„ჩვენ, ორმა გოგომ ავაშენეთ 30 კვ.მ სათბური თბილისთან ახლოს, რომლისთვისაც დავამზადებინეთ სტელაჟები და დავიწყეთ მიკრომწვანილის მოყვანა ვერტიკალური პრინციპით, რამაც საშუალება მოგვცა, მცირე ფართზე მეტი მოსავალი მიგვეღო. ექსპერიმენტის პროცესში საერთოდ არავინ ჩავრთეთ, თვითონ ვსწავლობდით, ვიკვლევდით, ექსპერტებს ვწერდით საზღვარგარეთ და რჩევებს ვიღებდით“, – ტუსა ღარიბაშვილი URBAN GREENS – მიკრომწვანილის მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელი და იდეის ავტორია, რომელმაც მეგობარ ქეთა ბეჟიტაშვილთან ერთად, ბაზარზე კულინარიისა და კვების კულტურის ახლებური ხედვა შემოგვთავაზა. კომპანიის ერთ-ერთი პრინციპი არის, რომ კადრები დაკომპლექტებული იყოს მხოლოდ მდედრობითი სქესით. მარკეტერის კითხვებს კომპანიის შექმნის იდეაზე, ორიენტაციაზე, სამუშაო გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებულ პრინციპებსა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო არხებზე ტუსა ღარიბაშვილმა უპასუხა.
M: რა ეტაპები გაიარეთ იდეის ფორმირების პროცესში და რა გამოცდილებით დაიწყეთ კომპანიის ჩამოყალიბება?
Urban Greens-ის იდეა 2 წლის წინ გამიჩნდა, მაგ დროს ჩართული ვიყავი კულინარიულ საკითხებში, ბევრი შეფმზარეული არის ჩემი მეგობარი და ისინი გახდნენ ჩემი შთაგონების წყაროები, რომ ამ პროექტზე დამეწყო მუშაობა. იდეის დამუშავების პროცესში, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც დღეს არის URBAN GREENS-ის თანადამფუძნებელი, ქეთა ბეჟიტაშვილი, ხელი შემიწყო, რომ იდეა რეალობად გვექცია, მასაც არ ჰქონდა გამოცდილება ამ სფეროში, მაგრამ სურვილი და მოტივაცია დიდი იყო.M: როგორ განსაზღვრეთ კადრების შერჩევის პრინციპი?
ფემინისტური მოტივების გარეშე, უბრალოდ, დეკორატიული ყვავილები და მიკრომწვანილები ესთეტიკურად იმდენად მიმზიდველი და ფაფუკი მგონია, რომ ლამაზი გოგოებით დაკომპლექტებული გუნდი მოუხდება მაგ საქმეს. დღეს გუნდში ვართ უკვე 4-ნი, ყველამ ვიცით ჩვენი მოვალეობები და ვზრუნავთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოხდეს ჩვენი პროდუქტის მოცულობის გაზრდა და დისტრიბუცია.
M: 4 თვის განმავლობაში, მომხმარებელთან კომუნიკაციის რა გზები აირჩიეთ და რა სამომავლო გამოწვევების წინაშე დგახართ?
ტექნოლოგიებში სანამ ბოლომდე არ გავერკვიეთ, ბაზარზე გამოსვლა არ გვინდოდა. დღეს შევძელით და ჩვენი სახსრებითა და ძალისხმევით, სათბური 150 კვ.მ-დე გავზარდეთ, შევქმენით ჩვენი ბრენდი და მოვახერხეთ კომუნიკაცია ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებთან მადლობა ამისთვის LIVE Branding-ს. შევძელით ერთ-ერთი წამყვან კომპანიასთან უცხოეთში მიკრომწვანილისა და დეკორატიული ყვავილების ექსკლუზიური შემომტანები გავმხდარიყავით და შესაბამისად, ისეთი ჯიშების შეთავაზებას მოვახერხებთ, რომელიც ჯერ საქართველოში არავის უნახავს. სამომავლოდ, დაგეგმილი გვაქვს „შოუ რუმის“ გახსნა, სადაც ჩვენი პროდუქტის დაგემოვნებას მომხმარებელი შეძლებს ქოთნიდან.სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-მა ბრენდის პლატფორმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, სავაჭრო ნიშანი, კორპორატიული სტილი და სლოგანი – „გაამდიდრე!“ შექმნა, სამუშაო პროცესის დეტალებზე კი LIVE Branding-ის აღმასრულებელ დირექტორსა და უფროს ბრენდ კონსულტანტს – შოთა ჩინჩალაძეს ვესაუბრეთ:
M: რა იყო თქვენი მარკეტინგული ამოცანა და რა გადაწყვეტა მოუძებნეთ?
შოთა ჩინჩალაძე: უნდა შეგვექმნა ბრენდი, რომელსაც გარდა საკუთარი ბიზნესის განვითარებისა, ზოგადად, მიკრომწვანილის სარგებლიანობაზე, მის პოპულარიზაციაზე მოუწევდა ზრუნვა, შესაბამისად, შეიქმნა ცოცხალი ბრენდი, რომელიც მდიდარი გემოს კულტურაზე დგას. იქიდან გამომდინარე, რომ მიკრომწვანილი საკვებს მრავალმხრივ ამდიდრებს (ვიზუალურად, ვიტამინებით, სიჯანსაღით, გემოვნური თვისებებით) შეიქმნა ძალიან საინტერესო სლოგანი: გაამდიდრე! რაც შემდგომში ვიზუალური სტილის, ე.წ. პატერნის ნაწილადაც ვაქციეთ.ბრენდის ვიზუალურ კონცეფციაზე მუშაობისას, ინსპირაცია ბრენდის შინაარსთან ერთად, რა თქმა უნდა, თავად პროდუქტი იყო. წინასწარ მხოლოდ ვიცოდით, რომ ნიშანსაც და მთლიანად სტილს, ფერისა და ფორმების დახმარებით, ორგანულობისა და „სიქორფავის“ კომუნიკაცია უნდა გაეკეთებინა. მიკრომწვანილი განსაკუთრებულად საინტერესოა ზრდის პროცესში, თითქოს წინასწარ არ იცი, როგორი იქნება, რა ფორმას მიიღებს ღერო.
ტუსა ღარიბაშვილი: სააგენტოსთან თანამშრომლობიდან რაც მინდოდა, ზუსტად ის მივიღე: დამანახეს პროდუქტის სიჯანსაღე, ვიტამინების ტრიუმფი, ესთეტიკა, სიმარტივე, თანმიმდევრულობა და სიყვარული. ბრენდის პლატფორმისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა, ბრენდის შენების მხოლოდ საწყისი, პირველი ნაბიჯია და არსებული ბრენდის პლატფორმით, საკომუნიკაციო სტრატეგიითა და ვიზუალური სტილით, ბრენდი ბაზარზე გააქტიურებისათვის მზადაა.