„ღვინო დიდი სამყაროა, სადაც უსასრულოდაა შესაძლებელი ძიება და ახლის პოვნა. ღვინოები ადამიანებივით არიან – ყველას თავისი ხასიათი, გარეგნობა, ისტორია და პოეტური ლეგენდა აქვს. ალბათ, ამიტომ არ მობეზრდა ადამიანს. 8000 წელია უვლის ვაზს, აყენებს ღვინოს, ეძებს ახალს, წერს და საუბრობს ღვინოზე. უსახელაური კი პატარა სამყაროა ღვინის უკიდეგანო სამყაროში თავისი ისტორიით, ლეგენდებითა და ემოციებით და რაც მთავარია, ერთადერთობით. ამიტომ ამ ამბავს ასე ვუწოდებთ: უსახელაური – სამყარო ღვინის სამყაროში“, – გვიყვებიან ადამიანები, რომლებმაც ფაქტობრივად, 90-იანებში, გადაშენების პირას მისული ვაზის ჯიში გადაარჩინეს. დღეს, „უსახელაურის ვენახების“ რებრენდინგის პირობებში, ნახევრად ტკბილი, უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშისგან დამზადებული ღვინის შეძენა ახალ შეფუთვაში, ვებგვერდის მეშვეობითაცაა შესაძლებელი. კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონის“ მიერ შესრულებული რებრენდინგის ფარგლებში, შეიცვალა ლოგოც – ქართული, ამავდროულად, ინგლისური უ ასო, თავზე სამი წერტილით. სამი წერტილით, როგორც უსათაუროს ანუ უსახელოს სიმბოლო. ბრენდის ისტორიაზე, იდენტობასა და რებრენდინგზე ქვემოთ, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:
კომპანიაში ამბობენ, რომ უსახელაური საღამოს ღვინოა და ეს არცთუ ისე სუბიექტური აღქმა ასახულია შეფუთვაზეც, რომელზეც ჩამავალი მზის ტონებია გამოყენებული. თითოეულ ბოთლს აქვს პასპორტი, რომლითაც მისი პატრონის ნებაყოფლობითი იდენტიფიცირება, უსახელაურის საიტზეა შესაძლებელი.
„ჩვენ ვუყურებთ უსახელაურს, როგორც ემოციას, რადგან საოცარი გემო აქვს და უიშვიათესი ჯიშია, რომელიც შემთხვევით გადარჩა. უფრო მევენახეებად ვხედავთ საკუთარ თავს, ვიდრე მეღვინეებად. ჩვენ ვართ არა ჯგუფი, არამედ გუნდი, რომელიც შეყვარებულია უსახელაურზე. ვცდილობთ, ეს სიყვარული თქვენც გადმოგცეთ. გვინდა, გამოვავლინოთ უსახელაურის მთელი ღირსება. ამიტომ ღვინოს „გლეხური წესით“ ვაყენებთ: უბრალოდ, ვკრეფთ, ვწურავთ, ვაცდით დადუღებას, შემდეგ სწრაფად ვაცივებთ, ისე როგორც ნოემბერში უსწრებდა ხოლმე ყინვა და გაზაფხულზე გაუფილტრავად ვასხამთ ბოთლში. მერე კი ეს ყველაფერი თქვენს ემოციად გადაიქცევა. უძვირფასეს გრძნობად, რომელსაც სახელი არ აქვს“, – პაატა შარაშენიძე, უსახელაურის ვენახების დამფუძნებელი.
რა არის უსახელაური, საიდან არის, როგორია მისი, როგორც გადაშენების ზღვარზე მყოფი და აღდგენილი, უნიკალური მახასიათებლების ვაზისა და ღვინის ისტორია? ამ საკითხებს ქვემოთ, „უსახელაურის ვენახების“ დამფუძნებლებთან – პაატა შარაშენიძესა და დავით მიქაბერიძესთან ინტერვიუს სახით წარმოგიდგენთ:
M: რა არის უსახელაური და როგორია მისი გემოვნური თვისებები?
