in

როგორ მოქმედებს „ურბანული ჯუნგლების“ ვირტუალური გამწვანება ჩვენზე? — კვლევა

ხშირად ვამბობთ, რომ განსატვირთად ბუნებაში გასვლა გვჭირდება. ქალაქის დატვირთული, ხმაურიანი და ქაოტური გარემო ძალიან გვღლის ხოლმე, რაც ჩვენს განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. ბუნებაში გაქცევა კი, თითქოს, ჯადოსნურად აწესრიგებს ყველაფერს.

M2
M2

როგორც ჩანს, ამ ფსიქოლოგიურმა სარგებელმა ახალ კვლევას შეუწყო ხელი, რომელშიც მეცნიერებმა ვირტუალური რეალობა გამოიყენეს, მცენარეების „ნაცრისფერ, ურბანულ ჯოჯოხეთში“ განსათავსებლად. ამ ხერხს იმის დასადგენად მიმართეს, რეალურად აუმჯობესებს თუ არა ვირტუალური მწვანე გარემო მონაწილეთა მენტალურ ჯანმრთელობას. კვლევის შედეგები ჟურნალ Frontiers-ში გამოაქვეყნეს.

როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ადამიანები ფიზიოლოგიურად უკეთ ადაპტირებულნი არიან ბუნებასთან, ვიდრე ურბანულ გარემოსთან. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შესაძლებელი ბუნებრივი მცენარეულობის ხელოვნურ გარემოში განთავსება. ამას კონკრეტული ქალაქის დაგეგმარება და არქიტექტურული გადაწყვეტაც განაპირობებს…

მართალია, დაბრკოლებებმა, როგორიცაა ურბანული დაგეგმარება და რესურსების ნაკლებობა, შეიძლება შეაფერხოს ქალაქებში მწვანე სივრცეების მოწყობა, მაგრამ გამოსავალი აქაც მოიძებნა. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ მწვანე ფერის ლაქების გამოყენებაც კი ბუნებრივი ჰაბიტატების ასოციაციას იწვევს, რაც დაახლოებით ბუნების მსგავსად მოქმედებს ჩვენზე.

გუნდის მიერ შექმნილი გარემოს ყალბი სურათები აჩვენებს ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ხიდები და ესტაკადები, სადაც დამატებულია სხვადასხვა რაოდენობის ხეები და ფოთლები. შესაბამისად, ისინი იმის განცდას იწვევს, რომ რეალურად არა თუ ე. წ. „ურბანულ ჯუნგლებში“, არამედ ბუნების წიაღში იმყოფებით.

ამასთან, HTC Vive VR სათვალეების გამოყენებით, ჯგუფმა დაადგინა, რომ მონაწილეები მწვანე გარემოში უფრო ნელა დადიოდნენ და გულისცემაც გაცილებით გაუუმჯობესდათ. ამრიგად, შესაძლოა, ფერები ძლიერი მექანიზმი იყოს ნაცრისფერ ქალაქებში სიფხიზლისა და სიამოვნების გამოსაწვევად.

IAFC მოდის ინდუსტრიაში ცხოველთა ბეწვის შესამცირებლად მეტავერსს მიმართავს

მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება