in

ქამარი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა – მანქანის უსაფრთხოების ღვედი

წარმოიდგენთ ავტომობილს უსაფრთხოების ღვედის გარეშე? ალბათ ვერა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში გვახსოვს პერიოდი, როცა ღვედის გაკეთება სავალდებულო არ იყო, მანქანას ის ყოველთვის მოჰყვებოდა, როგორც საჭირო ატრიბუტი. დღეს წარმოებული ავტომობილი ღვედის გარეშე შეიძლება ექსპლუატაციაში ვერც შევიდეს, თუმცა ისევე, როგორც ყველაფერს დედამიწაზე, უსაფრთხოების ღვედის ისტორიაც სადღაც დაიწყო. ამ სტატიაში სწორედ ამ ისტორიას გადავხედავთ.

პირველი ღვედები

სულ პირველად უსაფრთხოების ღვედი ინგლისელმა ჯორჯ კეილიმ გამოიგონა, თუმცა ის არ იყო განკუთვნილი მანქანისთვის, არამედ მფრინავებისთვის. ეს მოხდა 1800 წელს.

პირველი, ოფიციალურად დაპატენტებული ღვედი ავტომობილისთვის ამერიკელმა ედვარდ ჯ. კლაგჰორნმა შექმნა 1885 წლის 10 თებერვალს, რათა ტურისტები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ ნიუ-იორკის ტაქსებში. დროთა განმავლობაში უსაფრთხოების ღვედი ნელ-ნელა ჩნდება მანქანებში, რათა დაეხმაროს მგზავრებსა და მძღოლებს მანქანის სავარძლებში მოთავსებაში, თუმცა იმ დროს ნაკლებად ღელავდნენ იყო მგზავრის ზოგად უსაფრთხოებაზე. 

მწარმოებლები ხვდებიან, რომ ამის გარეშე მგზავრობა საშიშია

1930-იანი წლების შუა ხანებში ამერიკელმა ექიმმა დაიწყო ღვედის ტესტირება და დაინახა მისი დაცვითი მექანიზმის შედეგი, რის შემდეგაც დაიწყო ამ ღვედის მიწოდება მანქანის მწარმოებლებისთვის. 

1954 წელს, ამერიკის სპორტული ავტომობილების კლუბმა კონკურენტ მძღოლებს მოსთხოვა ღვედის ტარება შეჯიბრების დროს, ხოლო მომდევნო წელს ავტომობილების ინჟინრების საზოგადოებამ (SAE) დანიშნა საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ღვედის კომიტეტი. შედეგად, სარბოლო მანქანების მძღოლები იყვნენ პირველები, ვინც რეალურად გამოიყენეს უსაფრთხოების ღვედები, რათა დაეცვათ თავი სერიოზული შიდა დაზიანებებისგან.

1958 წელს უსაფრთხოების ღვედების მიმართულებით ნამდვილი გარღვევა მოხდა. შვედმა ინჟინერმა ნილს ბოჰლინმა გამოიგონა სამპუნქტიანი ღვედი, როცა მანამდე მხოლოდ ორპუნქტიან ღვედებს იცნობდნენ. 

Volvo პირველ ნაბიჯს დგამს უსაფრთხოებაზე ზრუნვაში

იმავე, 1958 წელს Volvo-მ დააპროექტა უსაფრთხოების ღვედების ისეთი ფორმატები, რომლებსაც დღესაც ვიცნობთ. ეს ღვედები საიმედოდ იცავდნენ მძღოლსა და მგზავრს ავარიის შემთხვევაში.

 ღვედი ისე იყო დაპროექტებული, რომ დაეცვა როგორც ადამიანის ზედა ნაწილები, ისე ქვედა. უსაფრთხოების ამ ღვედის დიზაინი იმდენად მოქნილი და მარტივი იყო, რომ სხვა ავტომწარმოებლებმა დაიწყეს მისი სესხება. ეს დიზაინი ვინმე ბოჰლინს ეკუთვნოდა, რომელიც Volvo-მ სპეციალურად დაიქირავა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც ბოჰლინი 2002 წელს გარდაიცვალა, Volvo-მ კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ მისმა ღვედებმა ოთხი ათწლეულის განმავლობაში მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა.

ოფიციალური მოთხოვნა

1966 წლიდან ამერიკულ მანქანებს მოეთხოვებათ უსაფრთხოების ღვედების ქონა მანქანებში. 1970 წელს ავსტრალიაში შეიქმნა ღვედის პირველი კანონი მსოფლიოში, რომელიც მგზავრებს ავალდებულებდა ღვედის ნებისმიერ დროს ტარებას. 

მიუხედავად კანონის შემოღებისა, საკმაოდ დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, რომ მძღოლებსა და მგზავრებს ღვედის ტარება დაესწავლათ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გზით ცდილობდნენ ღვედის საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამას, ერთი მხრივ, არეგულირებდა კანონი, ხოლო მეორე მხრივ, სარეკლამო პლაკატები და რგოლები, რომლებიც მოუწოდებდნენ ადამიანებს, გაეკეთებინათ ღვედი.

ეს იყო უსაფრთხოების ღვედების ისტორიის მოკლე მიმოხილვა. ამ უბრალო ტექნოლოგიამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კიდევ ამაზე მეტს გადაარჩენს, სანამ მანქანები არსებობს. ასე რომ, არასოდეს დაგავიწყდეთ უსაფრთხოების ღვედის ტარება და სხვებიც აიძულეთ, რომ ატარონ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Shelter-ის საშობაო კამპანია უსახლკარო ბავშვების რეალობას ასახავს

რისთვის იყენებს Metro Goldwyn Mayer ხელოვნურ ინტელექტს?