„სოკოსია“ არის სოციალური საწარმო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ნარჩენისგან ქმნის პლასტმასას ჩამნაცვლებელ შესაფუთ და სხვა მასალებს.
„ჩვენი სტარტაპი არის გამორჩეული და ინოვაციური რადგან, ვიყენებთ სოკოს ვეგეტატიურ სხეულს, მიცელიუმს, რათა შევქმნათ ბიოდეგრადირებადი პროდუქტები. ერთი მხრივ, რესურსად ვიყენებთ ნარჩენს და ამით ვამცირებთ ნეგატიურ გავლენას გარემოზე და მეორე მხრივ, ვამზადებთ ისეთ პროდუქტს, რომელიც ანაცვლებს პლასტმასას“, — ამბობს „სოკოსიას“ თანადამფუძნებელი ანი ჭყოიძე.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, მყარი ნარჩენების მართვის სექტორში ნარჩენების შემცირების მიმართულებით სტარტაპების წახალისებისა და ახალი იდეების მოზიდვის მიზნით, მხარი დაუჭირა იდეათონს თემაზე „დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის“. აღნიშნული კონკურსის მთავარი მიზანი სწორედ პლასტმასისა და სხვა ერთჯერადი გამოყენების ნარჩენების შემცირება და იმ კომპანიის მხარდაჭერა იყო, რომელიც ამ მიმართულებით ინოვაციურ კონცეფციას წარმოადგენდა. სწორედ ქართული სტარტაპი „სოკოსია“ გახდა იდეათონის გამარჯვებული. „პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა ზუსტად ის იდეა, რაც აქამდე მხოლოდ ჩვენს თავში იყო, რეალობად გვექცია და ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, დავამზადოთ და ბაზარზე გავიტანოთ რეალური, ნარჩენებისგან გადამუშავებული პროდუქტი “, — ამბობს ანი.
ანიმ და მისმა გუნდმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისგან მიიღო 20 000 ლარის ოდენობის პრიზი, რომელსაც დაემატა პარტნიორი ორგანიზაციების GITA-ს და UNDP-ის ფულადი ჯილდო, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 60 000 ლარი. აღნიშნული თანხა მთლიანად მოხმარდა იდეის განხორციელებას. სოკოსიას ამჟამად უკვე გააჩნია ყალიბების შესაქმნელად საჭირო ყველა საჭირო ინვენტარი და მასალა, რაც შესაძლებლობას აძლევს სტარტაპს, დაამზადოს შესაფუთი პროდუქტი.
„ახლა, როცა ჩვენთვის აუცილებელი თითქმის ყველა მასალა გვაქვს, გადავდივართ სუბსტრატის სწორი ფორმულის შემუშავების ეტაპზე, უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები, რომლის გაუმჯობესებასაც შემდეგი წლის მანძილზე ვგეგმავთ. თანაც, უკვე ვიწყებთ მუშაობას პოტენციური კლიენტების ნდობის მოპოვებაზე და შეკვეთების მიღებაზე. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ პროგრამა დაგვეხმარა ზუსტად იმ ტიპის ყალიბების დამზადებასა და შეძენაში, რომლებიც საუკეთესოდ იმუშავებს სოკოსიასთვის. მომავალში წარმოგვიდგენია, რომ „სოკოსია იქნება არა მხოლოდ სოციალური საწარმო, არამედ მიცელიუმის ლაბი, სადაც გაერთიანდებიან საერთო ინტერესის მქონე და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ განახორციელონ ინოვაციური იდეები ბიო მასალებზე მუშაობით და საინტერესო მატერიების შექმნით. ამ ყველაფრით, ვფიქრობთ, ერთად შევუწყობთ ხელს ქვეყანაში ნარჩენების და გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირებას,“ — განმარტავს ანი.
[R]