი საკუთარი არჩევანი ოჯახის წევრებისთვის ეჩვენებინათ.
AI-ასისტენტს უბრალოდ შეიძლება სთხოვოთ, კონკრეტულ ბიუჯეტში თბილი ქურთუკი, თეთრი პერანგი ან შარვალი გიპოვოთ. პროდუქტის მოძიების პროცესი ალგორითმების გავლით ხდება, რა დროსაც მომწოდებლებს მომხმარებელზე პირველი შთაბეჭდილების კონტროლი არ შეუძლიათ.
ფიზიკური მაღაზია კი საპირისპიროს სთავაზობს: განათება, ვიტრინები, პერსონალი, სერვისები, მასალები და თუნდაც ყავა – ყველაფერი შეიძლება ბრენდის მიერ კონტროლირებადი გამოცდილების ნაწილი გახდეს.
UNIQLO-ც სწორედ ამას გვეუბნება – AI-ს ეპოქა მაღაზიების მოძველებას სულაც არ ნიშნავს.












