in

„უსული“: „კარდაკარ დავდიოდით და ნარჩენებისგან ფეხსაცმლის შესაკერად, მეწაღეებს ვეძებდით“

პროდუქტები გადამუშავებული ნარჩენებისგან – ბიზნესი და ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთდროულად

Startauperi
Startauperi

„უსული“ ძველქართული სიტყვაა და მოხდენილს, ლამაზს ნიშნავს. რაც სრულიად მიესადაგება ჩვენს ბრენდს“

მაკა ნოსელიძე, სოფია ლაპიაშვილი

ყოველწლიურად, მსოფლიო 23 მლრდ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელს აწარმოებს, სანაგვეზე კი 300 მლნ წყვილი ბოტასი ხვდება. სამწუხაროდ, მათ დაშლას ათწლეულები სჭირდება. ნარჩენების მასა მუდმივად იზრდება და ეკოლოგიური კატასტროფისკენ ჩვენივე გაუფრთხილებლობა მიგვაქანებს. პასუხისმგებლიანმა მსოფლიო ბრენდებმა გამოსავალი ნარჩენების გადამუშავებასა და ხელახალ წარმოებაში დაინახეს. რამდენიმე წელია, ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა Nike, Adidas, Reebok, Veja და სხვები, პროდუქტს გადამუშავებული ნარჩენებისგან ქმნიან. ამით მთელ მსოფლიოს აძლევენ მაგალითს, რომ ბიზნესის მომავალი პირდაპირ კავშირშია დედაპლანეტაზე ზრუნვასთან და კომპანიებს დიდი როლი შეუძლიათ შეიტანონ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში. ეკოლოგიას გულშემატკივრები საქართველოშიც ჰყავს. სოფია ლაპიაშვილსა და მაკა ნოსელიძეს სურდათ  სამკერვალოებში მორჩენილი მასალები ნაგავსაყრელზე მოხვედრისაგან გადაერჩინათ, ამიტომ მათგან ფეხსაცმელების შექმნა განიზრახეს. ასე მოხვდა დიზაინერული სამოსისთვის განკუთვნილი ნაჭრები „უსულის“ ბრენდთან, რომელიც დედამიწისთვის სარგებლის მოტანის იდეით სულდგმულობს.

„ჩვენთვის მუდმივ საფიქრალს წარმოადგენდა იმ აურაცხელი რაოდენობის ნარჩენი, რაც ზოგადად წარმოებიდან რჩება. ზოგადად, მოდის ინდუსტრია დიდი რაოდენობით ნარჩენს აწარმოებს, როგორც ტექსტილს ასევე ტყავს, რაც ან საერთოდ არ იხრწნება ან ძალიან დიდი დრო სჭირდება. ვიფიქრეთ, მეგობარი დიზაინერების ნარჩენი ნაჭრებისგან შეგვექმნა რამე პროდუქტი. ბევრი სხვადასხვა ვარიანტის შემდეგ, შევჯერდით ფეხსაცმელზე. თუმცა დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩვენთვის სასურველი ხარისხისა და ფასის შემოთავაზებამდე მივსულიყავით. საბოლოოდ, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში დავიწყეთ პირველი კოლექციის კერვა,“ – გვიამბო „უსულის“ თანადამფუძნებელმა სოფია ლაპიაშვილმა.

M: რა რესურსებითა და გამოცდილებით დაიწყეთ “უსული”?

ფოტო: მუსია ქებურია

მოდის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება არცერთს არ გვაქვს, თუმცა მე კულტურის სფეროში, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით ვმუშაობდი და მრავალი პროექტის კოორდინატორი და ინიციატორი ვიყავი, ეკოლოგიის მიმართულებით. ასევე, ჩემს გუნდთან ერთად, რომელსაც „შუქურა“ ჰქვია, ვახორციელებ დიზაინისა და ხელოვნების სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, ვორკშოფებს, ბანაკებსა და სხვადასხვა საბავშვო აქტივობას. ჩემი პარტნიორი და მეგობარია მაკა ნოსელიძე, რომელიც წლებია სოფლის მეურნეობის პროექტებში საზოგადოებასთან ერთიერთობის მენეჯერად მუშაობს.

„უსულის“ პირველი ნაბიჯები იყო აუარება ულამაზესი, ფერად ფერადი ქსოვილის შეგროვება, რომელიც მეგობრებისგან („მფრინავი მღებავი“) მივიღეთ. შემდეგ, დაიწყო კარდაკარ სიარული და მეწაღის ძებნა. ძალიან რთული აღმოჩნდა სასურველი ხარისხის ფეხსაცმლის მიღება. მაგრამ საბედნიეროდ, მაინც ვიპოვეთ შესაბამისი ადგილი.

M: ბიზნესის თვალსაზრისით, როგორ ხედავთ, რამდენად პერსპექტიული/მოგებიანი საქმეა, ნარჩენებისგან პროდუქტის შექმნა?

ერთი შეხედვით, თითქოს მასალა უფასოდ გვაქვს, თუმცა მისი დამუშავება და სასურველ ფორმაში მოყვანა აღმოჩნდა ბევრად, რთული და ძვირი, ვიდრე გვეგონა. მაგრამ იმის გამო, რომ ბაზარზე ძალიან განსხვავებულები ვართ და ვქმნით კონცეპტუალურ და ეკო-მეგობრულ პროდუქტს, ნამდვილად გამართლებულია. ვიპოვეთ ჩვენი ნიშა, რასაც არავინ აკეთებს. ამასთან, გვჯერა, ჩვენი წვილი შეგვაქვს გარემოს დაცვის კუთხით, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ ყველა ბიზნესი თავის წილ პასუხისმგებლობას იგრძნობს და შასაბამისად იმოქმედებს.

ეკო-მეგობრული პროდუქტის შექმნა არამხოლოდ დედამიწისთვისაა კარგი, არამედ სწორ ბიზნეს იდეად მიგვაჩნია, რისი დასტურიცაა გლობალური ბრენდების აქტიური კონცენტრირება გადამუშავებული ნარჩენებისგან შექმნილ პროდუქტზე – ვფიქრობთ, სწორედ აქ არის მომავალი.

M: როგორია „უსულის“ წარმოების მექანიზმი?

დიზაინს ჩვენ თვითონ ვქმნით. გვგონია, რომ ხალხსაც მოსწონს. რაც შეეხება მასალას, ვუკავშირდებით ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება – ვინც მუშაობს ტექსტილზე, იქნება ეს ტანსაცმლის დიზაინერები, ფეხსაცმლის თუ ავეჯი მწარმოებლები. ზოგი სიხარულით ერთვება ჩვენს ინიციატივაში და გვამარაგებს მასალით, თუმცა შემდეგ ეტაპზე, გვიწევს ამ მასალი გადარჩევა, ფორმაში მოყვანა, რაც ძალიან შრომატევადია.

ამასთან ერთად, ვითვალისწინებთ მომხმარებლის ყველა სურვილს და შეკვეთის შემთხვევაში, სრულიად მათზე მორგებულ მოდელებს ვქმნით. თითოეული ფეხსაცმელსთვის ინდივიდუალურად ვარჩევთ ნაჭრების კომბინაციას. ყველაფერთან ერთად, ნაჭრები არ მეორდება და ორი სრულიად იდენტური ფეხსაცმელი არასდროს გამოდის. ეს მომხმარებლისთვის უჩვეულოა, თუმცა, ჩვენი პლუსიც ეს არის – ყოველი მათგანი უნიკალურია და ეს „უსულის“ ხელწერაა.

M: როგორც ბრენდი, ვისთვის შეიქმნა „უსული“?

