ხელოვანები ასტრონომებს ჰგვანან, შეუძლიათ სხვა სამყარო და კოსმოსში საკუთარი კანონზომიერი თავი, როგორც პლანეტა აღმოგაჩენინონ, ყურში გიჩურჩულონ ის, რაც საკუთარ თავზე აქამდე არ გსმენია, რაზეც არც დაფიქრებულხარ და თავი ისე ეჭიროთ, თითქოს ეს ისეთი არაფერია. ხელოვანები გიყურებენ გამოფენებიდან, საკუთარი პერფორმანსების ჭუჭრუტანებიდან და ელოდებიან – იქნები მავთულის ნაჭერი, რომელიც უბრალოდ, ერთი ბოლოდან მეორეში გაატარებს მუხტს, თუ იქნები ნათურა, რომელიც, შესაძლოა, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც აინთება და განახებს, ვინ დგას იმ ბნელ კუთხეში, რომლისაც ასე გეშინოდა. ისინი გიყურებენ და ცდილობენ, გაიგონ – ნახე, თუ განიცადე, თუმცა, მანამ, სანამ აზროვნების პროვოკატორისა და დამკვირვებლის კოსტიუმს მოირგებენ, ხელოვანები ირგებენ ასტრონავტის კოსტიუმს და მიფრინავენ. სად? შორს, ახალი სამყაროების, საკუთარი თავის, კოსმოსის, ქაოსის, ახალი კითხვებისა თუ ვინ იცის, რის აღარ საძებნელად.
1998 წელს, ამერიკისკენ მფრინავი 24 წლის ამბიციური დიზაინერის – უტა ბექაიას საგზალი 90-იანების თბილისის ნანგრევები, აცილებული ტყვიები, შინაგანი თუ გარეგანი ომი და ბავშვობისას, დედის ნაცვლად ნათქვამი პირველი სიტყვა – „ლამაზი“ იყო. „ძნელი იყო, ძალიან ძნელი. წარმოიდგინე, თბილისში, ნახევრად კომუნიზმში გაზრდილი, 90-იანების დანგრეულ ქვეყანაში ნაცხოვრები, უცებ, პლანეტის მეორე ბოლოში ხვდები, სადაც გეოგრაფიული სიშორე არაფერია ადამიანების აზროვნებასა და ქცევასთან დაკავშირებულ განსხვავებებთან შედარებით. დიზაინის კუთხით მინდოდა წასვლა, ძალიან ამბიციური ვიყავი და რომ ჩავედი, ჩამომემხო თავზე ეს ჩემი ამბიციურობა“.
კულტურული შოკი ჩასვლიდან 3 წელს გაგრძელდა, შემდეგ კი, დათანხმდა მეზობელი რეჟისორის შემოთავაზებას და უფასოდ შექმნა კოსტიუმები ერთ-ერთი სპექტაკლისთვის. პოზიტიური გამოხმაურებების შემდეგ, ეს საქმე მისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა. 7-8 წლის განმავლობაში, შექმნა კოსტიუმები 200-მდე სპექტაკლისა და ფილმისათვის, შემდეგ კი, დაიწყო გარდამტეხი პერიოდი მის კარიერაში – უარი თქვა კომერციულ პროექტებზე და გადაწყვიტა, დამკვეთების შეხედულებების გათვალისწინების ნაცვლად, საკუთარი იდეები გაეცოცხლებინა. პირველი ასეთი პერფორმანსი იყო „იასამნისფერი ჯამბაზი“, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა. ამბობს, რომ ვორკოჰოლიკია და ყოველდღიურად ქმნის კოსტიუმებს, ქანდაკებებს მულტიმედია პერფორმანსებისა და ინსტალაციებისთვის.

