შეიძლება ამ კითხვაზე სხვადასხვანაირი პასუხი მოისმინოთ, თუმცა ალბათ ერთხელ მაინც ყველას გვიგრძნია თავი არაკომფორტულად და კონკრეტული ადგილიდან დროზე ადრე წასვლა გვდომებია.
როცა საქმე ისეთ დაწესებულებას ეხება, როგორიცაა გამაჯანსაღებელი ცენტრები ან ფიტნესდარბაზები, სადაც ადამიანები კონკრეტული მიზნითა თუ პრობლემით მიდიან, გარემოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
თუ გინდა, რომ პრობლემას კარგად ჩაუღრმავდე, ან საკუთარ თავზე უნდა გქონდეს გამოცდილი ან ეცადო კარგად მოუსმინო მათ, ვისაც რაღაც აწუხებს. პირადად მე, რამდენჯერაც დარბაზში ვარჯიშის დაწყებას დავაპირებდი, მაშინვე ერთი ფრაზა მიტივტივდებოდა თავში: „გავხდები და მერე“, „ცოტა ჩავდგები ფორმაში და მერე“. არადა სპორტდარბაზები სწორედ იმისთვისაა, რომ გაჯანსაღების გარდა, სასურველი მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს. უკვე 5 წელია, რაც ფიტნესდარბაზ „ურბან გარდენში“ ვმუშაობ და ერთ-ერთი მთავარი დადებითი რაც გვაქვს, მეგობრული გარემოა. აქ ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადგილს და ჩვენი მომხმარებლების ინტერესებისა თუ პრობლემების გათვალისწინებას ვცდილობთ, პრობლემების, რომლებიც შესაძლოა ჩვენც გვაწუხებდა ან გვაწუხებს.
ამ პროექტით გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ის მხარე, რომელიც ხშირად ჟურნალის გარეკანს მიღმა რჩება. ჩვენ ხშირად გვაწვდიან სტანდარტებს, რომლებიც თითქოს მიღებულია და ვერც ვამჩნევთ როგორ ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ვცდილობთ მივბაძოთ სხვებს, ვივარჯიშოთ იქამდე, ვიდრე კონკრეტული მოდელის მსგავს შედეგს არ მივაღწევთ და, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენთვის „კომფორტულ წონას“ ან დამაკმაყოფილებელ შედეგს უკვე მივაღწიეთ, არ გვაკმაყოფილებს, მუდმივად ვსტრესავთ საკუთარ სხეულს, ვკარგავთ მოტივაციასა და საკუთარ თავს.
„როდესაც დიდი გოგოები ვამბობთ, რომ სპორტდარბაზების გარემო ხშირ შემთხვევაში ტოქსიკურია, არავინ გვიჯერებს. ჩვენ გვეშინია სპორტდარბაზში შესვლის, რადგან ამ სფერომ შექმნა საკუთარი სახე გამხდარი, “ესთეტიკური” სხეულის იმიჯის ხარჯზე. რადგან ჩვენ არასდროს ვჩანდით რეკლამებში, ბილბორდებზე და ფოტოებზე. ზოგადად, როდესაც ჭარბწონიანი ხარ და იზრდები, ძალიან იშვიათად გხვდებიან შენნაირი ადამიანები ფილმებში, რეკლამებში და ა.შ. მე არასდროს მყოლია ისეთი role-model, ვისაც თავს შევადარებდი ისე, რომ საკუთარ სხეული არ უარმეყო. არადა სპორტდარბაზი ჩვენნაირი ადამიანებისთვის პრიორიტეტულია. თუმცა სისტემამ დაგვანახა ეს სფერო ისე, თითქოს ეს სივრცე მხოლოდ უკვე ნავარჯიშები, ჯანმრთელი ადამიანებისთვის არსებობს.
მაგრამ ახლა, მომეცა საშუალება გავმხდარიყავი სხვა ჩემნაირი გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ის ადამიანი, ვისშიც ისინი საკუთარ თავს დაინახავენ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ნელ-ნელა იწყება გამოღვიძება და ადამიანები იწყებენ იმის გააზრებას, რომ ჩვენ თანასწორი უფლებები გვაქვს. ეს ნელი და ძალიან მტკივნეული პროცესია, თუმცა შედეგს აუცილებლად მოიტანს! არასდროს დაგავიწყდეს, რომ:
შენ იმსახურებ სპორტდარბაზში სიარულს!
შენ იმსახურებ იყო მთავარი პერსონაჟი საკუთარი ცხოვრების!
