8
Feb
2016

უქმად ჯდომას უქმად შრომა ჯობია? – მედეა ტაბატაძე

8 Feb 2016

ხშირია, როდესაც ვამბობთ, სამუშაოებს შორის ხშირი “სიარული” სარისკოა. ასევე ხშირად ვისმენთ “ძალიან სწრაფად იცვლის სამსახურს, ალბათ არც ჩვენთან გაჩერდება”. სამუშაოების ხშირი ცვლა, ერთის მხრივ კარგია, თუ საინტერესო სამუშაოების ცვლა ხდება და არა “ცუდი” საქმიდან თავის დაღწევის მიზნით სამსახურის შეცვლა.

თუმცა, სწრაფი მოძრაობა მაინც  რისკის მატარებელია სამუშაოს მაძიებლისთვის. ახალი სამსახურის ძიების პროცესში, კითხვაზე – “რატომ იცვლით სამუშაოებს ასე სწრაფად?” აუცილებლად მოგვიწევს დამაჯარებელი პასუხის გაცემა. თუ ვუპასუხებთ, რომ “არცერთი არ იყო ისეთი, რომელიც მაინტერესებდა”, ამასაც მოყვება შემხვედრი კითხვა – “მაშინ რატომ დათანხმდით ისეთ სამსახურს, რომელიც არ მოგწონდათ?”.

first interview_final“კარგი”, ”საინტერესო” სამსახურის მოძებნა არ არის მარტივი, მაგრამ  “გადამრჩენელ” სამსახურებზე დათანხმებას დაფიქრება სჭირდება. “გადამრჩენელია” სამუშაო, რომელსაც დავთანმხდებით იმის გამო, რომ გადასახადების ან სესხის ფული მაინც ვიშოვოთ. სამსახურის გარეშე დარჩენა რომ პრობლემაა,  ვიცით. პრობლემაა, რადგან აღარ გვაქვს შემოსავალი, ვერ დავფარავთ ჩვენს ხარჯებს და სწორედ ეს ხდება საფიქრალი თუ სადარდებელი.  თუმცა, არის მეორე, ჩემი აზრით, უფრო მნიშნველოვანი პრობლემა, რომელიც უფრო რთულია და რომელზეც არ დავფიქრებულვართ. სამსახურის დაკარგვისას თითქოს პროფესიაც დავკარგეთ, ვხდებით “არავინ”- არ ვეკუთვით რომელიმე ჯგუფს და დღის განმავლობაშიც არსად გვაქვს წასასვლელი, ვხდებით გაღიზიანებულები, დისორიენტირებულები. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალის დაკარგვა ფაქტიურად ტრაგედიაა, ჩემი აზრით, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა უფრო მეტად მოქმედებს “გადამრჩენელი” თუ “შუალედური” სამსახურის მოძიების პროცესზე.

ვიდრე სამსახურის ძიების პროცესში სრულად ჩავერთვებით  შემოსავლის ძიების მოტივაციით და  მესიჯით – “ვინმემ რამედ დამასაქმეთ”, მანამდე საკუთარ გამოცდილებას, საკუთარ მოლოდინებსა და გამოცდილებას უნდა გადავავლოთ თვალი. შემდეგ უნდა გავიაზროთ – რა და რომელი სამსახური იქნება ისეთი, რომელიც ჩვენს გამოცდილებასთან ახლოსაა და არ მოგვიწევს მუშაობის დაწყებისთანავე უინტერესო და “გადამრჩენელი” სამსახურიდან თავის დაღწევაზე ფიქრი. მაგალითისთვის, თუ სამსახურს კარგავს ადამიანი, რომელიც 5 წელია მენეჯერად მუშაობს, მისი ძიების პროცესის ძირითადი მიზანი უნდა იყოს  სამუშაო, რომელიც მის ბოლო პოზიციასა და საქმესთან ახლოსაა. მნიშვნელოვანია, ასეთმა მაძიებლმებმა უფრო მეტი ინფორმაცია ახალი დამსაქმებლის, კომპანიის შესახებაც მოიძიონ- “კარგი სამსახური” ხომ მარტო თანამდებობას ან ხელფას არ უკავშირდება?

თუ სამსახურს კარგავს ადამიანი, რომელსაც მცირე, ერთი ან ორწლიანი გამოცდილება აქვს, მან ყოველი ახალი სამსახურის შესაძლებლობა, საქმესთან მიმართებაში უნდა განიხილოს, რადგან ასეთ ადამიანებში სწორედ საქმის კიდევ უფრო შესწავლის, კომპეტენციების განვითარებაა მთავარი.

შემოსავალის დაკარგვა არ უნდა იყოს ერთადერთი მოტივატორი სამსახურის ძიების პროცესში. თუ ჩვენ საკუთარ ნიჭსა და ტალანტს არ ვაღიარებთ და არ დავაფასებთ, ნუ გვექნება მოლოდინი რომ დამქირავებელი სწორად დააფასებს და სწორ თანამდებობას თუ საქმეს შემოგვთავაზებს. ხანდახან “უქმად ჯდომას უქმად შრომა” არ ჯობია..

განხილვა