ეჭვგარეშეა, რომ მათგან გაქცევას მარტივად მოახერხებთ… Unitree Robotics-მა Unitree H1 წამოადგინა, რომელსაც აღწერს, როგორც „მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ჰუმანოიდ რობოტს“, რადგან საათში 12 კილომეტრამდე ავითარებს. ასე კი მის მთავარ კონკურენტ Boston Dynamics-ის Atlas-ზე 3 კმ/სთ-ით უფრო სწრაფია.
მეტიც, H1-ს სიარული, სირბილი, ხტუნვა, ობიექტების გადატანა და ცეკვაც კი შეუძლია. ვიდეოებშიც მისი მობილობის უნარი მრავალფეროვან გარემოებებშია ასახული, დაწყებული პარკებიდან, გაგრძელებული კიბეებზე ასვლით, რაც მის მრავალფეროვან პოტენციალზე მიგვითითებს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, აღქმის უნიკალური შესაძლებლობებითაცაა აღჭურვილი — 3D LiDAR-ის სენსორითა და 360-გრადუსიანი ხედვის კამერით გარემოსთან შეუფერხებლად ურთიერთობს. 1.79 სანტიმეტრი სიმაღლისაა და 46 კილომდე იწონის, რითაც კონკურენტებზე მსუბუქიცაა. ამ უკანასკნელს კი მისი უნიკალური დიზაინით მიაღწიეს, სხეულის იმგვარი ფორმებით, რომლებიც მის სისწრაფეს უზრუნველყოფს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ რეკორდულ მაჩვენებლებზე პრეტენზია ჯერ მხოლოდ Unitree-მ წამოაყენა და მას სხვა წყარო არ ადასტურებს. მეორე მხრივ კი, UCLA-ს რობოტი ARTEMIS მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მოსიარულე ჰუმანოიდი რობოტის წოდებას ინარჩუნებს.
მიუხედავად ამისა, H1 მეტად ხელმისაწვდომია — 90 000-დან 150 000 დოლარამდე ღირს, ასე რომ, კონკურენტებს შორის როგორც წონით, ისე ფასითაც გამორჩეულია…