შენ არ იკავებ ზედმეტ სივრცეს!
შენ არ ხარ არაკომფორტული!
შენ იმსახურებ ბილბორდებს, ბევრ ყურადღებასა და, რაც მთავარია, სიყვარულს
სამყაროსგან! “- მემე მარიამ ჟორდანია.
„ჩემი აზრით, არასოდეს არის გვიანი ცხოვრებისგან ახალი გამოწვევების მიღება, გადახვიდე ცხოვრების სტილის ახალ ეტაპზე, დაიწყო ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, რომლისთვისაც სულაც არ არის აუცილებელი იყო ფორმაში.
პირველ რიგში ვთვლი, რომ აუციელებელია ისეთი გარემოს პოვნა და შექმნა, სადაც თავს კარგად და კომფორტულად იგრძნობთ, იქნებით მეგობრულ გარემოში და გვერდით საუკეთესო ინსტრუქტორი გეყოლებათ. პირადად მე, მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მქონდა უამრავი კომპლექსი წონის, ფიგურების და აღნაგობის, რასაც ახლა დიდ სისულელედ ვთვლი. ჩემი ინსტრუქტორის დახმარებით გადავლახე ეს ბარიერები და დავიბრუნე საკუთარი თავის რწმენა, გავხდი მეტად თავდაჯერებული და მოტივირებული.“ – თამუნა მერებაშვილი.
„ვფიქრობ როგორი გულითაც არ უნდა გვინდოდეს ვარჯიშის დაწყება, გარემო პირობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ მეგობრულ და ჯანსაღ გარემოში მოხვდები. გადაწყვეტილების მიღება და პირველი ნაბიჯის გადაადმაა რთული, არაჯანსაღი ფიქრები, არასრულფასოვნების შეგრძნება, კომპლექსები ქაოტურად ტრიალებს თავში და ხელს გვიშლის დროულად გადაწყვეტილების მიღებაში. ინსტრუქტორი დიდ როლს თამაშობს ჩვენს განვითარებაში, მან უნდა მოგვცეს სწორი მიმართულება, მოტივაცია, დაგვარწმუნოს ჩვენი ნაბიჯის სისწორეში, რომ რეალურად იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
გამიმართლა რომ მოვხვდი „ურბან გარდენში“, აქ ყველა პირობას გვიქმნის, რომ თავი ვიგრძნოთ კომფორტულად.“ – თამო ძაგნიძე.
„სულ ვაპირებდი ვარჯიშს და სულ ვფერხდებოდი, მინდოდა სახლურ გარემოში მევარჯიშა, მაგრამ სახლის სივრცე და სიტუაცია ვარჯიშის საშუალებას არ იძლეოდა, სავარჯიშო დარბაზები კი ძალიან არასახლური იყო. ჰოდა ბოლოს ვიპოვე “ურბან გარდენი”, თან რომ სახლი არ არის და თან რომ სახლია. აქ ისეთი ატმოსფეროა, რომ მე, ადამიანი, რომელიც ძალიან არასპორტული ვიყავი, სრულიად შევიცვალე. ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი სტილი რუტინად მექცა, ამაში კი ურბანის მეგობრული გარემო და ჩემი არაჩვეულებრივი და მოტივატორი მწვრთნელი დამეხმარა.“ – თამთა გიგაური
„დიდი სურვილი მქონდა ორსულობის პერიოდშიც გამეგრძელებინა ვარჯიში და ფიზიკურად აქტიური ვყოფილიყავი. პირადი ექიმის რეკომენდაციით და პროფესიონალი ფიტნესინსტრუქტორის მეთვალყურეობით ორსულობის პერიოდშიც ვაგრძელებ ვარჯიშს და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. გამოგიტყდებით და მეორე ნახევარიც დარბაზში გავიცანი.
მითები და რჩევები თითქოს ორსულობის დროს ქალებისთვის ფიზიკური აქტიურობა არ შეიძლება მგონი უკვე მოძველებულია. ყველა ორსულს ვურჩევ, ორსულობის დროს არ მოდუნდეს, პირიქით, უფრო აქტიურები და ენერგიულები იყვნენ. თუ დარბაზში სიარულს და ვარჯიშს გადაწყვეტენ, აუცილებლად გაითვალისწინონ ექიმისა და პროფესიონალი ფიტნესინსტრუქტორის რეკომენდაციები.“ – ნანუკა კეზევაძე
სტატიის ავტორი: ანა ზერაგია – ურბან გარდენის სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ფოტოგრაფი: ნატატო ასანიძე
[პარტნიორის კონტენტი]