in

მაინც, რატომ არის აუცილებელი საქართველოში ონლაინ მეკობრეობასთან ბრძოლა?

სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ფილმების არალეგალური სტრიმინგი მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ონლაინ მეკობრული ვებგვერდები გაუქმდა და მათ ადგილს ეტაპობრივად იკავებენ ლეგალური ონლაინ კინოთეატრები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკანონმდებლო დონეზეა დარეგულირებული ონლაინ მეკობრეობასთან ბრძოლა, პრაქტიკული ღონისძიებების გატარება სულ ახლახან გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ციფრულ სივრცეში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, კავეას ლეგალური კინოპლატფორმა გამოჩნდა, რომელიც ქართულად დუბლირებულ კინოპროდუქტებთან ერთად, პირველ ქართულ ფილმოთეკასაც აერთიანებს.

მეკობრული ვებგვერდების მომხმარებლების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ჩარევით, ონლაინ მეკობრული პლატფორმების დაბლოკვის გამო. მეორე მხრივ, მეკობრულად მოპოვებული კონტენტის თითქმის შეუზღუდავმა ხელმისაწვდომობამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეაფერხა სხვა მსგავსი ლეგალური კონტენტ-პროვაიდერების განვითარება საქართველოში, როგორიცაა, მაგალითად, Silk TV-ის Amediateka. ონლაინ მეკობრული ვებგვერდების არსებობა მნიშვნელოვნად აზარალებს არამხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ქმნიან კინოპროდუქტებს და ვისი უფლებებიც ირღვევა მეკობრეობით, არამედ მთლიანად ინდუსტრიას, მის სანდოობას საერთაშორისო მასშტაბით. ონლაინ მეკობრეობა ქართული კინემატოგრაფიის განვითარების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეკობრული კონტენტის მაყურებლის კომპიუტერული უსაფრთხოებაც საფრთხეშია. ონლაინ მეკობრეობასთან ეფექტური ბრძოლის პირობებში კი არსებობს მოლოდინი, რომ არაერთი ლეგალური და დაცული პლატფორმა ჩამოყალიბდება. რა პრობლემას ქმნის ონლაინ მეკობრეობა კინოწარმოებისა და მაყურებლისთვის, რა მნიშვნელობა აქვს ლეგალური კინოპლატფორმების არსებობას და როგორ რეგულირდება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ონლაინ მეკობრეობასთან ბრძოლა? ამ საკითხებზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა ფრუიძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი ნათია კაციაშვილი, საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი, „კავეას მარკეტინგის დირექტორი სალომე კუპრაშვილი და POSTRED-ის თანადამფუძნებელი ბესო კაჭარავა გვესაუბრნენ.

M: მოგეხსენებათ, ინტერნეტ სივრცეში კინოპროდუქტებზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვამ უამრავი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც კინოპროდუქტების მწარმოებელმა, გაგვიზიარეთ, რა პრობლემას ქმნის ეს თქვენთვის?

ბესო კაჭარავა: ქვეყანაში არსებული ონლაინ მეკობრეობა, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის ქვეყნის რეპუტაციას და აჩენს უნდობლობას მთლიანად კინოინდუსტრიის მიმართ, რაც პირდაპირპროპორციულად ზიანს აყენებს მასში მომუშავე თითოეულ პროფესიონალს. როდესაც მუშაობ უცხოურ კომპანიებთან, შენი ქვეყნის ცნობადობაც იზრდება, შესაბამისად, საერთაშორისო დამკვეთები ინტერესდებიან, თუ რა სახის მიდგომები არსებობს ონლაინ მეკობრეობის მიმართ კონკრეტულ ქვეყანაში. თუ ისინი აღმოაჩენენ, რომ მსგავსი ქმედება დაშვებულია, რა თქმა უნდა, მათ აღარ მოუნდებათ თანამშრომლობა, რადგან საკუთარი კონტენტის უსაფრთხოებაზე მიიტანენ ეჭვს.

მას შემდეგ, რაც POSTRED-მა დაიწყო ისეთ კომპანიებთან მუშაობა, როგორებიცაა Netflix, HBO, Paramount Pictures და ., საქართველოს მიმართ ინტერესიც გაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს სტუდიას აქვს WarnerMedia Security Content-ისა და Trusted Partners Network-ის სერთიფიკატი, რაც ითვალისწინებს სტუდიაში ფიზიკურ და ციფრულ უსაფრთხოებას, მათ დამატებით გვთხოვეს ანტიმეკობრეობის შესახებ დამტკიცებული დოკუმენტის გაგზავნა, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის მიმართ სანდოობა.

გვერდით რომ გადავდოთ საერთაშორისო დამკვეთები და ადგილობრივ წარმოებაზე ვისაუბროთ, მნიშვნელოვანია, რომ კინოხელოვანებმა თავისი შრომის შედეგად გამოიმუშავონ ფული. დროა, წარსულს ჩაბარდეს ის აზროვნება, რომ ხელოვანი ენთუზიაზმზე უნდა მუშაობდეს და რომ კინოინდუსტრიაში მოღვაწეობა არაა ბიზნესი. საქართველოში გადაღებული ფილმები რომ განთავსდეს ლეგალურ პლატფორმებზე და მაყურებლებმა ფული გადაიხადონ მათ სანახავად, კინომწარმოებლებს, პირველ რიგში, დაუფასდებათ შრომა, ეს კი განავითარებს ზოგადად კინოინდუსტრიას.

M: რატომ არის შეუძლებელი ლეგალური კინოპლატფორმების განვითარება, თუკი პარალელურად, მეკობრული ვებგვერდებიც იარსებებს?

ზურაბ ბეჟაშვილი: მეკობრული ვებგვერდების არსებობა ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნის ლეგალური მოთამაშეებისათვის. ამასთან, შეუძლებელია შეიქმნას ლეგალური პლატფორმები, როდესაც მეკობრეობის დონე 100%-ზე არის ქვეყანაში.

მეკობრეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ინტერნეტ ინდუსტრიის განვითარებასაც ქვეყანაში. რომელმა ქართულმა კონტენტის მწარმოებელმა საიტმა შეიძლება გაუწიოს კონკურენცია მეკობრეს, რომელიც ერთ დღეში იპარავს და ახმოვანებს მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ ფილმებსა და სერიალებს?!

ლეგალური პლატფორმა, მეკობრეებისაგან განსხვავებით, საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს უყოფს ფილმის იმ მწარმოებლებს, ვის ფილმებსაც უყურებენ მისი მომხმარებლები. ის შემოსავალი, რაც უნდა მისულიყო ფილმის მწარმოებლებთან მიდიოდა მეკობრე ვებგვერდების დამფუძნებელთა ჯიბეში და მცირე ნაწილი ისევ ხმარდებოდა მეკობრეობის განვითარებას სადაც დასაქმებული იყო ათობით ადამიანი. ლეგალური პლატფორმა გულისხმობს სექტორში მომუშავე ასობით და ათასობით ადამიანის დასაქმებას. მეკობრეობის დამარცხება გამოიწვევს მეტი ფილმის გადაღებას, სადაც ათასობით კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე სპეციალისტი საქმდება თითოეულ ფილმზე.

გარდა ამისა, მეკობრეობის დამარცხება პირდაპირ გულისხმობს საერთაშორისო გიგანტ სტრიმინგ პლატფორმებზე აქამდე საქართველოზე დადებული ტაბუს მოხსნას და შესაძლებლობას ყველა ფილმისათვის, მოხვდნენ უმსხვილეს სტრიმინგ პლატფორმებზე და მოახდინოს შემოსავლების მაქსიმალური მონეტიზაცია.

M: თქვენი შეფასებით, როგორ გავლენას ახდენს ლეგალური პლატფორმების არარსებობა ქართული კინოინდუსტრიის განვითარებაზე?

ზურაბ ბეჟაშვილი: ლეგალური პლატფორმების არარსებობა პირდაპირ გავლენას ახდენს ფილმის წარუმატებლობაზე. ერთი ფილმის გადაღება მის ქართველ მწარმოებელს, ყველაზე მინიმუმ, მილიონი ლარი უჯდება. თუ ქვეყანაში არ იარსებებს ლეგალური პლატფორმა, სადაც ლეგალურად განთავსდება ფილმი და შედეგად, მისი მწარმოებელი მოახდენს საკუთარი ნაშრომის მონეტიზაციას, წარუმატებლობისათვის განწირული ხდება ეს ფილმი. ამას მინიმუმამდე დაჰყავს სამომავლოდ ახალი პროექტების განხორციელების შანსიც. იმ ქვეყნებში, სადაც მეკობრეობა დამარცხებულია, ერთი წარმატებული ფილმი აფინანსებს მინიმუმ ორ ახალ ფილმს.

