in

როგორ გამოვიყენოთ ფრილანსერებმა Upwork-ის პლატფორმა ეფექტურად

დამსაქმებლები აქტიურად შეუდგნენ ფრილანსერების ძიებას ციფრულ სამყაროში

veon
veon

“აფვორქი” არის პლატფორმა, რომელიც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, მოძებნოს ფრილანსერი ერთჯერადი ან ხანგრძლივი პროექტებისთვის.  2020 წლის მონაცემებით, მარკეტინგის ყველა მიმართულება, საკმაოდ მოთხოვნადია (Design, Advertising, Copywriting)მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, დისტანციური მუშაობის ნორმალიზება დიდი სისწრაფით მოხდა. დამსაქმებლები აქტიურად შეუდგნენ ფრილანსერების ძიებას ციფრულ სამყაროში და ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე ცნობილი და დატვირთული პლატფორმა  Upwork გახდა.

თუ ღუნღულა ხალათში გახვეულს გინდოდა შენი გემოვნებით არჩეულ პროექტებზე გემუშავა, სწორედ ახლა არის იდეალური დრო, შეუერთდე “აფვორქს”.

როგორ გავხდეთ “აფვორქელი”? 

გაიარეთ რეგისტრაცია

ხშირად ძალიან დამღლელ პროცესს წარმოადგენს სხვადასხვა პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლა, “აფორქის” შემთხვევაში კი რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ თქვენი ელექტრონული ფოსტა.

პირველი ეტაპი

ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რომელ სფეროში აპირებთ მუშაობას. პირველი შეცდომა, რომელსაც ფრილანსერები უშვებენ, სწორედ ეს არის – “მე ვარ გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ასევე დაკავებულია ვებ დეველოპმენტით და ვარ შეუდარებელი პროექტის მენეჯერი”… ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან უნარს ფლობდეთ, მაგრამ აფვორქზე, დამსაქმებელი ეძებს ვიწრო სპეციალობის პროფესიონალს, მათ ურჩევნიათ იცოდეთ გრაფიკული დიზაინი მაღალ დონეზე, ვიდრე “ცოტ-ცოტა ყველაფერი”.

ამიტომ, უნარების არჩევისას, დარწმუნდით, რომ ყველაფერს, რასაც წერთ, მართლაც მაღალ დონეზე ფლობთ. გახსოვდეთ, რეგისტრაციის დროს საქმეს მიუდექით ისე, როგორც სპეციალობის არჩევის დროს – დაფიქრდით, რამდენად რელევანტურია თქვენი უნარები სამუშაოსთან მიმართებით? (გაითვალისწინეთ, ამ სექციაში სულ 10 უნარის დამატება შეგიძლიათ).

შრომის ფასი

პროფილის გვერდზე ყველა ფრილანსერს უჩანს საათობრივი ანაზღაურების რაოდენობა. თქვენზეა დამოკიდებული, რა თანხას მოითხოვთ, თუმცა რჩევას თუ გაითვალისწინებთ, საწყის ეტაპზე, ვიდრე საკმარის რეპუტაციას არ მოიპოვებთ, უმჯობესია, 15 დოლარზე მეტი არ მოითხოვოთ. მიზეზი კი საკმაოდ მარტივი და ლოგიკურია – პირველ რიგში, დამსაქმებლისთვის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ფრილანსერი, რომლის კომპეტენციასაც შესაბამისი შეფასება არ ამტკიცებს. ამიტომაც, პირველი შეკვეთის მოპოვება, ცოტა არ იყოს, რთულია.

მეორე მხრივ, როდესაც უკვე რამდენიმე შეფასება და დასრულებული პროექტი გექნებათ, ნელ-ნელა გაზრდით თქვენი მომსახურების ფასს, ვიდრე ადეკვატურ თანხას არ მიაღწევს. რა თქმა უნდა, ფასის ზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი დაბალ ფასს დაბალ ხარისხთან აიგივებს – “თუ ასეთი ძლიერი თანამშრომელია, რატომ ღირს მისი შრომა ასე იაფი?”

