in

როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე

უშბა ქუჩიდან აყვანილი ცუგაა, რომელსაც წიგნის გმირები, ანო და ბუბა ზრდიან, მარტივ ქცევის წესებს ასწავლიან და ოთხფეხა მეგობრისგან თავადაც ბევრ რამეს სწავლობენ. სწავლობენ ყველაზე მთავარს — უპირობო სიყვარულს.

უშბა ცნობისმოყვარე ბიჭუნაა. თანატოლი ბავშვებივით სამყაროს ნდობითა და აღტაცებით იკვლევს. უამრავი რამ აინტერესებს უშბას: 

  • რატომ ცხოვრობს ზოგიერთი ძაღლი ქუჩაში?
  • რამხელაა სამყარო?
  • როგორ ძლებენ ყვავილები უძრავად მთელი სიცოცხლე?
  • რანაირად უჯერებს ასე ყოჩაღად საკუთარ თავს მოხუცი რიჩი?
  • რა ავსებს ადამიანების გულს სიხარულით?
  • რატომ ცოცავენ სიმაღლეებზე ადამიანები?
  • რატომ არ შეიძლება ცუდი სიტყვების თქმა?

ყველა ამ კითხვაზე სურს პასუხის მიღება, ყველაფრის ჩხრეკა, ყნოსვა და გაგება უნდა.

სამყაროს შეცნობაში უშბას დედა და მეგობრები ეხმარებიან…

„უშბას ამბების პირველწყარო ჩემი შვილების ბავშვობაა. ანო და ბუბა ასეთი დაუდგრომელი, ცნობისმოყვარე, საყვარელი ბავშვები იყვნენ. ახლა ერთი ოცისაა, მეორე თექვსმეტის. უშბა კი მათ ბავშვობაში მაბრუნებს, იქაურ ამბებს მიცოცხლებს მეხსიერებაში.

უშბა ჩემმა გოგონამ ანომ იპოვა სკვერში. ღამე იყო, ტირილისა და წკავწკავის ხმას გაჰყვა და სკვერში ციცქნა,  ეს შავ-თეთრი საოცრება აღმოაჩინა. მარტოდმარტო იყო ლეკვი. შეშინებული. რასაკვირველია, შინ წამოიყვანა. ასე შემოემატა ჩვენს ოჯახს ახალი წევრი.

ამბების ჩაწერა უშბას სეირნობისას დავიწყე. ძაღლებს სოციალიზაციის საინტერესო წესები აქვთ. განსხვავებული ხასიათისა და ქცევის ძაღლების ურთიერთობაზე დაკვირვება წარმტაცი რამაა. ზოგი მორიდებულია, ზოგიც ჯიქური. ზოგი უმალ შეიჭრება იქ, სადაც სხვები თამაშობენ, ზოგი უვლის, უვლის და მოგვიანებით ბედავს. ზუსტად ისე, როგორც ბავშვები. უშბა მეგობრული, ცნობისმოყვარე ძაღლია. მისი ამ თვისების გამო ბევრი მეგობარი ჰყავს და წიგნში ნახსენებ ყველა ძაღლს რეალური პროტოტიპი ჰყავს. მაწანწალა პელე უბნის ცუგაა, დარიკო – მეზობელი, ტაქსა ბრუნო და მოხუცი რიჩი უშბას ბავშვობის მეგობრები არიან, ღომი და ვენიკო უშბამ ბორჯომში სტუმრობისას გაიცნო.

ბავშვებს სჭირდებათ ამბები, რომლებშიც მათთვის ნაცნობი სიტუაციებია გადათამაშებული. ჩემი დაკვირვებით, ამბავი, ზღაპარი, ისტორია შეუცვლელი სამარჯვია როგორც თერაპიული, ისე პედაგოგიური და დიდაქტიკური მიზნებისთვის. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობის ამოცნობა და სახელდება. უშბა ზოგჯერ მოწყენილია, ზოგჯერ გული და სხეული სიხარულით აქვს სავსე. ასეთ დროს იმის ამოთქმა, რასაც გრძნობ, შვება და სიამოვნებაა.

უშბა იმასაც ხვდება, რომ ზოგჯერ მოხუცი რიჩივით საკუთარი თავის დაჯერება არ გამოსდის. რიჩი იქ ამშვიდებს უშბას, ეუბნება, რომ ამას აუცილებლად ისწავლის. ერთხელაც უშბა ძალიან, ძალიან ცუდ სიტყვებს „აიკიდებს“ მეგობარ კიდოსთან ერთად სეირნობისას. იმდენად ცუდ სიტყვებს, გამეორებაც რომ არ შეიძლება. დედა იქ უხსნის, რატომაა უსიამოვნო ამ ცუდი სიტყვების „ერთმანეთისთვის სროლა“. ერთი ამბავი ბავშვებში ძალიან ხშირად გათამაშებული სიტუაციის აღწერასა და გადაწყვეტას ეთმობა —  უშბას ახალი სათამაშოთი სურს თავის მოწონება. მეგობარი ჩაქვი კი სათამაშოს მიისაკუთრებს. როგორ უნდა მოიქცეს უშბა? როგორ უნდა მოიქცეს ჩაქვი? დედამ როგორ უნდა გადაწყვიტოს ეს ამბავი სასიკეთოდ?“

წიგნში აღწერილი ამბები ყველა მშობლისთვის ნაცნობი და საინტერესოა.

„უშბა“ კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ როგორები არიან ცუგები, რა სწყინთ, რა უხარიათ, რას განიცდიან, როცა მარტო რჩებიან. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოთხფეხა მეგობრის ყოლა მხოლოდ გართობა არ არის, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს ნინო ლომიძის ახალი საბავშვო წიგნი „უშბა და მეგობრები“, რომელიც, „ინტელექტმა“ გამოსცა.

[პარტნიორის კონტენტი]

რატომ უნდა ისწავლო ვიზუალური ბრენდინგის არტ დაირექშენი – დეტალურად ანნა გუგუტიშვილის საავტორო კურსის შესახებ

მაია გურაბანიძე – #პირველისამსახური