ახლად ჩატარებული კვლევის თანახმად, დაბადებიდანვე უსინათლო ადამიანები, სმენის, ხმის, შეხებისა თუ სხვა შეგრძნებების გასავითარებლად, ტვინის ვიზუალურ ნაწილს იყენებენ. მიღებული შედეგები კი გვეხმარება გავიგოთ, როგორ აღიქვამენ უსინათლო ადამიანები შეგრძნებებს მხედველობის მქონე ადამიანებზე უკეთ.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (fMRI) გამოყენებით დაადგინა, რომ ამაზე გავლენა უსინათლოების მიერ ტვინის ვიზუალური ქერქის გააქტიურებას აქვს. უსინათლოები ტვინის ამ ნაწილს ვიზუალური აღქმის ნაცვლად, შეხებისა და მოსმენის უნარების გასაუმჯობესებლად იყენებენ.
„როცა უსინათლო მონაწილეები სმენისა და შეხების დავალებებს ასრულებდნენ, იმ უბნების გარდა, რომლებიც სწორედ ამ ორი უნარის შესრულებაზეა პასუხისმგებელი, ვიზუალური ნაწილიც ინთებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ თავის ტვინის გამოუყენებელი ნაწილები სხვა სენსორული წყაროებით კომპენსირდებოდა, თუმცა ახლა იმის დადგენა გვაინტერესებდა, თუ რას აკეთებდა ამ პროცესში ვიზუალური ქერქი“, — ამბობს წამყვანი მკვლევარი, ჯოზეფ რაუშკერი.
ექსპერიმენტში 12 უსინათლო და 12 მხედველობის მქონე ცდისპირი მონაწილეობდა. ერთ-ერთ სავარჯიშოში მოხალისეებს ყურსასმენები ეკეთათ და უნდა ეთქვათ, საიდან მოდიოდა კონკრეტული ხმები, მეორე დავალებაში კი თითებზე სპეციალურ ხელსაწყოს ამაგრებდნენ და უნდა ეპასუხათ, რომელ თითზე იღებდნენ მცირე დარტყმას…
„აღმოვაჩინეთ, რომ უსინათლოებში ვიზუალური ქერქი ბევრად უფრო ძლიერად იყო გააქტიურებული, ვიდრე მხედველობის მქონე პირებში, სადაც ვიზუალური ქერქი ძირითადად დეაქტივირებული იყო ბგერებითა და შეხებით. ხოლო რაც უფრო ზუსტად ასრულებდნენ უსინათლოები სივრცით დავალებებს, მით მეტად ძლიერდებოდა ვიზუალური ქერქი. ტვინის მსგავსი მოხერხებულობა კი უსინათლოებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს“, — ამბობს კვლევის ავტორი.