ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა თავისი ინფრაწითელი მზერა ამჯერად მზისგან მეშვიდე იდუმალი სამყაროსკენ მიაპყრო. სურათზე კი ურანის ფირუზისფერი პლანეტა თავისივე დიდებულებით წარმოაჩინა, იქნება ეს მთვარეები, რგოლები თუ სხვა.
მართალია ყველა პლანეტას აქვს ის, რაც მას განსაკუთრებულად აქცევს, მაგრამ ურანი მათ შორისაც კი გამორჩეულია. რაც უფრო ახლოდან ვაკვირდებით, მით უფრო ლამაზი და უცნაური ხდება. ახლა კი იმ ფერების მიღმაც შეგვიძლია გავიხედოთ, რომლებსაც მხოლოდ ჩვენი თვალები ამჩნევს. დიახ, იგი ღია ცისფერია. ამას გარდა, მეცნიერები ამბობენ, რომ მათ ურანის ყინულოვანი რგოლების გაზომვა და მისი ფიზიკური თვისებების გამოვლენაც შეძლეს.
ურანის დასაკვირვებლად JWST-მ მხოლოდ 12 წუთი გამოჰყო, მაგრამ მაინც შეძლო ჩვენთვის აქამდე უცნობი დეტალების გაზიარება. თუ ფოტოს დააკვირდებით, მალევე შეამჩნევთ მის უჩვეულო ბრუნვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ურანის პოლარული სეზონები სხვა პლანეტებისგან განსხვავებულია — 84-წლიანი ორბიტით პლანეტა ზაფხულში სრულ სინათლეს, ხოლო ზამთარში სრულ სიბნელეს გვთავაზობს.
1986 წელს, როცა Voyager 2 ურანისკენ გაფრინდა, სამხრეთ პოლუსზე ზაფხული იყო, ახლა კი ჩრდილოეთ პოლუსზე გვიანი გაზაფხულია, რაც შეეხება ზაფხულს, მას 2028 წლისთვის ელიან… ეს იმას ნიშნავს, რომ JWST-ს ურანის უნიკალური მახასიათებლის გამოსავლენად იდეალური პირობები ჰქონდა, ანუ იმ პოლარული ნათების, როცა პლანეტა ზაფხულის მზის სრული შუქისკენ ინაცვლებს. რა იწვევს ამ ნათებას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ JWST-ს წყალობით, მალე ესეც შეიძლება გავიგოთ.
სხვა ნათელი სივრცეები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ ღრუბლებია, რომლებიც, თავის მხრივ, ქარიშხლის აქტივობებს უკავშირდება… მართალია, სატურნის რგოლებივით ცნობილი არ არის, მაგრამ ურანს 10-ზე მეტი წრე აკრავს გარს. JWST-მ კი ამჯერად ჩვენთვის ცნობილი 13 წრიდან 11-ის გადაღება მოახერხა. მათ შორისაა 2 მკრთალი, მტვრიანი შიდა რგოლი, რომლებიც იმდენად ბუნდოვანია, რომ Voyager 2-მდე იგი ვერ აღმოაჩინეს. მომავალში კი, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჯეიმს ვები მთავარი ჯგუფის მიღმა არსებულ, 2 გარე მკრთალი წრის აღმოჩენასაც შეძლებს.
როგორც დასაწყისში გითხარით, ტელესკოპმა ურანის მთვარეებიც დააფიქსირა, მართალია 27-ვე არა, მაგრამ ჯეიმს ვების კადრში მათგან საკმაოდ ბევრი მოხვდა. მთვარეების შესწავლით კი, ჩვენ მეტს გავიგებთ იმის შესახებ, თუ რატომ არის ურანი ისეთი, როგორსაც დღეს ვხედავთ…