განათლება, ეს ის ინდუსტრიაა, რომელსაც დრო ჩამორჩენას არ და ვერ პატიობს. ის ყოველთვის უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე ტენდენციებს, თაობის მოთხოვნებს და ფეხს უწყობდეს მიმდინარე მოვლენებს, რათა მაქსიმალურად იყოს დაკმაყოფილებული განათლების მიღების სურვილის მქონე სეგმენტი.
ქართული სტარტაპი upway ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც სწორედ თანამედროვე განათლებაზეა მორგებული. სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს სივრცეს, სადაც გაერთიანებულია ქვეყანაში არსებული ონლაინ და ოფლაინ კურსების მრავალფეროვანი არჩევანი. ამ სტარტაპის დაარსების იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე გაჩნდა, თუმცა იდეის განხორციელებაზე აქტიურად მუშაობა გუნდმა 2020 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც გაიმარჯვა პროგრამაში “სტარტაპ დეკრეტი”. ამის შემდეგ იყო იმპაქტ ჰაბის აქსელერატორი და GITA-ს პროტოტიპის გრანტი, რამაც სტარტაპს საბოლოოდ ჩაუყარა საფუძველი და მუშაობის უფრო აქტიურ ფაზაზეც გადავიდა.

“იდეა ერთ ჩვეულებრივ საღამოს სამზარეულოში საუბრის დროს გაჩნდა, როცა ზოგადად ვლაპრაკობდით, რომ სამივეს რაღაც ახლის სწავლა გვინდა. აღმოვაჩინეთ რომ კურსის ძიების პროცესი საკმაოდ გრძელი და დამღლელია. იწყებ ახლობლის მოძიებით, რომელმაც შეიძლება იცოდეს ვინმე ან რამე ცენტრი, არკვევ ნომერს, არკვევ ფასს, არ მოგწონს, თავიდან იწყებ პროცესს ამჯერად უკვე პოსტს დებ – შეიძლება გამოჩნდეს კარგი ვარიანტი შეიძლება არა – ამასობაში თუ დიდად არ გჭირდება მსგავსი კურსი შეიძლება სულაც გადაიფიქრო. ეს იყო პირველი მიგნება – შემდეგ სამივემ დავიჯერეთ, რომ ამ იდეაში იყო პოტენციალი, შემდეგ როგორც ხდება დავიწყეთ იდეის ვალიდაცია და საჭიროების გამორკვევა“ , – მარიკა აბულაძე.
“თანამედროვე ადამიანისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია, upway კი მათ შესაძლებლობას აძლევს მაქსიმუმ 5 წუთში შეარჩიონ სასურველი კურსი და შეიძინონ ახალი უნარები, ჰობი ან სულაც აღამოაჩინონ ახალი კარიერული მიმართულება.

ასევე, გაიზარდა თვითგანათლების როლი – upway ამ მიმართულებას გაუწევს პოპულარიზაციას. მომავალში სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორობთან ერთად ვგეგმავთ აქტივობებს და საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ აუდიტორიას. დამატებით, სფეროს ექსპერტების ჩართვა და განვითარების გეგმაში მათი დახმარება ვფიქრობთ კიდევ უფრო პრაქტიკულს და პოპულარულს გახდის მსგავსი ტიპის განათლებას”, – მარიამ ცანავა.
upway იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც სჯერა, რომ თვითგანვითარება არასოდეს მთავრდება. ამ პლატფორმის მეშვეობით, ასეთ ადამიანებს პლატფორმა ონლაინ თუ ოფლაინ კურსებს სთავაზობს 6 ძირითად კატეგორიაში და თვითგანათლების მსურველებს ახალი ცოდნის მიღებასა და უნარების გამომუშავებას უმარტივებს.
“კურსის განთავსების მოთხოვნა upway-ზე ნებისმიერ ტრენერს (კერძო პირს) ან კომპანიას შეუძლია – ჩვენ განვიხილავთ მათ კურსებს, გადავამოწმებთ და განვათვსებთ. კურსების პროვაიდერებისთვის ჩვენ ვიქნებით დამატებითი რესურსი, რომელიც გაუზრდის გაყიდვებს, შეუმცირებს ადმინისტრაციულ რესურსს და გაიყვანს ახალ აუდიტორიაზე”, – მარიშა გოგოლაური.
სტარტაპი მიღწეულით გაჩერებას არ აპირებს და განვითარების ბევრი იდეა აქვს. ახლო მომავალში ახალი ფუნქციონალების დამატებას აპირებს, მაგალითად, კურსის საჩუქრად შეძენას. გარდა ამისა, კიდევ მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქსელერატორში, რომლებიც ტექნოლოგიისა და ბიზნესმოდელის დახვეწაში დაეხმარება. როგორც გუნდში ამბობენ, დიდი სურვილი აქვთ, სერვისი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანონ:
“როგორც, ყველას სტარტაპერს, ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს გავიდეთ ქვეყნის გარეთ და გვჯერა მალე ამის მზაობაც გვექნება”, – მარიშა გოგოლაური.












