in

გააუქმეთ უსარგებლო გამოწერები და დაზოგეთ როგორც ფული, ისე დრო

სტრიმინგის პლატფორმები, ფიტნესაპლიკაციები, ციფრული ხელსაწყოები – ეს ის ყოველდღიური სერვისებია, რომლებსაც ონლაინ ვიღებთ. ხშირ შემთხვევაში ისინი ფასიანია და გამოწერის პრინციპით მუშაობს. შედეგად, შეიძლება ზედმეტად ბევრი ასეთი აპლიკაცია დავაგროვოთ, რომლებსაც ინტენსიურად არც კი ვიყენებთ, თუმცა გამოწერის თანხა მაინც გვეჭრება ანგარიშიდან. 

ამ სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ უმნიშვნელო აპლიკაციებზე უარის თქმაში.

მათემატიკური გამოთვლები

დაითვალე, რამდენი გეხარჯება გამოწერებში ყოველთვე. პირობითად, თუ ხარ „ნეტფლიქსის”, ვარჯიშის აპლიკაციის, Canva-ს პრემიუმვერსიის და სხვა სერვისების გამომწერი, შენი ყოველთვიური ბიუჯეტი შეიძლება ლარში 100-200-ამდეც კი ავიდეს. 

თუ ეს ხარჯები დისკომფორტს გიქმნით, ჩამოწერეთ ისინი ფურცელზე და დაწერეთ, რას გააკეთებდით ამ ფულით. ეს შეიძლება იყოს დასვენება, საჩუქრის ყიდვა საყვარელი ადამიანისთვის, ვალის გადახდა და სხვა. ასე კონკრეტულად ჩამოწერილი სურვილები უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ, ვიდრე აბსტრაქტული აზრი ფულის დაზოგვაზე.

ციფრული გადატვირთვის მინიმუმამდე შემცირება

ზედმეტი გამოწერის გასაუქმებლად კიდევ ერთი მოტივაციაა გადატვირთული ტელეფონი. თითოეულ ასეთ აპლიკაციას, როგორც წესი, მოჰყვება უსასრულო შეტყობინებები როგორც პირდაპირ სმარტფონში, ისე ელფოსტაზე. გამოწერების შემცირება დაგეხმარებათ, გაასუფთაოთ თქვენი მობილური მსგავსი დატვირთვისგან.

დროის დაზოგვა

ნაკლები გამოწერა არა მხოლოდ ნაკლებ ფულს, არამედ დაზოგილ დროსაც ნიშნავს. რაოდენობის შემცირებით, შეგიძლიათ, გაამარტივოთ ცხოვრება, მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია და იყოთ მეტად პროდუქტიული.

იპოვეთ უფასო ან იაფი ალტერნატივები

ზოგჯერ უბრალოდ გვეზარება დროის დათმობა ძებნაზე, ამიტომ რასაც ვნახულობთ, იმ აპლიკაციას ვიწერთ, თუნდაც, ფასიანი იყოს. მაგალითად, თუ გამოიწერთ Creative Cloud-ს, მაგრამ მასში იყენებთ მხოლოდ Photoshop-ს, თქვენ შეიძლება იპოვოთ Affinity Photo, რომელშიც ერთჯერადად იხდით საფასურს და არა ყოველთვიურად. მეტიც, შეგიძლიათ, თავიდან აირჩიოთ უფასო, საცდელი ვერსია და თუ არ მოგეწონებათ, გააუქმოთ გამოწერა.

თუკი 2025 წელს გადაწყვიტეთ, დაზოგოთ თქვენი ბიუჯეტი და მოახმაროთ ის უფრო სასარგებლო საქმეებს, ვიდრე სხვადასხვა აპლიკაციის გამოწერის საფასურია, იმედია, ეს სტატია დაგეხმარებათ გადაწყვეტილების დროულად და მარტივად მიღებაში.

წყლის ბოთლი გლობალური დათბობის წინააღმდეგ — Sprinkle-ის შეფუთვა

„თავი დაანებე თავის დანებებას“ – Apple-ის საახალწლო კამპანია