in

„მოქალაქეობანა“ – USAID-ის სამაგიდო თამაში სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებისთვის

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) სამოქალაქო განათლების გაძლიერების კუთხით, მარკეტინგულ და საკომუნიკაციო სააგენტო „უკიოსთან“ ერთად,  წამოიწყო კამპანია – „სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია“ მთავარი გზავნილით #ისწავლერომშეცვალო.

კამპანიის მიზანია კონკრეტული აქტივობების საშუალებით, ხელი შეუწყოს  სწავლა-სწავლების პროცესს გახდეს უფრო სახალისო, ახალგაზრდებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი თემი, გამოხატონ იდეები და ჰქონდეთ მთავრობისგან ღიაობის და ანგარიშვალდებულების მოლოდინი. 

კამპანია რამდენიმე ნაწილს მოიცავს: დემოკრატიის პრინციპების შესახებ ანიმაციური ვიდეორგოლების მომზადებას, სამოქალაქო განათლების აქტუალური საკითხების მიხედვით, სამაგიდო თამაშის შექმნას, მოსწავლეებისათვის სამოქალაქო განათლების თემატიკაზე იდეების კონკურსის ჩატარებას და შთამაგონებელი სტენსილების განთავსებას სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამჯერად, გიამბობთ სამაგიდო თამაშზე, რომელიც სასკოლო განათლების ნაწილად მოიაზრება და ბავშვებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებაზეა მიმართული. თამაშს „მოქალაქეობანა“ უწოდეს, ვინაიდან ის მოზარდების პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ემსახურება. თამაში გათვლილია მე-7-12 კლასის მოსწავლეებისთვის. „მოქალაქეობანა“ 300 ეგზემპლარად დაიბეჭდება და მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებს დაურიგდება. მაინც, რას მოიცავს ის და გრძელვადიან პერსპექტივაში, რას შეცვლის მოზარდების ცნობიერებაში, კომპანია „შმუზის“ გუნდის წევრებმა, ლევან კუხალეიშვილმა და სანდრო ბარამიძემ გვიამბეს, რომლებიც „უკიოსთან“ თანამშრომლობით, თამაშის შექმნაზე მუშაობდნენ.

M: როგორია თამაშის პრინციპი?

გარდა იმისა, რომ ის სამაგიდო თამაშის ფუნქციას ასრულებს – არის გასართობი, ასევე, არის საყრდენი, რაზეც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კონკრეტულ ცოდნას დააშენებს. თამაში არის ბაზისი ემოციური ფონის შესაქმნელად, რომელსაც მასწავლებელი იყენებს, რათა ბავშვებს სამოქალაქო განათლების პრინციპები გაუზიაროს – მაგალითად, დემოკრატიის, ტოლერანტობის, პირადი რესურსების მართვის შესახებ…  თუ რა მიმართულება ან შედეგი ექნება გაკვეთილს,  მეტწილად მასწავლებელზეა დამოკიდებული და საკლასო პროცესის წარმართვის პროცესში მოქნილობის საშუალებას უტოვებს მას.

თავდაპირველი იდეა მოდიოდა იქიდან, რომ მოთამაშე რაც შეიძლება თავისუფალი ყოფილიყო გადაწყვეტილებებში. სწორედ ამიტომ, ბევრი წესი არ გვაქვს. თამაშის პრინციპი მარტივია – მოთამაშეები შოულობენ ფულს, შემდეგ ამ ფულით ყიდულობენ ხმებს,  ხმებს პრეზიდენტის ასარჩევად იყენებენ, პრეზიდენტი კი განსაზღვრავს სერტიფიკატების განაწილებას. სწორედ სერტიფიკატების მიღებაა მიზანი – ისინი განსხვავდებიან ფერებით, ხოლო თითოეულ მოთამაშეს აქვს დავალება – შეძლოს კონკრეტული ტიპის სერტიფიკატების შეგროვება. თამაშის პროცესი მაქსიმალურად თავისუფალია. მოთამაშეებს თითქმის ყველანაირი შეთანხმების საშუალება ეძლევათ.

M: რა უნარების გამომუშავებაში ეხმარება თამაში ბავშვებს?

სამაგიდო თამაში და მისი პრინციპი მოსწავლეებს  ბაზისური უნარების გამომუშავებაში ეხმარება.  წესების გარშემო კონტროლირებადი კონფლიქტის ზონაა. მოთამაშეებს შეიძლება ჰქონდეთ უთანხმოება, თუმცა, რა თქმა უნდა, წესების ფარგლებში. სრულიად ნორმალურია, თუკი ისინი ერთმანეთს არ დაეთანხმებიან ან პოლემიკაში შევლენ. ასევე, შესაძლებელია გამოავლინონ სხვადასხვა თვისება, რომლებთან გამკლავებაც რეალურ სიტუაციაში საკმაოდ რთულია – მაგალითად, პირობის დარღვევა. ბავშვებს კომუნიკაციისა და სოციალური უნარები უვითარდებათ.

თავად თამაში საპირისპირო ემოციის განცდას ეფუძნება. მაგალითად, იმის საილუსტრაციოდ, თუ რა კარგია დემოკრატია, ჩვენ ვაჩვენებთ, რა ცუდია არადემოკრატიული გარემო. ბევრად უფრო მარტივია იგრძნო უთანასწორობა, დაუცველობა, უსამართლობა, თუკი კონკრეტული ძალაუფლება არ გაქვს. სწორედ ამის გამოცდა ეხმარება ბავშვებს დააფასონ თანასწორობა, სამართლიანობა თუ დაცული გარემო.

M: რა იქცა თამაშის შთაგონების წყაროდ?

ჩვენი იდეის შთაგონების საწყისად იქცა რენდი ჯეი პატერსონის წიგნი „როგორ ვიყოთ უბედურები: 40 სტრატეგია, რომელსაც უკვე იყენებთ“. ავტორის მტკიცებით, ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ უნდა იყოს უბედური, ბევრად ადვილად სწავლობს ბედნიერად ყოფნას. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი წერტილი. უარყოფითის შეგრძნება უფრო მარტივია, რის შედეგადაც ბევრად მკაფიოდ აღიქმება დადებითი. ამასთან, გვსურდა ეს პროდუქტი მრავალჯერადი გამოყენების ყოფილიყო. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ თამაშებში ნეგატიური ცნებები ეფექტურად გამოიყენება და უკეთეს სათამაშო გამოცდილებას ქმნის.

M: როგორ წარმოგიდგენიათ მასწავლებლის მხრიდან თამაშის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება?

გაკვეთილი გულისხმობს მასწავლებლის მხრიდან კონკრეტულ მოვლენებზე დაკვირვებას, მაგალითად, რაზე და როგორ თანხმდებიან მოსწავლეები, როგორია შეგრძნება, როცა შეთანხმება ირღვევა, როცა დაუცველი ხარ გარემოებაში. შემდეგ, იწყება მსჯელობა ამ გარემოებაზე და გაკვეთილის მთავარი არსიც აქ იკვეთება – თამაში გვეხმარება ემოციურ დონეზე კონკრეტული საკითხების გაცნობიერებაში, შემდეგ გაკვეთილზე – ცნობიერ დონეზე ვიაზრებთ. თამაშის დროს ვიყენებთ ტერმინებს, სიმბოლოებს და ვიზუალებს სამოქალაქო განათლებიდან. ეს მოსწავლეს საკითხის არაცნობიერ გააზრებაში ეხმარება.

M: რას შეცვლის თქვენ მიერ შექმნილი თამაში?

ჩვენი მოლოდინია, რომ ეს თამაში სემესტრის მანძილზე ორჯერ მაინც გამოიყენონ, შესაბამის გაკვეთილზე, უფრო ხშირად კი – მისი თამაში შესაძლებელია სამოქალაქო განათლების კლუბებში, რომლებსაც არაერთ კერძო სკოლაში ნახავთ. თამაშს დავურთეთ ორი ვერსია – მეორე ვარიანტი ფაზლის ფორმატისაა, იქ იცვლება ერთადერთი რამ – ხმებს ფულით ვეღარ ვყიდულობთ და უბრალოდ, მოთამაშეებს უნდა ვუთხრათ, შეეცადონ, რომ ყველამ მოიგოს. პრინციპი ტრივიალურია და თამაშის წესებიდან გამომდინარე, ყველას მოგებას უზრუნველყოფს. ეს გვაძლევს კონტრასტს, რომ თურმე არანაირი ძალისხმევა არ იყო საჭირო – თურმე, ნეგატიური არადემოკრატიული გარემოს წინაპირობა თავად მონაწილეებიდან გამომდინარე იქმნებოდა და თუკი მონაწილეები ყველას მოგებაზე ორიენტირდებოდნენ, უმარტივესად მიაღწევდნენ ამას. ესაა ფაქტორი, რაც ბავშვების ქცევასა და ემოციურ განცდებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

რედისონ ჰოტელ გრუპმა და ნექსტ გრუპმა თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს

აფანტაზია წარსულისა და მომავლის ვიზუალიზაციას ართულებს — კვლევა