„უსახელაური“ ვაზის უიშვიათესი ჯიშია, ხარობს მხოლოდ ლეჩხუმში. მისგან განსაკუთრებული წითელი ნახევრადტკბილი ღვინო დგება, განსაკუთრებული გარეგნული და საგემოვნო თვისებებით. მუქი ლალისფერი შეფერილობა აქვს და საკმაოდ სხეულიანი და ტანინიანია. ძალიან მდიდარია ჯიშური არომატებითა და ველური კენკრის, ალუბლის, ბროწეულის, წითელი ბლისა და შოკოლადის ტონებით. ახასიათებს ძალზე ხანგრძლივი დაგემოვნება.
M: კონკრეტულად, საიდან არის „უსახელაური“ და როდიდან იწყება მისი, როგორც ვაზის ისტორია?
როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი, არავინ იცის. უსახელაური რომ წარმოშობით ლეჩხუმელია, ამას თავადაც ამბობს ვაზი. მაგრამ როგორ მოვიდა ადამიანამდე, ამაზე იმდენი სხვადასხვა აზრია, ღმერთმა იცის, რა იყო ნამდვილად და რა არა. ამპელოგრაფიულად, ძალიან გავს ადგილობრივ ველურ ჯიშებს. სოფელშიც ამბობენ, ხვამლის ტყიდანაა ჩამოტანილიო. რაც შეეხება უსახელობას, ადგილობრივებს თუ კითხავთ, გეტყვიან ისეთი კარგია, სახელი ვერავინ მოუფიქრაო. უსახელაურს ძალიან პატარა სამშობლო აქვს, ისეთი პატარა, რომ ერთ დღეში ფეხით შემოივლის კაცი – ლეჩხუმის სულ ორი სოფელი – ოყურეში და ზუბი. უსახელაურის საკარმიდამო ერთი პატარა ვიწრო ხეობაა, ყოველი მხრიდან მთებით შემოსაზღვრული. ერთი მხრიდან ხვამლის მთა აკრავს, საიდანაც მოვიდა ადამიანებთან, მეორე მხრიდან ასხის მთების მთელი მასივი. ამ პატარა ადგილას განსაკუთრებული ჰაერი და მიწაა. უსახელაურიც ამ მიწას ვერ შორდება. ბევრჯერ სცადეს მისი სხვაგან გადარგვა, მაგრამ ვერ გაიხარა, სიტკბოც დაკარგა, ის უთვალავი გემო და სურნელიც და უბრალო წითელ ღვინოდ იქცა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/usakhelauri/videos/2083258348581159/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
M: ჯიში თუ სამშობლო – რა არის უსახელაურის განსაკუთრებულობის საიდუმლო?
ორივე ერთად. ჯიშზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, უსახელაური უბრალოდ ასეთია.გარემოზე კი ბევრი რამის თქმა შეიძლება: თქვენ რომ გენახათ, სად ხარობს უსახელაური, ალბათ, თავადაც ადვილად მიხვდებოდით, რატომაა ასეთი გამორჩეული. ვენახები ფერდებზეა დაკიდული. დიახ, დაკიდული შუაგულ ტყეში, სადაც უამრავი მაყვალი, ასკილი და სხვა კენკრა ხარობს. ხეობაში მზე მალე ჩადის, მალე ეფარება რომელიმე მთას, ამიტომ სავენახე ფერდი აუცილებლად სამხრეთს უნდა უყურებდეს, ვაზი რომ მუდმივად მზის გულზე იყოს და სიტკბო შეიძინოს. საღამოს კი სწრაფად ეცემა ტემპერატურა, ღამით სიცივეა, ამ დროს უსახელაური მჟავიანობას აგროვებს. ამიტომაცაა უსახელაური შემართული, თამამი და ამავდროულად, ნაზი და ტკბილი.
პირველ მოსავალს 6-7 წლის შემდეგ გამოაჩენს. მანამდე კი მხოლოდ შრომა!.. ძალიან ფაქიზი და სუსტია. განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. ისეთ მთიან გარემოში ხარობს, ადამიანის მეტი ვერაფერი მიუდგება. ერთი მცირე შეცდომა და იმ წელს ყველაფერი დამთავრებულია. ძალიან მცირემოსავლიანია, ძირზე საშუალოდ 1 კილოგრამს ისხამს და მთელ ძალას და სიმდიდრეს ამ ერთ კილოგრამში აქსოვს. სწორედ ამ სირთულეების გამო მივიდა უსახელაური 1990-იან წლებში გადაშენების პირას.
„უსახელაური“ საბჭოთა კავშირის პერიოდში
მეოცე საუკუნის დასაწყისში უსახელაურის სახელი შორს გავარდა. უსახელაურით ტკბებოდნენ სამთავრობო დელეგაციები, განსაკუთრებული სტუმრები, „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“. ამბობენ, პოტსდამის კონფერენციაზე ტრუმენსა და ჩერჩილსაც საჩუქრად სწორედ უსახელაური ერგოთ. მოულოდნელად, 80-იან წლებში უსახელაური „ვაზის არარენტაბელურ ჯიშად“ შეირაცხა, განადგურდა უნიკალური ვენახები, შეწყდა წარმოება. მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა შემოინახა თითო-ოროლა ნერგი – გვიყვება პაატა შარაშენიძე.
M: როგორ აღადგინეთ გადაშენების ზღვარზე მყოფი ჯიში? როდიდან და როგორ იწყება, უშუალოდ, „უსახელაურის ვენახების“ ისტორია?
2000 წელს ამ ჯიშს ჯერ კიდევ არავინ უყურებდა სერიოზულად. ყველა ფიქრობდა, რომ ისეთი ვაზის გაშენება, რომელიც შვიდი წელი არაფერს იძლევა და განსაკუთრებულად დიდ შრომას მოითხოვს, უბრალოდ, უაზრობა იყო, თუმცა ერთ დღესაც ოყურეშის შუაგულში, ხუთასწლოვანი ცაცხვების ქვეშ დაიბადა უსახელაურის ხელახლა გაშენების იდეა.
ბაბუის დანატოვარ მიწასთან ერთად სხვა მიწებიც შევარჩიეთ, სადაც ოდესღაც საუკეთესო უსახელაური ხარობდა, ეკალ-ბარდებისგან გავწმინდეთ და მიწის ხელით გადაბრუნება დავიწყეთ, ვაზის ნერგებიც თავად გამოვიყვანეთ. პირველ წელს, სულ 1500 უსახელაურის ძირი დავრგეთ. დანარჩენი მომდევნო წლებში მივამატეთ და მთლიანობაში 12,000 ძირი გავაშენეთ, სულ სამხრეთისკენ მომზირალ ფერდობებზე.
პირველი 6 წელი მხოლოდ შრომა იყო. ზოგი ეჭვის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს, ზოგი კი თვითონაც იწყებდა პატარა ვენახების გაშენებას. მეშვიდე წელს კი, პირველი სიხარულიც გამოჩნდა. უსახელაურმა პირველი ნაყოფი (ნიშანი) გამოიღო – სულ 800 კილოგრამი 12,000 ძირზე. ყურძენი დავწურეთ. საოცარი ღვინო გამოვიდა… 2009 წელს კი გადავწყვიტეთ, უსახელაური უკვე მზის შუქზე გამოგვეყვანა.
M: როგორ წარდგა უსახელაური მომხმარებლის წინაშე და როგორია ის ახლა?
დავით მიქაბერიძე: ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდით – უსახელაურის გარეგნობას მისი შინაგანი ღირსება და განუმეორებლობა უნდა გამოეხატა. ორიგინალურ ბოთლს იტალიაში მივაგენით, კომპანიაში, რომელიც ბოთლის განსაკუთრებულ დიზაინებს ქმნის. საუკეთესო პორტუგალიური მუხის საცობი ჩამოვიტანეთ, განსაკუთრებული ღვინო რომ განსაკუთრებულად შენახულიყო. დიდხანს ვხვეწდით ეტიკეტის დიზაინის ყოველ შტრიხსა და დეტალს. გვინდოდა უსახელაურთან შეხვედრისას ყველას ეგრძნო, რომ რაღაც განუმეორებელს და უბადლოს მიაგნო. ეს კი „ლივინგსტონთან“ ერთად შევძელით, რომელმაც თანამედროვედ და განსხვავებულად შემოსა უსახელაური.
