2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს რამდენიმე ქალაქში და ყველაზე მასშტაბურად თბილისში, საპროტესტო აქციები არ წყდება. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი გახდა გამოსვლები 28 ნოემბრიდან, როდესაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ გაკეთდა განცხადება.
მშვიდობიანი მონაწილეების საპასუხოდ, აქციების დაშლის ღონისძიებები მიმდინარეობს, რაც ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს და მოუმზადებელი არ მოხვდეს მოვლენების ეპიცენტრში. ეს მათივე უსაფრთხოებისთვისაა, რათა არ დაიზიანონ ჯანმრთელობა.
ამ სტატიაში გაეცნობით, რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი და სხვების უსაფრთხოების დაცვაში. ამ რჩევებს თავად გამოცდილი მომიტინგეები და მრავალგზის დარბევაში მოყოლილი ადამიანები გვიზიარებენ. გარდა ამისა, ვიშველიებთ უცხოურ წყაროებსაც. ვინაიდან ბევრი რეკომენდაცია არსებობს, გადავწყვიტეთ, ისინი თემატურად დავყოთ.
სახლიდანვე მომზადებული გადი…
სანამ აქციაზე წახვალ და დადგები, შეარჩიე კომფორტული ტანსაცმელი. ეს ის ადგილია, სადაც მნიშვნელოვანია, რამდენად პრაქტიკულად გაცვია და არა რამდენად ლამაზად გამოიყურები. აუცილებელია ისეთი ფეხსაცმელი, რომელშიც გადაადგილება და, საჭიროებისამებრ, სირბილი არ გაგიჭირდება, არ გიჭერს და არ გძვრება.
ასევე, ჩაიცვი მოსახერხებელი ტანსაცმელი. გაითვალისწინე, რომ დეკემბერი დაიწყო და ცივა, ამიტომ ეცადე, თბილად იყო, თუმცა კომფორტულად. ძალიან ბევრ ტანსაცმელში მოძრაობა გაგიჭირდება, ჯობს, ცოტა, მაგრამ კარგად დათბილული გეცვას.
მოერიდე გრძელი ჩანთების, სამკაულებისა და კაპიუშონიანი ტანსაცმლის ჩაცმას, რადგან შეიძლება მარტივად ჩაგავლონ ხელი და გაგათრიონ. თუ გაქვს საშუალება, ზურგჩანთაში გამოსაცვლელი ტანსაცმელი და პირსახოცი ჩაიდე, რადგან წყლის ჭავლით დასველების დროს გამშრალებისა და გამოცვლის შესაძლებლობა გქონდეს.
კარგი იქნება, თუ ცეცხლგამძლე ხელთათმანს იქონიებ, ისეთს, კომფორტულად რომ გქონდეს ხელზე და არ გძვრებოდეს. თუ შემთხვევით გაზის კაფსულას შეეხე, დამწვრობისგან დაგიცავს.
თან წაიყოლე: პირბადე, რესპირატორული ნიღაბი ან, საუკეთესო შემთხვევაში, აირწინაღი. მათ გარეშე მხუთავი აირის გაშვებისას სასუნთქი გზები დაგიზიანდება, შეიძლება სუნთქვა ვეღარ შეძლო ან განვითარდეს ალერგიული რეაქცია. თუ ალერგიული ხარ, თან იქონიე ანტიჰისტამინი.
თვალების წვისთვის უებარი და გამოცდილი საშუალებაა ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც მომენტალურად ხსნის წვას და გამორეცხვის უნარით, თვალებს იცავს დაზიანებისაგან. თვალებთან დაკავშირებით დამცავი სათვალეც გაითვალისწინე. როგორც მინიმუმ, ცურვის სათვალე ბევრს გვაქვს ოჯახში, ისიც გამოგადგება თვალის დაზიანების პრევენციისთვის.
არ გაიშალო თმა, შეიკარი, რათა არსად წამოგედოს ან ხელი არ ჩაგავლონ. სასურველია, თავზე ჩაფხუტიც გეხუროს, მაგრამ თუ ის ვერ იშოვე, უბრალოდ ქუდით ან კეპით მაინც დაიფარე თავი.
რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, სახლიდან გადი ბოლომდე დატენილი ტელეფონით და თუ გაქვს, წაიღე power bank-იც. სმარტფონზე აუცილებლად იქონიე მობილური ინტერნეტი, რათა არ გაწყვიტო კავშირი ახლობლებთან.
რა უნდა ქნა აქციაზე
პირველი, რაც აქ უნდა გაითვალისწინო, არის ერთად დგომა სხვა მონაწილეებთან ერთად. იცოდე, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები, რომლებიც აქციას არბევენ, მარტო მდგომ ადამიანებს უფრო ადვილად იხელთებენ და მათზე გადააქვთ აქცენტი, ვიდრე ერთად მყოფ დიდი რაოდენობის ხალხზე.
თუკი ატყობ, რომ დარბევის დროს დაიწყო პანიკა და არსებობს ჭყლეტის საშიშროება, უნდა ეცადო, სხვებსაც მიაწვდინო ხმა და დააორგანიზო მშვიდად გასვლა ადგილიდან.
თუკი ხედავ, რომ აქციაზე დგანან ადამიანები, რომლებიც შენზე უკეთ არიან აღჭურვილნი და მომზადებულნი, ნუ შეუშლი მათ ხელს, რადგან შეიძლება თავადაც დაზიანდე და ისინიც დააზიანო.
თუ აქციაზე ახლობლებთან ერთად ხარ და რაღაც მომენტში ჯგუფი დაიშალა, წინასწარ გქონდეთ ერთმანეთთან შეთანხმებული, სად უნდა მიხვიდეთ და დაელოდოთ ერთმანეთს, რომ ბოლომდე არ დაიფანტოთ.
ასევე, იცოდე შენი უფლებები, თუ ძალოვნებს ხელში ჩაუვარდი, მოითხოვე, აგიხსნან, რის საფუძველზე გაკავებენ. თუ ფიზიკურად დაზიანდი, გაქვს უფლება, მოითხოვო სასწრაფო დახმარება. შენი კიდევ ერთი უფლებაა, მოითხოვო ადვოკატთან და ოჯახის წევრთან დარეკვა.
ეს ის ზოგადი რეკომენდაციებია, რომლებიც დაგეხმარება უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ეცადე, ყველა მათგანი გაითვალისწინო და სხვასაც ურჩიო, იგივე გააკეთოს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი