ჯერ ერთი წელიც არ გასულა ChatGPT-ის გამოშვებიდან და იგი თითქმის უკვე ყველგან გვხვდება… ამჯერად კი Urtopia მას ელექტრონული ველოსიპედის თანაპილოტად წარმოგვიდგენს. თუმცა არც ეს ელექტრონული ველოსიპედი გეგონოთ ჩვეულებრივი, ბორბლებიან კომპიუტერს ეძახიან და ინტეგრირებული მიკროფონების წყალობით, მფლობელებს მასთან საუბრის საშუალებას აძლევს.
რეალურად, ხმოვანი ინტერაქციები დინამიკის რეგულირების, ველოსიპედის დაცვისა და სხვა მსგავსი საკითხებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ურტოპიას ახლა ChatGPT „მოგზაურობაში მიჰყავს“.
„როგორც ხმის ამოცნობის ფუნქციის მქონე პირველი ელექტრონული ველოსიპედი, Urtopia-ს ChatGPT-სთან ინტერაქცია შეუძლია, რაც ველოსიპედის ნამდვილად დადებით გამოცდილებას ქმნის. ინოვაციური ინტეგრაცია საშუალებას აძლევს, იყოს აზრების მქონე ველოსიპედი, რაც მას დანარჩენებისგანაც განასხვავებს“, — აცხადებენ კომპანიაში.

ეს ამბავი Urtopia-მ Eurobike-ზე გააჟღერა და დამსწრეებს AIoT ტექნოლოგიის დეტალები გააცნო, რომელიც მალე მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ChatGPT ელექტრო ველოსიპედზე? Carbon One და Chord მოდელებს GPS ნავიგაცია და მობილურთან კავშირი უკვე აქვს, აქ კი ჩეტბოტი მარშრუტების პოვნაში დაგეხმარებათ ან შემოგთავაზებთ, რომელ ადგილებს ესტუმროთ.
მეტიც, ჩაშენებული Bluetooth დინამიკი ფლეილისტებს, საინტერესო ადგილების ისტორიებს ან ამინდის განახლებებს გაგიზიარებთ. ხოლო თუ სეირნობისას უცბად კითხვა გაგიჩნდებათ, წამებში ელექტრო ველოსიპედის ჩატს შეგიძლიათ მიმართოთ და სახელურზე არსებული ღილაკით გაააქტიუროთ. დიახ, გამოდის, რომ ChatGPT ყოველთვის არ გვისმენს და ეს ნამდვილად კარგი რამეა.