მეკობრეობა, ასევე, დიდ გავლენას ახდენს საფესტივალო წარმატებებზე. 100% მეკობრეობის პირობებშიც კი გვქონდა პერიოდული გამონათებები, ხოლო მეკობრეობის დამარცხების შემთხვევაში კი ეს შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მანანა ფრუიძე: საავტორო უფლებების დაცვა და მეკობრეობასთან ბრძოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის, რადგან ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების შემქმნელთა შემოქმედებითობა, უნარები და ნიჭი წარმოადგენს მათ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, კეთილდღეობისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ამ მხრივ, საავტორო უფლებები, როგორც ავტორთა ძალისხმევისა და მათი შემოქმედების დაფასებისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების მექანიზმი, წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს იმისათვის, რომ ავტორმა აქტიურად გააგრძელოს თავის საქმიანობა და კვლავ შექმნას ახალი ნაწარმოებები, ხოლო საზოგადოებამ გააცნობიეროს ამ სფეროს მნიშვნელობა.

M: მეკობრული კონტენტის მაყურებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა მეკობრული ვებგვერდების გაუქმებით. თავად მაყურებელს რა საფრთხეს უქმნის ონლაინ მეკობრეობა?

ზურაბ ბეჟაშვილი: ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, მეკობრეობა ასევე ითვლება ვირუსების გავრცელების მთავარ წყაროდ. ყველა მეკობრე არის კრიმინალი, რომელიც არღვევს უხეშად კანონს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მეკობრული ვებგვერდებიდან ხდება მომხარებელთა კომპიუტერსა და სხვა მოწყობილობებში უმძიმესი ვირუსების გავრცელება, მონაცემების გადაწერა, ფაილების წაშლა, პაროლების მოპარვა, კამერით ფარული მიყურადება, პირადი ცხოვრების ჩაწერა და სხვა მრავალი. ლეგალური პლატფორმა ყოველთვის გულისხმობს დაცულ მომსახურებას და მაღალ ხარისხს, რომლის მოხმარების უპირატესობასაც აუცილებლად გააცნობიერებს მომხარებელი დროთა განმავლობაში.

სალომე კუპრაშვილი: მოსალოდნელი და გასაგებიცაა, რომ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში ნორმალიზებული იყო მეკობრეობა, ცვლილება მარტივი არ არის. ჩვენთან უგულებელყოფილი იყო კინოინდუსდრიის ფუნდამენტური წესები, ინტელექტუალური საკუთრება იქნება, თეატრალური ფანჯარა თუ ორიგინალური კონტენტის განსაზღვრება. ამან ძალიან დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია და წაართვა ქართულ კინოწარმოებასა და მთლიანად შემოქმედიბით ინდუსტრიას წარმატების შესაძლებლობები.

ლეგალური პლატფომის არსებობა აუცილებელი წინაპირობაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. cavea.plus-ის შექმნა ამ პროცესის დაწყებას ნიშნავს მაგალითად, ვმუშაობთ ხელოვნური სუნთქვის ახალ სეზონზე და მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ არაერთ ადგილობრივ მწარმოებელთან. შეუდარებლად გაუმჯობესდა გახმოვანების ხარისხიც, ვინც დრაკონის სახლი ქართულად cavea.plus-ზე ნახა, მათთვის უკვე მკაფიოდ შესამჩვევი იქნებოდა ეს სხვაობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთერთი პირობაცაა, შესაბამისად, ლეგალური ონლაინ კინოთეატრის შექმნა ამ მიმართულებითაც მთელი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

M: მაყურებლების მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს ისიც, რომ მეკობრული ვებგვერდების პარალელურად, ინტერნეტში ფასიანი წვდომითაც არ ექნებათ სასურველი ფილმებისა თუ ტელეშოუების ყურების შესაძლებლობა. როგორ გეგმავთ ამ საკითხის მოგვარებას?