პროფილი

პროფილის შევსებისას, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სათაური. ეს არის პირველი ველი, რომელსაც დამკვეთი ხედავს, თქვენს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. სათაურის შევსებისას გაითვალისწინეთ შემდეგი მითითებები:

  • თუ ორი სხვადასხვა პროფესიით აპირებთ მუშაობას, ორივე დაწერეთ “|” ნიშნის დახმარებით.
  • “გრაფიკული დიზაინერის” ნაცვლად, სჯობს “სერთიფიცირებული გრაფიკული დიზაინერი” ან “ლოგოს დიზაინერი” გამოიყენოთ. შეეცადეთ თქვენი პროფესიონალიზმი ან არჩეული ნიშა კარგად ჩანდეს სათაურში.

სათაურის შემდეგ, მოდის ყველასთვის ნაცნობი “ჩემს შესახებ”” ველი. ამ ველის შევსებისას შეეცადეთ თავი აარიდოთ ისეთ აღწერას როგორიც არის: გამარჯობა! მე გიორგი ვარ, 30 წლის და მიყვარს ბურგერები.. ეს ინფორმაცია უბრალოდ არ არის საჭირო. შეეცადეთ აბზაცების გამოყენებით გამოყოთ 3 რამ:

  1. უნარები – თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე და პროგრამები, რომლებსაც მუშაობის პროცესში იყენებთ. ხშირად, დამსაქმებელი სასურველი კანდიდატის არჩევის დროს ეძებს არა, მაგალითად, დიზაინერს, არამედ ილუსტრატორის მცოდე ფრილანსერს.
  2. სამუშაო გამოცდილება – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პროფილში, არის სამუშაო გამოცდილება. შეეცადეთ, მოკლედ ახსნათ რა გევალებოდათ კომპანიაში და რა ისწავლეთ მათთან მუშაობის დროს. რჩევა:: შეეცადეთ პიროვნული მაჩვენებლები გამოხატოთ, ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული, მაგალითად ამ პროფილში წერია, რომ კრაკენში მუშაობისას თანამშრომელმა მაღალ დონეზე შეისწავლა მაგიდის ფეხბურთი (რაც, ძირითად შემთხვევაში, სრულიად შეესაბამება სიმართლეს).
  3. განათლება – საქართველოს შემთხვევაში, შეიძლება არ გქონდეთ მიღებული განათლება “ცნობილი სახელის” მქონე უნივერსიტეტში, მაგრამ შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ, რა ისწავლეთ ამ წლებში, რა კონცენტრაციამ დაგაინტერესათ ყველაზე მეტად.

სპეციალიზაცია

თუ თქვენ ორი პროფესიით აპირებთ “აფვორქის” პლატფორმაზე მუშაობას, მაშინ შეგიძლიათ თქვენზე მორგებული პროფილის გაკეთება, სადაც ერთი იქნება ზოგადი პროფილი, ხოლო მეორე – სხვა სპეციალიზაციის გვერდი.

ამ შემთხვევაში, თვალსაჩინოებისთვის დავამატოთ სოციალური მედია მარკეტინგის პროფილი – ავირჩიოთ ის სერვისები, რომლის გაწევასაც შევძლებთ ამ პროფესიით, ასევე – რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამ სერვისების გაწევისას.

დამსაქმებელი კი შეიძლება იყოს ძალიან მცირე, პატარა სტარტაპი ან გიგანტი ბიზნესის სფეროში, ამიტომ, მონიშნეთ ის ველები, ვისთან მუშაობის გამოცდილებაც გქონიათ. (ყველა ნიშნულის მონიშვნა არ ღირს, შეეცადეთ გულწრფელად შეავსოთ თქვენი გვერდი).

მზაობის ტესტი

პროფილის დასრულების შემდეგ, მუშაობის დაწყებას ნუ იჩქარებთ, ჯერ კიდევ არის რამდენიმე პუნქტი გასავლელი. ერთ-ერთი ასეთი პუნქტი არის “აფვორქის” მზაობის ტესტი. 10 კითხვისგან შემდგარი ზოგადი წესების გადამოწმება, რომელიც მარტივად იგუგლება, მაგრამ მაინც ჯობს ფრთხილად წაიკითხოთ ყველა კითხვა და ლოგიკური მსჯელობით, მარტივად ჩააბარებთ ტესტს.

პ.ს თუ ვერ ჩააბარეთ, განმეორებით ტესტის დაწერა შესაძლებელი მალევე იქნება

პორტფოლიო

პორტფოლიო არის ერთგვარი Case Study – რა გაგიკეთებიათ, ვის გაუწიეთ ეს სერვისი და რა იყო დაკვეთა/შედეგი. კრაკენის პორტფოლიოს პირველი გვერდი ასე გამოიყურება.

ასე გამოიყურება Jim Beam – ის აღწერა.

  1. პრობლემა – რის გამო მოგვმართა მომხმარებელმა?
  2. გადაწყვეტა – რით დავეხმარეთ მას ამ პრობლემის მოგვარებაში?
  3. შედეგი – რა მოვუტანეთ კომპანიას ჩვენი შრომით?

შეთავაზება

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დამკვეთთან კომუნიკაციის დროს არის პირველადი შთაბეჭდილებები. პროფილის შექმნის შემდეგ, ვეძებთ საინტერესო პროექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. დამკვეთს აქვს verified payment method. ბარათი მიბმულია, რაც ასე თუ ისე გიცავთ არაპატიოსანი გადამხდელებისგან
  2. პროექტი დაიდო სულ რამდენიმე საათის წინ მაქსიმუმ, რაც უნდა ადრე ვუპასუხებთ პროექტს, მით უკეთესი.
  3. საქმის შესრულება შეგვიძლია – არასდროს აიღოთ თქვენს თავზე რამე ისეთი, რასაც ვერ შეასრულებთ დროზე და ხარისხიანად.
  4. მანამ მუშაობას დაიწყებთ – აუცილებელია მაილსთოუნი დააფინანსოს დამკვეთმა რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი მომსახურების თანხა მას მოეჭრა, აფვორქი ინახავს და საქმის დასრულების შემდეგ, თქვენი გახდება.

მაგალითისთვის, შემოგთავაზებთ პროექტს, სანთებლის მაღაზიის ლოგოს შესახებ, დამკვეთს ბერლინში, სანთებლის მაღაზიისთვის სურს ლოგო, რომელიც ცეცხლებშია გახვეული.

სავარაუდო შეთავაზების სტილი მოცემულია ფოტოზე

 

  1. დაამყარეთ პერსონალური კავშირი დამკვეთთან, მაგალითად, როგორც ფოტოზე ჩანს, ფრილანსერი წერს, რომ კლიპერების კოლექციას აგროვებს და ორი ცალი ბერლინიდანაც კი აქვს.
  2. მიწერეთ დაახლოებითი დრო, რომელიც მონახაზისთვის დაგჭირდებათ.
  3. მიაბი პორტფოლიოდან საინტერესო ფოტო ან პროექტი, რომელიც დამკვეთისთვის კაი მაგალითი იქნება, რათა ნახოს, რისი გაკეთება შეგიძლია.

დამატებითი რჩევები

მოითხოვეთ ID ვერიფიკაცია. თქვენი პროფილი უფრო სანდო იქნება, “აფვორქიდან “დაგირეკავენ და ვიდეო ზარის საშუალებით გადაამოწმებენ ნამდვილად თქვენ ხართ თუ არა პროფილის მიღმა. ასევე, მუდამ თან გქონდეთ აიდი ბარათი, მონაცემების გადასამოწმებლად.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოითხოვეთ შეფასება და გახსოვდეთ, კარგი შეფასების მისაღებად, აუცილებელია, კლიენტთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა. არ დაასრულოთ პროექტი, ვიდრე დამსაქმებელი კმაყოფილი არ იქნება.

ავტორი: ირინკა გამყრელიძე, კრაკენი

გასულ წელს ევროპამ უფრო მეტი განახლებადი ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე წიაღისეული საწვავი

წამყვანი საერთაშორისო გამოცემა “The Banker” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სტატიას აქვეყნებს