20 წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული უტა ბექაია ახლა ჩემ წინ ზის, ხელში 2 თვის მეტისი უჭირავს – მოუსვენარი ლეკვი, რომელიც ქუჩაში იპოვნა და მანამ შეიფარა, სანამ პატრონს უპოვნის. აქ დაბრუნდა, რადგან „ამ მიწასთან ძალიან ძლიერი კავშირი მაქვს“, რადგან „საკუთარი თავის ჩიჩქვნა მომინდა“, რადგან ძიება ვერ დასრულდება იქ, სადაც დაიწყო, რადგან „გამოცდილება, რომელიც მაქვს მინდა გავაზიარო, იმ სივრცეში, სადაც ის არ არსებობს. არ ვაპირებ, ვინმეს კონკრეტული რამე ვასწავლო, მე მხოლოდ, გზა შემიძლია მივასწავლო გამვლელს“ და ბოლოს, რადგან „საქართველო ჩემთვის არის ღია და ცარიელი სივრცე, სადაც შეგიძლია ძალიან ბევრი რამ გააკეთო. მაყურებელს არ აქვს ჩამოყალიბებული დოგმატიკური ხედვა, ის ღიაა და ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, მნიშვნელოვანია, როგორი ენერგია მიბრუნდება გაცემულიდან და აქ რა ენერგიასაც ვხედავ და ვგრძნობ, ძალიან მაინტერესებს“.
იცი, რომ მოხვალ ჩემს გამოფენაზე, როგორც ალისა ჩავარდა ორმოში, რაღაც ეგეთი გამოცდილება მინდა გქონდეს, იმოგზაურო სამყაროში და უბრალოდ, ნამუშევრებს არ უყურებდე. ამისათვის, კოსტიუმებთან ერთად ვიდეოსაც, საუნდსაც, სუნსაც ვქმნი ხოლმე. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამ ყველაფერს იმისთვის არ ვაკეთებ, რომ ვიღაცა მოვიდეს და რამე გაიგოს. ჩემი იდეები აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია. მინდა, მოვიდეს ადამიანი და ჰქონდეს ღირებული გამოცდილება, განცდა“.

ხატვა ადრეული ბავშვობისას დაიწყო, სწავლობდა სამხატვრო სკოლაში, შემდეგ აკადემიაში, სამრეწველო დიზაინის მიმართულებით, შემდეგ კი დიზაინის კუთხითაც. „როცა ვსწავლობდი იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ანუ ყველაზე ცუდი პერიოდი საქართველოში სასწავლად. მართლა იქცეოდა ქვეყანა და რომ დავდიოდი ინსტიტუტში, თან ტყვიებს ვიგერიებდი გზაში. რომ არ მოგატყუო, დიდად არაფერი მისწავლია. ჩემით გაცილებით მეტი მივიღე. თუმცა, ბევრი პედაგოგი მყავდა, რომელიც დამეხმარა იმაში, რომ ჩემი ხედვა გაფართოებულიყო. მაგალითად, ქართულის მასწავლებელი, რომელმაც მიმახვედრა, საკონტროლოს წერისას თემებს „შპარგალკიდან“ რომ იწერდა ყველა, უბრალოდ, თვითონ შემეძლო გამეკეთებინა ანალიზი და დამეწერა. მაშინ პირველად მივხვდი, რომ ეს შესაძლებელია. რაღაც, კრიტიკული ანალიზის საჩუქარი გამიკეთა რამდენიმე პედაგოგმა, რომელიც საბედნიეროდ, შემხვდა ცხოვრებაში. თუმცა, რომ მკითხონ, ვინ იქნება ადამიანი, ვისაც მადლობას გადაუხდი, ეს იქნებოდა დედაჩემი. ქალი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი თავის რეალიზება ჩემი გავლით მოახერხა და სულ ბიძგს მაძლევდა“.

M: პირველად რა დახატე?
რაც მახსოვს, მგონი პანკების პორტრეტები იყო, ბევრი საყურით.
M: რა შთაგაგონებს?
ძირითადად, ბუნებაში არსებული გამეორებებისგან ვიღებ შთაგონებას, ორნამენტებისა და დეტალებისგან. ეს შეიძლება იყოს დინება, ან ხის ქერქი. ერთგვარი, ბუნების გიფები.

M: რა ნიშნავს შემოქმედებითი კრიზისი?
ყოველ დღე მაქვს შემოქმედებითი კრიზისი. ეს არის მომენტი, როცა ფიქრობ, რომ ტყუილა აკეთებ ყველაფერს. არაფერს აქვს აზრი და დროს ხარჯავ ბევრს, პატარა ნაწილაკი ხარ, მაგრამ ეგ სიმართლეა, კრიზისი კი არა, რაღაცის პერიოდული გააზრებაა. თუმცა, არასდროს მქონია ისეთი კრიზისი, რომ მუშაობა ვერ შემძლებოდა. როცა ფიზიკურად მუშაობას ვიწყებ, ვმოქმედებ მედიტატიურად, ძალიან ბევრს არ ვფიქრობ ხოლმე, უფრო ხელები მუშაობენ ვიდრე მე. ვცდილობ, რომ გავთიშო ჩემი ფიქრები, რომ ანალიზი არ გავუკეთო რას ვაკეთებ და ხელები მივუშვა, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა ქნან იმ წუთში.
M: რა მოხდება, მუშაობის პროცესში რომ გაანალიზო, რას აკეთებენ ხელები?
ანალიზისას ჩემს ეგოს ვტენი შიგნით, ნამუშევარში და ვხვდები, რომ ეს ზედმეტია.

M: სიზმრებს ფერადს ნახულობ, თუ შავ-თეთრს?
შავ-თეთრსა და საშიშს. არასდროს მინახავს ლამაზი და ფერადი სიზმარი.
M: რას ეძებდი ნიუ-იორკში, რისი იმედი გქონდა თავიდან?
ჩემს ტანში ვერ ვგრძნობდი კომფორტულად თავს. იცი, აქედან რატომ წავედი სინადვილეში? მაგ დროს მინდოდა ვყოფილიყავი მოდის დიზაინერი. როგორ გავაგზავნე აპლიკაცია არ მახსოვს, მაგრამ ჩავაბარე ლონდონში, St Martins School-ში და მიმიღეს, რაღაც სასწაულით. ნიუ-იორკში წასვლა გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რომ ცოტას ვიმუშავებდი და ფულს დავაგროვებდი, რომ შემდეგ ლონდონში მესწავლა. მერე მივხვდი, რომ იქ მუშაობისა და ფულის დაგროვების შანსი არ იყო, იმიტომ, რომ ვიყავი ტინეიჯერი. დავრჩი იქ და აკადემიურად აღარ გავაგრძელე სწავლა, სამაგიეროდ, ვფიქრობ, არანაკლები ცოდნა მომცა ნიუ-იორკმა და იქ მუშაობის 20-მა წელმა. ამ ქალაქმა გამომიმუშავა ძალიან კარგი თვისება – ადვილად ვეგუები ყველანაირ სიტუაციასა და ცვლილებას, რაც ძალიან მიხარია. ეს არის თვისება, რომელიც ნიუ-იორკმა მაჩუქა, მთლიანად.
M: პერფორმანსების სათქმელი რა იყო იქ, ამერიკაში და რა არის საქართველოში? კონტექსტის შესაბამისად, განსხვავდება, თუ არა აქცენტები?
ჩემთვის პერფორმანსი და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, არის ძალიან ვიზუალური. მე ვმეტყველებ ბევრად უფრო ვიზუალური ენით, ვიდრე კონცეპტუალურით. იმ პერიოდში, შტატებში როცა ვმუშაობდი, ვიზუალურ ინსპირაციას რაც მაძლევდა, იმაზე ვარგებდი კონტექსტს. საქართველოში რასაც ვაკეთებ, არის გაცილებით კონცეპტუალური. უფრო ფსიქოთერაპიულია ჩემთვის აქ რაღაცების კეთება, რადგან რაღაცებს ვჩიჩქნი ჩემს თავში. გააზრებული ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი იქ მაქვს გატარებული, 20 წელი ნამდვილად დიდი დროა, ახლა კი, ეს პერიოდი, რაც აქ ვარ, ყველაფერი კონცეპტუალურ საზრისს იძენს და დაკავშირებულია ამ საკუთარი თავის ჩიჩქვნასთან, ფსიქოთერაპიასთან, თვითიდენტიფიკაციასთან.