სალომე კუპრაშვილი: ონლაინ კინოთეატრები Netflix, HBO MAX, Disney Plus, Amazon Prime და სხვები ქმნიან ფილმებისა და სერიალების ნაწილს ექსკლუზიურად თავიანთი გამომწერებისთვის, ამას ეძახიან ორიგინალ კონტენტს. მაგალითად, she-Hulk Disney+ის ორიგინალური კონტენტია ეს ნიშნავს, რომ არსად სხვა პლატფორმაზე ის ხელმისაწვდომი არ იქნება. მეკობრეობამ ჩვენთვის ნორმად აქცია, რომ Netflix-ის, HBO Max-ის, Disney+ის, Amazon Prime-ის და სხვა ორიგინალური ფილმები და სერიალები თავს იყრიდა ერთ პლატფორმაზე, მაშინ, როცა ასეთი ლეგალური სერვისი არსად არ არსებობს. cavea.plus-ზე ამ მომენტში ვაერთიანებთ დისნეის, სონის, პარამაუნტის, უნივერსალის, HBO- ლიცენზირებადი კონტენტის საუკეთესო ნაწილს და მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენი კატალოგის ზრდასა და განახლებაზე. ახლახან, კანში გამართულ მსოფლიოში ყველაზე დიდ კონტენტის მარკეტს, Mipcom- სწორედ კატალოგის გასამდიდრებლად და ახალი უფლებების მოსაპოვებლად დავესწარით.

მეორე მხრივ, დღეს საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმების უმეტესობა, ხოლო ისინი, რომლებიც ჯერ ამ ბაზარზე არ შემოსულან ძირითად მიზეზად სწორედ მეკობრეობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს ასახელებდნენ, შესაბამისად, ამ კუთხით ვითარების გაუმჯობესების პარალელურად სულ უფრო მეტი სტრიმინგ სერვისი გახდება ქვეყანაში ხელმისაწვდომი.

M: რატომ იყო მნიშვნელოვანი ონლაინ მეკობრეობასთან საკანონმდებლო დონეზე ბრძოლა?

მანანა ფრუიძე: საავტორო და მომიჯნავე უფლებების სათანადო დონეზე დაცვა წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში გათვალისწინებულ ერთერთ ძირითად კომპონენტს. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შევიდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელთა მომზადება დაკავშირებული იყო საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან და მიზნად ისახავდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, მათ შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანას.

ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დასაცავად, შემუშავდა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უშუალოდ ამ საკითხს დაარეგულირებს და ამ კუთხითაც მოახდენს ჩვენი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.

M: როგორია საერთაშორისო გამოცდილება, რასაც საქართველოში ნერგავთ, ონლაინ მეკობრეობასთან გასამკლავებლად?

ნათია კაციაშვილი: საქპატენტი და USAID ვახორციელებთ ინტერვენციების კომბინაციას, ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის. ზოგადად, აღსრულების მექანიზმების მხრივ, მეკობრეობასთან ბრძოლის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: მოთხოვნის მხარეს – მომხმარებლებთან მიმართებაში განხორციელებული ჩარევა და ჩარევა მიწოდების მხარეს. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლამ აჩვენა მიწოდების მხარის სტრატეგიის ბევრად უფრო მაღალი ეფექტურობა. შესაბამისად, შევიმუშავეთ ქართულ რეალობაზე მორგებული რეკომენდაციების პაკეტი. შედეგად, USAID აქტიურად ეხმარება საქპატენტს შუალედური მომსახურების მიმწოდებლებთან დაკავშირებული აღსრულების ახალი მექანიზმის დანერგვაში, რაც საავტორო უფლებების მფლობელებს მისცემს დამატებით საშუალებას, ეფექტურად დაიცვან საკუთარი ინტერესები და უფლების დარღვევის შემთხვევაში მიიღონ ზიანის ანაზღაურება.

ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ვმუშაობთ ასევე ლეგალური კონტენტის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე საქართველოში, და საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

მანანა ფრუიძე: კანონპროექტით შემოთავაზებული .. შეტყობინებააღების (Notice-and-Takedown) მექანიზმი უკვე მრავალი წელია დანერგილი და აპრობირებულია ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშში. ამასთან, USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული გვყავს ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად,  შეიმუშავებენ გაიდლაინებს, რომლებიც დეტალურად იქნება განხილული და შეთანხმებული შუალედური მომსახურების მიმწოდებლებთან, რათა მათ არ შეექმნათ რაიმე სახის დაბრკოლება აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.

ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის აღნიშნული საკანონმდებლო სიახლეების დანერგვისა და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, საქპატენტი აქტიურად თანამშრომლობს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამებთან, რომელთა მხარდაჭერით მიმდინარებს საჯაროკერძო დიალოგის ღონისძიებათა სერია და ხორციელდება მთელი რიგი ინიციატივები, როგორც პრაქტიკული გაიდლაინების შემუშავების, ისე საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების სახით.

M: რა შედეგს მიაღწიეთ, ამ დროისთვის, საავტორო უფლებების დაცვასთან მიმართებაში?

მანანა ფრუიძე: ცვლილებებზე მუშაობა მოხდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ელექტრონული კომერციის შესახებ საქართველოს კანონპროექტის შესაბამისად, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ეხმიანება და შესაბამისობაში მოდის 2000 წლის 8 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/31/EC დირექტივასთან, ელექტრონული კომერციის შესახებ.

ამის შედეგად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და საქპატენტის ერთობლივი პროექტის EUGIPP-ის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. საკანონმდებლო ცვლილებები გულისხმობს ინტერნეტსივრცეში უფლებების აღსრულების ეფექტური სამოქალაქოსამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რაც უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს მისცემს შესაძლებლობას დროის მოკლე პერიოდში მოახდინონ რეაგირება და თავადვე აღკვეთონ მათი უფლებების დარღვევა ინტერნეტსივრცეში. მეორეს მხრივ, ეს ხელს შეუწყობს შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მკაფიო პირობებისა და მექანიზმების განსაზღვრას, რაც მათ სრულად აარიდებთ სამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკებს. ცვლილებები ასევე, ხელს შეუწყობს ინტერნეტ სივრცეში ლეგალური ბაზრის განვითარებას და ნაწარმოებების ხელმისაწვდომობას.

M: საერთო ჯამში, რას შეცვლის ონლაინ მეკობრეობასთან ბრძოლა ქართველი კინომწარმოებლებისთვის?

ბესო კაჭარავა: ონლაინ მეკობრეობასთან ბრძოლა ერთი შეხედვით ბევრი ადამიანისთვის რთული აღმოჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თუ გვინდა ვიყოთ ევროპული და დასავლური კულტურის ნაწილი, აუცილებელია ვებრძოლოთ ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას, ვისწავლოთ იმ ადამიანების შრომის დაფასება, ვინც ინტელექტუალურ საკუთრებას ქმნის და გადავდგათ ნაბიჯი პროგრესისკენ, რათა განვავითაროთ კინოინდუსტრიის ბიზნესი საქართველოში და შესაძლებლობა მივცეთ მასში მომუშავე პროფესიონალებს მიიღონ კუთვნილი დაფასება.

ზურაბ ბეჟაშვილი: მეკობრეობა არის კინოინდუსტრიის განადგურების პირდაპირი მიზეზი, ხოლო მეკობრეობის დამარცხება, კი ხსნის უდიდეს შესაძლებლობებს კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე ყოველი პირისათვის.

ნათია კაციაშვილი: მეკობრეობასთან ეფექტური ბრძოლის პირობებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და საქართველოს გარემო ინვესტიციებისათვის უფრო მიმზიდველი გახდება. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ კინოინდუსტრიას საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარებაში, როგორც უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი წარმოების, ასევე უცხოელი კინოპროდიუსერების საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით. კვლევები აჩვენებს, რომ სტანდარტული ეკონომიკური ზემოქმედების გარდა, კინოინდუსტრია ხელს უწყობს სხვა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებასაც, რასაც „შემოქმედებითი ინდუსტრიის ტალღის ეფექტს“ უწოდებენ. მეკობრეობასთან ეფექტური ბრძოლა გულისხმობს დადებით გავლენას ისეთ სფეროებზეც, როგორებიცაა: მარკეტინგი, რეკლამა, საგამომცემლო საქმიანობა, საშემსრულებლო ხელოვნება, ციფრული მედია. ეს აისახება ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. შესაბამისად, მეკობრეობის აღმოფხვრისა და კინოინდუსტრიის განვითარების მთლიანი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში კიდევ უფრო დიდი მოცულობისაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია.

 

[R]

„ლოგიკმეტრის” სახალისო მათემატიკა, სწავლისადმი ინოვაციური მიდგომა და გეგმები

Ryan Reynolds+ — Apple-ის კრეატიული შეთავაზება