ჩვენ ვქმნით მათთვის, ვინც განსხვავებულ ესთეტიკას ეძებს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკო-მეგობრული პროდუქტის მოხმარება. „უსული“ ყველა ასაკის მომხმარებლისთვისაა. ასევე, მისი მოხდენა შეუძლიათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე ასაკოვან ხალხს. ჩვენ ვქმნით ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც. შეძლებისდაგვარად, ჩვენი ფასებიც სხვადასხვა სოციალურ ფენაზეა მორგებული. ჯერჯერობით, სოციალური ქსელითა და პირადი ქონტაქტებით ვფარავთ სასურველ სეგმენტს. თუმცა, ინტერესი ჩვენდამი სწრაფად იზრდება, ამიტომ ვგეგმავთ დამატებითი ფინანსებისა და რესურსების მოძიებას, რაც ზრდისა და სიგმენტის გაფართოების საშუალებას მოგვცემს.

M: სად შეიძლება “უსულის” შეძენა და რა გამოწვევებია ამ კუთხით?

თავდაპირველად, გაყიდვების არხად ონლაინ სივრცე ავირჩიეთ, თუმცა, მოთხოვნა იმდენად სწრაფად იზრდება, ხელს ვუწყობთ მომხმარებელს შეეძლოს ადგილზე, მაღაზიაში მოიზომოს და შეარჩიოს ფეხსაცმელი. ამიტომ, Facebook-ისა და Instagram-ის გარდა, ჩვენს პროდუქციას შეხვდებით მოსაშვილის ქ. #9-ში, მაღაზიაში „მოვი”.

M: რა სჭირდება „უსულის“, როგორც ბიზნესს და რატომაა ის საინტერესო თქვენი პოტენციური პარტნიორებისთვის/ინვესტორებისთვის?

ჩვენთვის ამ ეტაპზე, როგორც სტარტაპისთვის რამდენიმე ამოცანა დგას: აუცილებლად უნდა მოვაწყოთ სამუშაო სივრცე, ვიზრუნოთ მარკეტინგულ სტრატეგიაზე/აქტივობებზე და გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე. ყველაფერს ჩვენი რესურსებით ვაკეთებთ, ამდენად გვაქვს მზაობა შევიძინოთ პარტნიორები და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით. რით ვართ საინტერესო ინვესტორებისთვის? ესაა პროდუქტი, შემოქმედებითი დიზაინით, სრულიად განსხვავებული ავთენტური ხელწერით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წამყვან ტრენდს (და სამწუხაროდ, პრობლემას!) პასუხობს და აქვს დიდი პერსპექტივა, საერთაშორისო ბაზრის ყურადღება მიიპყროს. კონცეფციიდან გამომდინარე, მოქნილობის საშუალებას იძლევა მარკეტინგული მიმართულებაც. ამ ბრენდს ვხედავთ დიდ წარმოებად, რომელიც ქმნის დასამახსოვრებელ სასურველ პროდუქტს და უფრთხილდება დედამიწას.

M: როგორ ხედავთ “უსულის” განვითარებას ადგილობრივ/საერთაშორისო ბაზარზე?

იმედი გავქვს, რომ ქვეყანა თავს მალე დააღწევს ამ კრიზისულ მდგობარეობას, რომელშიც ეკონომიკური კრიზისის საკითხიც მწვავედ დგას. ეს კი განაპირობებს არა მარტო ჩვენს, არამედ ბევრი პატარა მწარმოებლის წარმატებას. გვჯერა, მოთხოვნაც გაიზრდება და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედებაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა ჩვენი უნიკალური მოდელების გამო, ვფიქრობ ცოტა სხვადასხვარად იქნება საერთაშორისო ვაჭრობა დასაგეგმი და მომხმარებლისთვის უფრო მეტად კონცეფციის შეთავაზება. რისი ცნობიერებაც პრინციპში სხვა ქვეყნებში უფრო მაღალია და ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც მხოლოდ ამის გამო შეიძენს ჩვენს ნაწარმს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

/მთავარი ფოტო: გურამ წიბახაშვილი/

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა

იურიდიული სერვისების პაკეტები – სიახლე, რომელსაც იურიდიული კომპანია Lawyal გთავაზობთ