აქ კი ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შემოსა „ლივინგსტონმა“ უსახელაური:
უსახელაურის ახალი სახის შექმნა საკმაოდ უცნაური თავგადასავალი აღმოჩნდა. ბოთლის არნახული ფორმის გარდა თითქმის ყველაფერი შევცვალეთ, ღირსეულად რომ წარმოგვეჩინა ამ განსაკუთრებული ღვინის ნამდვილი სახე. უსახელაურის უსახელო, შავბნელი (ალაგ-ალაგ კოსმიური) იდუმალებისთვის ხაზის გასმა პირველივე შეხვედრაზე განვიზრახეთ, როგორც ბრენდის სტრატეგია და შემოქმედებითი გეზიც, მაგრამ იდეამ საბოლოო ფორმა ოყურეშში, უსახელაურის სამშობლოში ექსპედიციისას მიიღო. რთველს თითქმის მთელი შემოქმედებითი გუნდი ვეწვიეთ და უშუალოდ შთავგონდით ვაზის გამორჩეულად ალისფერი ფოთლებითა და ღრმად მუქი ლურჯი მტევნებით, რომელიც იდეალურად ეხმატკბილებოდა ხვამლის მთაზე, ზუსტად იმავე ფერებში აბრდღვიალებულ დაისს. წითლისა და ლურჯის კონტრასტი ღვინოში სიტკბოსა და სიმჟავის ჭიდილის სიმბოლური ასახვაცაა და შევეცადეთ ეს ცოცხალი ორფეროვნება ბრენდის ყველა ელემენტში ჩაგვექსოვა. აკაკი რაზმაძის ტოლდაუდებელი ტიპოგრაფიის დამატებით, ვფიქრობთ, რომ ისეთი ხმამაღალი და თვითმყოფადი იერი მივიღეთ, როგორიც ყველაზე ძვირფას ქართულ ღვინოს შეეფერება და იმ ემოციას, ჯერჯერობით სახელი რომ ვერ მოვუძებნეთ“,- ნიკოლოზ კუმბარი – პროექტის დიზაინ დირექტორი, თავისუფალი აგენტი და გიორგი ავალიანი – პროექტის კრეატიული დირექტორი (ორ ხმაში).
რაც შეეხება კრედიტებს..
ვებსაიტი ამ განწყობის შესაბამისად ჩამოვასხით, დავით რეხვიაშვილისა და გიორგი ბრეგვაძის დიზაინითა და ჩაუქ დეველოპერთან ტანდემის – მიშკა ფანქველაშვილის, მიშა ცანკაშვილის, ელენე კიკნაძისა და გოგა ჩინჩალაძის ძალების ეპიზოდური გაერთიანებით. გულითადი მადლობა მარიამ სურმავასა და ქეთევან მეფარიძეს, პროექტი უსახელაურის შესაბამისად, კოხტად რომ მართეს. ვეება ისტორიის გადმოსაცემად და უძველესი ღვინის რადიკალურად ახალი სახის ზედმიწევნით გასაცნობად ირაკლი სოლომონიშვილის მახვილი ობიექტივი დავიხმარეთ და უსახელაურის ნამდვილი მამული აღვბეჭდეთ.
გიორგი ავალიანი: „ექსპედიციისას გადაღების სისხამ დილებს ნოემბრის სუსხიან მდინარეში გატოპვა ცვლიდა და მდინარის სუსხს შუაღამის გადაღებები ედებოდა სალბუნად – ყველაფერი უსახელაურის ნამდვილი სათქმელის ზედმიწევნით გასახმოვანებლად. მაგრამ სიტყვები და ფოტოები მაინც უძლურია უსახელაურის უიშვიათესი გემოს წინაშე – საიტზე მაღაზიის უცნაურ მოდულს წაეთამაშეთ და აუცილებლად დაეპატრონეთ თითო ბოთლს მაინც“.