12
იან
2018

ცემენტისგან დამზადებული სახლის დეკორატიული ნივთები – გურამ მურადოვის Urban Mood

12 იან 2018

Startauperi
Startauperi


გურამ მურადოვი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილი ხელოვნებას მიუძღვნა, ფოტოგრაფია უზომოდ შეიყვარა და ჰობიდან მის ძირითად საქმიანობად აქცია. უყვარს ხატვა, კინო, წიგნები. ცდილობს, მაქსიმალურად ბევრი იმოგზაუროს, რადგან ახალი ადგილების მონახულება მისთვის ძალიან დიდი ინსპირაციაა. ხელოვნებაში განსაკუთრებით უყვარს ხელნაკეთი ნივთები: „მათ სხვანაირი ენერგეტიკა აქვთ. ნებისმიერი ხელნაკეთი ნივთი უნიკალურია და ზუსტად ეს ხდის მას ასეთ საინტერესოს“, ამიტომაც, შექმნა Urban Mood – ცემენტისგან შექმნილი სახლის დეკორატიული ხელნაკეთი ნივთები. რომელი ქალაქი გახდა, ამჯერად, ახალი საქმიანობის დაწყებისთვის შთაგონების წყარო? როგორ მიაკვლია ცემენტს, როგორც დეკორატიული ნივთების მასალას? როგორია სტარტაპის კონცეფცია და რას უნდა ელოდონ მომხმარებლები Urban Mood-ისგან? – მარკეტერი გურამ მურადოვს ესაუბრა:M: როგორ შეიქმნა Urban Mood? და როგორ შეხვდა ბაზარი ამგვარ სიახლეს?
თავისუფალ დროს ან უძილობისას, ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ. ვხატავდი მინასა თუ ტილოზე, ვაკეთებდი ჩანახატებს ბლოკნოტებში. ვქსოვდი, ვქარგავდი, ვწერდი… ერთხელაც, სულ შემთხვევით, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოს გადავაწყდი, სადაც ახალგაზრდა ბიჭი და მსოფლიოში ერთ-ერთი განთქმული მოდელი, კოკო როშა, ცემენტისგან ამზადებდნენ სკამს. ძალიან მომეწონა საბოლოო შედეგი, განსაკუთრებით კი ცემენტის ახალმა სახემ მიიზიდა ჩემი ყურადღება.

ამ პერიოდში მქონდა ბარსელონას ქუჩებში ბოდიალის ბედნიერება, რამაც Urban Mood-ის შექმნაში ძალიან დიდი ბიძგი მომცა. არქიტექტურა, ფერები, ვიტრაჟები, სხვადასხვა სამშენებლო მასალისა ან თუნდაც, ნაგვისგან საინტერესო ქანდაკებები და სილუეტები. თბილისში როცა დავბრუნდი, გადავწყვიტე, მეც მეცადა და ცემენტისგან გამეკეთებინა რაიმე. გავაკეთე ჰექსაგონის ფორმის სანათი, რომლის ფოტოც სოციალურ ქსელში საკუთარ პროფილზე გავაზიარე და ბევრი მოწონება დააგროვა ფოტომაც და თვითონ ნაკეთობამ. აქ გაჩნდა იდეა, გამეკეთებინა დეკორატიული ნივთების მაღაზია და გაჩნდა Urban Mood. ვერ ვიტყვი იმას, რომ ველოსიპედი გამოვიგონე, მაგრამ ქართული ბაზრისთვის ცემენტის დეკორატიული ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურობაში გამოვიყენებდით, სიახლეა. 

M: რა კონცეფცია აქვს ბრენდს? და ლოგოტიპით როგორ გამოხატეთ მისი უნიკალურობა?
Urban Mood-ის – „ურბანული განწყობა“ კონცეფცია მარტივია, რასაც სლოგანი პირდაპირ ამბობს “Live with what you love“ – „იცხოვრე იმასთან, რაც გიყვარს“ – შევქმნათ პატარა და მნიშვნელოვანი ნივთები, რომლებიც ერთი „წკაპით“ გაანათებენ ოთახს და გახდიან მას უფრო მყუდროს. ლოგოში გამოყენებულია ხაზები, რომლებიც ქმნიან გეომეტრიულ ფიგურებს. თუ დააკვირდებით, Urban Mood-ის პროდუქციას, ის გამოირჩევა სუფთა ხაზებით, რომლებიც ყველა მხრიდან სხვადასხვანაირად ჩანს. ლოგოც ამ პრინციპითაა შექმნილი, თუ შევატრიალებთ მას, სულ სხვა ფიგურას დავინახავთ.

M: რას სთავაზობთ მომხმარებლებს? და ვინ ქმნის Urban Mood-ის პროდუქციას?
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სანათებისა და ფერების დიდ არჩევანს, საყვავილე ქოთნებს, ლარნაკებს. ჩვენი მაცივრის მაგნიტებიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯერჯერობით, პროდუქციას მხოლოდ მე ვქმნი. საახალწლო კოლექციისთვის დედაჩემიც მეხმარებოდა, რადგან კერვასთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს.

M: რას შეადგენს Urban Mood-ის ღირებულება?
Urban Mood-ის მიზანია, იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სიახლე და კომფორტი უყვარს. საფასო პოლიტიკაც შესაბამისი გვაქვს. სამწუხაროდ, ხშირად ამბობენ, რომ ქართული ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები უნდა იყოს იაფი. ბევრი კამათიც მომსვლია ამ თემაზე, მაგრამ ამ მოსაზრებაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: ადამიანის ხელით შრომა იმაზე ძვირია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნივთის თვითღირებულება – იქნება ეს ნივთი დამზადებული ხისგან, კერამიკისა თუ ცემენტისგან.

M: როგორია Urban Mood-თან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და პერსპექტივები?
ამ ეტაპზე მაღაზია ონლაინ რეჟიმში მუშაობს. მომხმარებელთან კომუნიკაცია სოციალური ქსელებით, Facebook-თა და Instagram-ით ხდება. სამომავლოდ, ვაპირებ, პატარა ე.წ. შოუ-რუმის გახსნას, სადაც Urban Mood-ის მომხმარებელი თავად შეძლებს მოსვლას, სასურველი ნივთის შეძენასა თუ უბრალოდ, დათვალიერებას. შოუ-რუმიც აუცილებლად ისეთივე არაორდინალური უნდა იყოს, როგორც თავად ჩვენი დეკორატიული ნივთები. კონცეფციაზე უკვე ვმუშაობ და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე Urban Mood-ი ახალი სახით წარდგება მომხმარებლის წინაშე.

განხილვა