საქართველოში კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარება USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დღეს ქართული ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშნველოვანია, მიიღონ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დაფინანსება, რის უზრუნველსაყოფადაც პროგრამა საინტერესო ინიციატივებს ახორციელებს.
ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ ბიზნესსაკონსულტაციო სერვისების მომწოდებლებთან, რათა მათი მეშვეობით მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესებს, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებზე. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა შემდეგი ტიპის საფინანსო და საინვესტიციო გარიგებებს აფინანსებს:
- წილობრივი მონაწილეობა, მეზანინ დაფინანსება, პირველადი საჯარო შეთავაზება;
- დაფინანსება, რომელიც არ არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ან მიიღება არატრადიციული ფინანსური ინსტიტუტებისგან ან მდგრადი სესხები;
- სავაჭრო და აქტივებზე დაფუძნებული ფინანსური პროდუქტები და ფინანსები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ან ქალი მეწარმეებისათვის;
- სავალო ფასიანი ქაღალდების ემისია ქართული ორგანიზაციებისთვის (წლიური შემოსავალი >60 მლნ ლარზე) თუ აღნიშნული ემისია აკმაყოფილებს ეწ. ESG კრიტერიუმებს;
- დაფინანსება აგრარული და სასაწყობე ხელწერილის დაგირავებით;
- სეკურიტიზაციის გზით მოზიდული ფინანსები (საფინანსო ინსტიტუტებისთვის);
- ვენჩურული და ენჯელინვესტიციები სტარტაპებისთვის;
- გრანტები ბიზნესაქტივობისთვის.
სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა თანამშრომლობს აქსელთან – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელთან. პარტნიორობის ფარგლებში, ქართულმა სტარტაპებმა ინვესტიცია 20-ზე მეტი ანგელოზი ინვესტორით დაკომპლექტებული სინდიკატისგან მოიზიდეს, რაც მათ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.
ერთ-ერთი ასეთი სტარტაპია Helio.AI – რეკრუტინგის სრულიად ინოვაციური სისტემა, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. პროცესის სრული ციკლის ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტით ხდება, რომელიც ორგანიზაციების მიერ შესარჩევი კანდიდატების რეზიუმეებისა და გამოცდილების გაანალიზებაში გამოიყენება.
„ჩვენი მიზანია, შევცვალოთ რეკრუტინგი არა მხოლოდ საქართველოში და რეგიონში, არამედ მსოფლიოში. დიდი რესურსი ეთმობა პროდუქტის კიდევ უფრო განვითარებას და ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან უკუკავშირების მიღებას. უახლოეს პერიოდში უკვე ვგეგმავთ საქართველოს საზღვრებს გარეთ გასვლას და რამდენიმე ბაზრისთვის ჰელიოს პროდუქტის შეთავაზებას”, – აღნიშნავს ნინი მოსიაშვილი, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და მთავარი საოპერაციო ოფიცერი (COO).
მორიგი სტარტაპი, რომელმაც ამ ინიციატივის ფარგლებში ასევე მოიზიდა ინვესტიცია, არის Printomato. Printomato ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ რეკლამას ფოტო ბეჭდვასთან აერთიანებს. პოპულარულ ლოკაციებზე, როგორებიცაა: სასტუმროები, სავარჯიშო დარბაზები, ბარები თუ რესტორნები თქვენ დაგხვდებათ ფოტოჯიხურები, სადაც ფოტოების გადაღებას უფასოდ შეძლებთ.
Printomato მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ დასამახსოვრებელ გამოცდილებას ქმნის, არამედ აძლიერებს ბრენდის ცნობადობას მიზნობრივი კამპანიებისა და რეკლამის საშუალებით, ასევე, პოპულარიზაციას უწევს კონკრეტულ ლოკაციას.
„ჩვენი გუნდის გამოცდილება ფოტობეჭდვის ბიზნესში უკვე 10 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებოდით მსოფლიო ბაზარს – დღეს ფოტობეჭდვა საკმაოდ ტრენდულია, სწორედ ამ ტრენდების საპასუხოდ შევქმენით პრინტომატო”, – აღნიშნავს გაბრიელ მელივა, Printomato-ს თანადამფუძნებელი.
USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამისა და აქსელის თანამშრომლობით, Printomato-მ წარმატებით მოიზიდა ინვესტიცია, რაც სტარტაპს დაეხმარება განავითაროს თავისი ოპერაციები ფოტოჯიხურების ქსელის გაფართოებით, სარეკლამო პლატფორმის გაძლიერებით და მარკეტინგული აქტივობების გაზრდით მეტი ბრენდისა და მომხმარებლის მოსაზიდად. კომპანიამ, მოპოვებული დაფინანსების საშუალებით შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, კერძოდ კი Printomato-ს გუნდს 3 მუდმივი და 2 დროებითი თანამშრომელი დაემატა.
„მიღებული ინვესტიცია უკვე დაგვეხმარა Printomato-ს გაუმჯობესებული დიზაინის შექმნაში, რომელიც უფრო დახვეწილი იქნება და სერტიფიცირებით, შესაბამისობაში მოვა ამერიკისა და ევროპის ბაზრებთან. ახლა უმეტეს დროსა და რესურსებს სარეკლამო პლატფორმის განვითარებასა და პარტნიორების ქსელის გაფართოებას ვახმართ. ჩვენი მიზანია, ავითვისოთ არა მხოლოდ თბილისის ლოკაციები, არამედ გავიდეთ ამერიკის ბაზარზეც. გვჯერა, რომ იქ მასშტაბირება წარმატებას მოგვიტანს”, – აღნიშნავს გაბრიელ მელივა, Printomato-ს თანადამფუძნებელი.
რაც შეეხება medik-ს, ეს არის აპლიკაცია, სადაც მარტივად შეგიძლიათ, დაჯავშნოთ კლინიკებში ვიზიტები და მართოთ ჯავშნები. ასევე, მიიღოთ სამედიცინო ინფორმაცია და შეინახოთ ერთ ციფრულ სივრცეში.
„ჩვენ ვართ პირველი სამედიცინო ჯავშნების სტარტაპი რეგიონში, რომელმაც ინტეგრირება გააკეთა სხვადასხვა კონკურენტი სამედიცინო და სტომატოლოგიური კლინიკების შიდა პროგრამებთან. როგორც ყველა ტექნოლოგირიური კომპანიისთვის, ჩვენთვისაც მთავარი გამოწვევა ინვესტიციის ნაკლებობაა და ჩვენც ფულადი სახსრების მოძიება გვჭირდება, ტელემედიცინისა და ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად“, – აღნიშნა medik-ის დამფუძნებელმა, ლაშა მურჯიკნელმა.
USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს პარტნირობას აქსელთან და სხვა ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებთან, რათა ხელი შეუწყოს ქართულ კომპანიებს, უკეთ დაგეგმონ განვითარების სტრატეგია, დაუკავშირდენ მეტ პოტენციურ ინვესტორს და ჰქონდეთ წვდომა მეტ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებზე.
[პარტნიორის კონტენტი]