მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ამერიკის ქუჩებში ცხენები ჯერ კიდევ სატრანსპორტო საშუალებად ითვლებოდა და სატელეფონო ზარის განხორციელება ფუფუნება იყო, ახალგაზრდამ სიეტლიდან, სახელად ჯეიმს ქეისიმ, ოცნებად დაისახა რაღაც, რაც იმ დროისთვის თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა – სწრაფი და საიმედო მიწოდების სამსახური.
1919 წელს UPS, როგორც სახელწოდება, პირველად გაჩნდა, თუმცა მის ფესვებს უფრო ადრე, 1907 წელს ეყრება საფუძველი. როცა 19 წლის ქეისიმ და მისმა მეგობარმა კლოდ რაიანმა საკუთარ ქალაქში დააფუძნეს კომპანია სახელად American Messenger Company. საწყისი კაპიტალი მხოლოდ 100 დოლარი იყო, რომელიც ქეისის დედამ სესხად მისცა.
მათი ოფისი პატარა სარდაფი იყო, ხოლო სატრანსპორტო საშუალებები – რამდენიმე ფეხით მოსიარულე ბიჭი და ერთი ველოსიპედი. ამ საწყისი ბიზნესის სლოგანად იქცა: “Best service and lowest rates.”
პირველი ნაბიჯები
საწყის წლებში ბიჭები ძირითადად ადგილობრივ ბიზნესებს ემსახურებოდნენ: აგზავნიდნენ ტელეგრამებს, მცირე ამანათებს და გადასახადების შეტყობინებებს. მათი მთავარი პრინციპი იყო სანდოობა. ისინი ყოველთვის ასრულებდნენ პირობას მალე ჩაბარების შესახებ, რამაც ცოტა ხანში გამოიწვია კონკურენტების ჩაჩოჩება.
1913 წელს კომპანიამ პირველი ავტომობილის გამოყენება დაიწყო – მეორადი Ford Model T. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა: ცხენები ნელ-ნელა იცვლებოდა მანქანებით, რაც ამანათების გაცილებით სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოფდა. ამავე პერიოდში კომპანიამ ახალი სახელი მიიღო — Merchants Parcel Delivery, ხოლო მოგვიანებით, როცა ქეისიმ სერვისი სხვა ქალაქებშიც გააფართოვა, გაჩნდა ახალი ბრენდი — United Parcel Service, ანუ UPS.
ყავისფერი, როგორც სიმბოლო
UPS-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნიშანი მისი მუქი ყავისფერი ფერია, რომელიც შემთხვევითი არ არის. 1920-იან წლებში ქეისიმ და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, რომ ტრანსპორტისა და უნიფორმების ფერი უნდა ყოფილიყო პრაქტიკული, სუფთა და სანდოობასთან ასოცირებული. არჩევანი გაკეთდა ყავისფერზე, ფერზე, რომელიც სიმყარესა და საიმედოობას აღნიშნავდა. მას შემდეგ UPS-ის “Brown” მთელ მსოფლიოში იქცა სიმბოლოდ, რომელსაც ყველა ცნობს, თუნდაც, კომპანიის სახელი არ თქვას.
გაფართოება და ინოვაციები
1920-30-იან წლებში UPS-მა დაიწყო სწრაფი ზრდა დასავლეთ სანაპიროზე – სიეტლიდან სან-ფრანცისკომდე, შემდეგ ლოს-ანჯელესამდე. მაგრამ რეალური გაფართოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა, როცა ამერიკის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა და საცალო ვაჭრობა ახალი სტანდარტებით ვითარდებოდა. UPS-მა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ავტომატიზებული სორტირების სისტემა, ხოლო 1950-იან წლებში უკვე ქვეყნის მასშტაბით მუშაობდა.
1975 წელს UPS-მა თავისი პირველი საერთაშორისო გადაზიდვა განახორციელა კანადაში და მალევე გერმანიაშიც. ეს იყო დასაწყისი იმ გლობალური ქსელისა, რომელიც დღეს 220-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს.
1980-იან წლებში UPS-მა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეექმნა საჰაერო ფლოტი, UPS Airlines, რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სატვირთო ავიაკომპანიად ითვლება. ამ ნაბიჯმა მიწოდების დრო შეამცირა და კომპანიას საშუალება მისცა, კონკურენცია გაეწია სხვა გიგანტებისთვის, როგორიცაა FedEx.
ციფრული ეპოქის გამოწვევები და თანამედროვე UPS
ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად UPS-მა გადადგა ნაბიჯი ციფრულ სამყაროში: დანერგა ონლაინთვალთვალის სისტემა, ავტომატიზებული საწყობები და მოგვიანებით – ეკოლოგიურად მეგობრული ელექტრომობილები. კომპანია დღეს დიდ ყურადღებას აქცევს მდგრად განვითარებას. მიზნად აქვს დასახული, რომ 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვი გამოიწვიოს.
დღეს UPS-ის ფლოტში შედის ათიათასობით სატვირთო ავტომობილი, ასობით თვითმფრინავი და მილიონობით დღიური მიწოდება ხდება. მისი დასაქმებულთა რიცხვი 500,000-ზე მეტია, ხოლო ბრენდი კვლავ ინარჩუნებს იმ ღირებულებებს, რომლითაც დაიწყო: პატიოსნება, შრომა და მომსახურების სანდოობა.
დასასრული – გზა, რომელიც არასდროს ჩერდება
თუ ჯეიმს ქეისი დღეს იცოცხლებდა და ნახავდა, როგორ ტოვებენ მისი ყავისფერი სატვირთოები მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ამანათებს, ალბათ ბედნიერი იქნებოდა, რადგან ზუსტად ეს იყო მისი ოცნება 1907 წელს: სამყაროს ერთმანეთთან დაახლოება ერთი ამანათით.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.












