in

Unspoken: Words of Silence and Noise – გამოფენა სუბ და კლუბური კულტურების შესახებ

ახალგაზრდული, სუბ და კლუბური კულტურები კულტურის განუყოფელი ნაწილია


Unspoken: Words of Silence and Noise – ასეთი საინტერესო და, შეიძლება ითქვას, უჩვეულო იდუმალებით სავსე სახელწოდება აქვს გამოფენას, რომელიც “ნინო გოგე გალერეაში” შაბათს გაიხსნება. გამოფენის კონცეფცია ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს ეხება, რომლებიც 1918 წლიდან დღემდე თან ახლავს საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ და საკლუბო კულტურას.

როგორც გამოფენის პრესრელიზში ვკითხულობთ, იდეის ძირითადი ხაზი რამდენიმე კითხვის ირგვლივ იქნა კონსტრუირებული. რა აღქმადი, სოციალური და პოლიტიკური შესაძლებლობები გააჩნია ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებს? რა თავისებურებებით გამოირჩევა ის საქართველოს დედაქალაქ თბილისში და როგორ შეიძლება მათი მხატვრული განხილვა საგამოფენო კონტექსტში?

ცხადია, ამ თვალსაზრისით საინტერესო სურათი გვაქვს როგორც მსოფლიოში, ისე უშუალოდ ლოკალურ მაგალითზე – უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში თანდათან იზრდება კლუბური კულტურის პოპულარობა. ამასთან, ქვეყანაში საკმაოდ მრავალფეროვანი სუბკულტურების ფენომენი არსებობს, რომლებიც უმეტესად ძალიან მჭიდრო კავშირშია ადამიანების ყოფიერებასთან და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა პოლიტიკური, სოციალური თუ ისტორიული ვითარება.

ფოტო: ომარ გოგიჩაიშვილი

“გამოფენის იდეა, პირველ რიგში ამ თემების მიმართ დიდმა ინტერესმა გამოიწვია. ხოლო შინაარსობრივად – სხვათაშორის – სწორედ ახალგაზრდული, სუბ და საკლუბო კულტურის თემები შედის ჩემს სადოქტორო ნამუშევარში, რომელზეც აქტიურად ვმუშაობ. ჩემი სამეცნიერო კვლევების მიუხედავად, ჩემი საქმიანი პარტნიორისთვის, ნინო გოგეშვილისთვის და ჩემთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ შეგვექმნა ჩვენს საზოგადოებრივ აწმყოსთან ახლოს მყოფი და ასპარეზთაშორისი საგამოფენო პროექტი, ვინაიდან “ნინო გოგე გალერეა” ძირითადად თანამედროვე ხელოვნებას უთმობს ყურადღებას” – აღნიშნავს გამოფენის კურატორი, ვახტანგ ჭეიშვილი.

საგულისხმოა, რომ მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით, გამოფენა სწორედ იმ ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება, რომლებიც, ზემოთ აღნიშნული კულტურებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე დროს, ის ცდილობს გამაერთიანებელი, გლობალური ნიშან-თვისებების პოვნას. “ახალგაზრდული, სუბ და კლუბური კულტურები კულტურის განუყოფელი ნაწილი გახლავთ. ხოლო სადაც კულტურა იერარქიულ კლასიფიკაციას, შეზღუდვას, შევიწროვებას, ან რეპრესიას განიცდის, იქ არსებობს ასევე იმის საშიშროება, რომ ყველას თავისუფლება შეიზღუდება” – აღნიშნავს ვახტანგ ჭეიშვილი.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილისა და ომარ გოგიჩაიშვილის (Hitori Ni) ფოტო ნამუშევრები. ასევე კურატორის მიერ შექმნილი ვიდეო ნამუშევარი, რომელიც, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პირველი არხის არქივისა და პირადი წყაროების ვიდეო მასალების შერწყმით წარმოადგენს მხატვრულ და დოკუმენტურ-რეტროსპექტულ განმარტებას, საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებზე.

“რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც ხელოვნებისა და კულტურის დარგში მოღვაწე პირები, ვერ წამოვწევთ ასეთ „მაღალ“ პრეტენზიას, რომ გამოფენაზე ამომწურავად იქნება “ისტორიული, სოციალური და/ან პოლიტიკური” თემები განხილული. ეს არც შედის ჩვენს პირდაპირ მიზანში. ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურასთან დაკავშირებული, ფართო და დისკურსიული ჩარჩოს შეთავაზება საზოგასოებისათვის. ახალგაზრდული, სუბ და კლუბური კულტურა კი ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიული წარსულის, სოციალური, თუ პოლიტიკური მოძრაობების ფუძემდებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეოინსტალაცია ასახავს 1920-იანი წლებიდან დღემდე იმ კადრებს, რომლებიც ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში გახლავთ ჩაბეჭდილი და რომელთა გააზრება, გადახარისხება და განმარტება აუცილებელი პროცესია იმისთვის, რომ ავხსნათ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული და აწმყო. ვიდეო ნამუშევარი მხატვრული ფორმის გახლავთ, რაც მაყურებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ თავად შეაფასოს ამ კულტურების მნიშვნელობა და საკუთარი მოსაზრება ჩამოაყალიბოს იმაზე, თუ რა სპეციფიკა დაყვება ამ კულტურებს საქართველოს მაგალითზე. გურამ წიბახაშვილისა და ომარ გოგიჩაიშვილის ფოტო ნამუშევრებიც სწორედ ამ ხედვით გახლავთ წარგენილი: კადრები, რომლებიც აღბეჭდავს მათი დროის ესთეტიკას” – განმარტავს კურატორი.

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

გამოფენის პარალელურად, თბილისის კლუბური კულტურის სცენიდან ხუთი მუსიკოსი წარადგენს თავისებურ-შემოქმედებით შესრულებას, რომელიც სუბ და ახალგაზრდული კულტურების სხვადასხვა მოტივის ესთეტიკური იდეით ხასიათდება. მათ შორის არიან შემდეგი მუსიკოსები და თემები:

31 ივლისი – ნატალია ბერიძე (სიმამაცე)
6 აგვისტო – რეზო ღლონტი (ვნება)
12 აგვისტო – თამადა (გართობა)
24 აგვისტო – ზესკნელ (ბრაზი)
29 აგვისტო – საფილეუმი (ცნობისმოყვარეობა)

ავტორი ქეთია ბელქანია


თიხით წარმოჩენილი თეატრი და კინო – ინტერვიუ “დირეს” დამფუძნებელთან

დადგა თუ არა პირადად შეხვედრების დრო?