როგორც ჩანს, დიდი ხელოვანები საუკუნეების შემდეგაც განაგრძობენ ჩვენთვის ახალი ნახატების წარდგენას — არა, ამაში არაფერია მისტიკური… უბრალოდ, საუბარია ვინსენტ ვან გოგის პორტრეტზე, რომელიც თავისივე Head of a Peasant Woman-ის სურათის ქვეშ იმალებოდა. მას ედინბურგის აკადემიაში მიაკვლიეს, როდესაც გამოფენის წინ სპეციალურ რენტგენში გაატარეს.
Head of a Peasant Woman 1885 წელს დახატა მხატვარმა, ანუ, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე საკუთარ ინდივიდუალურ სტილს მკვეთრად შეიმუშავებდა. ვან გოგის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ კი ნამუშევარი ამსტერდამის სტედელიკის მუზეუმს გადაეცა, 1951 წელს ალექსანდრე და როზალინდ მეიტლანდის კოლექციაში გადავიდა და საჩუქრად შოტლანდიის ეროვნულ გალერეას (NGS) გადაეცა.
NGS-ის ექსპერტებმა ნამუშევარი რენტგენოლოგიურად გადაიღეს შოტლანდიის სამეფო აკადემიის მომავალი გამოფენისთვის, სახელწოდებით A Taste of Impressionism. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი. რეალურად, ეს გავრცელებული პრაქტიკა იყო, ბიუჯეტური მიდგომის გათვალისწინებით. შესაბამისად, ვან გოგიც ხშირად იყენებდა ტილოს უკანა მხარეს ან ერთ ნახატს მეორეს გადაახატავდა ხოლმე.
საგულისხმოა, რომ საზოგადოება ამ რენტგენით აღმოჩენილ პორტრეტს ზემოხსენებულ გამოფენაზე იხილავს. ამისთვის კი დემონსტრაციის დროს სპეციალურ სინათლის ყუთს გამოიყენებენ.
ავტოპორტრეტის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ რესტავრატორებს განსაკუთრებული სიფრთხილე მოუწევთ წებოსა და მუყაოს მოცილებისას. ისინი ახლა იკვლევენ, როგორ შეიძლება ამის მიღწევა ძირითადი ნამუშევრის დაზიანების გარეშე.