M: შენი ერთ-ერთი ბოლო გამოფენა „ზეადამიანები“ ქართულ მითოლოგიას ეხება. რა წვლილი აქვს ამ პროექტს „საკუთარი თავის ჩიჩქვნაში“?
სულ ვცდილობ, ჩემს თავში ვიპოვნო რაღაც ზებუნებრივი, უფრო მაღლა მდგომი. ვიცი, რომ ის არის, მარტო ჩემში კი არა, ყველაში. მაგის ძიების გამო გაძლიერებულად მაქვს ინტერესი მითოლოგიის მიმართ, მით უმეტეს, ქართული მითოლოგიის მიმართ. ახლა, როცა ვიცი, რომ ბევრ ინფორმაციას ამაზე ვერ ვიპოვი. ასევე, წარმართულ სიმბოლოებზე მაქვს აქცენტი, ძალიან მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს თავთან მიახლოების გზაა. მსგავს პერფორმანსებს შორისაა „ფუ სია ტატა სია“, რომელიც ბებიას შელოცვებზე დაყრდნობით შევქმენი.
M: არიან, თუ არა შენი პერსონაჟები თვითმყოფადები? შენ გარეშე თუ აგრძელებენ არსებობას?
ყველა ნამუშევარი ყოველთვის არის თვითმყოფადი. რაღაცას როცა ვაკეთებ, როგორი ნამუშევარიც არ უნდა იყოს, ვიდეო იქნება თუ კოსტიუმი, მუშაობის პერიოდში არის ჩემი და როცა მთავრდება მერე თვითონ აგრძელებს ცხოვრებას, ჩემ გარეშე. აღარც მინდა ხოლმე დავინახო, რადგან ეს არის ენერგია, რომელიც წავიდა. ამ ბოლო დროს რასაც ვაკეთებ, ყველაფერი არის ჩემს თავსა და მოგონებებში რაღაც თერაპიული ჩიჩქვნა, რომელიც ადრე არ გამიკეთებია არასდროს. შექმნილი ნამუშევარი კი ჩემი აღარ არის, კარი იკეტება და ახალი ოთახი იწყება.
M: მიუხედავად 20 წლიანი საერთაშორისო მოღვაწეობისა, როდის შეძლებ თქვა, რომ ხარ წარმატებული?
ყოველ დღეს ვართ წარმატებულები რაღაცაში, იმის გამო რომ გაიღვიძე და საწოლიდან ადექი და ა.შ. ან შეიძლება არასდროს იყო, რადგან რაღაც ყოველთვის ცოტაა. შეფარდებითი სიტყვაა. ვფიქრობ, რომ წარმატებული ვიქნები როცა პირადად მე, ბოლომდე შემეძლება ჩემი თავი ვანახო ჩემს თავს, გავაცნობიერო როგორი ვარ და ვიყო ჰარმონიაში.
უტას საერთაშორისო გამოფენებთან ერთად, თბილისშიც აქვს გეგმები. მათ შორის, თბილისობაზე შეძლებთ ფარაჯანოვის მოტივებზე შესრულებული მისი ნამუშევრების ნახვას და ასევე, როგორც ამბობს, „ერთი გალერისთან“ კოლაბორაციით, მულტიმედია გამოფენაში აღმქმელად ჩაბმაც მალე იქნება შესაძლებელი. რის შემდეგაც, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ – ვინ არიან პერსონაჟები, რომლებსაც ხელოვანების კოსტიუმები აცვიათ და საკუთარ თავებში გზის გაკვალვაში დახმარებას გვთავაზობენ?
ავტორი: ხატია თორდუა