in

როგორ მივედით უცხოპლანეტელების თანამედროვე აღქმამდე?

ალბათ, მრავალი ამბავი გსმენიათ უცხოპლანეტელებზე, რომ დიდი თეფშით ჩამოვიდნენ დედამიწაზე, რომ ვიღაცამ დაინახა ან სადღაც ჩვენთან ახლოს ცხოვრობს… ეს ამბები საზოგადო წარმოსახვასაც კარგად კვებავს და ჰოლივუდის დახმარებით რევოლუციურიც გახდა. სულ პირველად კი ამაზე 1961 წელს ბეტი და ბარნი ჰილები ალაპარაკდნენ, ამტკიცებდნენ, რომ მთებში უცხოპლანეტელთა გუნდს გადააწყდნენ…

M2
M2

ამ არსებებს ზუსტად ისე აღწერდნენ, როგორც ჩვენ დღეს წარმოგვიდგენია, დიდი თავის ქალის, გაფართოებული თვალების, ნაცრისფერი კანის, პატარა ცხვირისა და თხელი პირის მქონედ. ალბათ, ცოტა საშიშად მაშინაც ჟღერდა, მაგრამ იმდენად საინტერესოც იყო, რომ იმდროინდელი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების მთავარი თემა გამხდარიყო. ასე შეიქმნა ფილმებიც Close Encounters of the Third Kind [1977] და ET the Extra-Terrestrial [1982].

თუმცა სანამ უცხოპლანეტელების საზოგადოებრივ აღქმაზე ჩამოვყალიბდებოდით, როგორებად მიიჩნეოდნენ ეს არსებები? ან რამ იმოქმედა ჩვენს ხედვაზე? როგორც ვიგებთ, საუკუნეების წინ ადრეული სამეცნიერო ფანტასტიკის უცხოპლანეტელებად სისხლისმსმელი რვაფეხა, მწერები და მონსტრი ქვეწარმავლები მიიჩნეოდნენ.

ხოლო 1887 წელს რადიკალური ცვლილება მოხდა, როცა ჯოსეფ ბოექსმა წიგნი Les Xipéhuz გააცნო საზოგადოებას, რაც ითარგმნება, როგორც ფორმები. ის მომთაბარე ტომზე გვიყვება, რომელიც ტყეში ღამით დასარჩენ ადგილს ეძებს, რა დროსაც Les Xipéhuz-ს გადააწყდებიან. ესენი უცნაური გეომეტრიული ფიგურები არიან — მოლურჯო, გამჭვირვალე, ზოლებიანი არსებები, რომლებიც ადამიანის ზომის ნახევარი თუ იქნებოდნენ. ეს ქმნილებები სამეცნიერო ფანტასტიკის პირველ არაჰუმანოიდ უცხოპლანეტელებად მიიჩნევა, რომლებიც გვაჩვენებს, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ჩვენთვის მათთან შეხვედრა.

თუმცა უცხოპლანეტელების ცნება მაინც ბევრად ძველია, იგი ჯერ კიდევ 450 წელს წამოჭრა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსაგორამ. მაშინ ჯერ კიდევ არავინ ფიქრობდა ადამიანებისა და სხვა მასთან დაკავშირებული სახეობების წარმოშობაზე. თუმცა, საბედნიეროდ, ეს სიტუაცია 1859 წელს შეიცვალა, როცა დარვინმა ბუნებრივ გადარჩევაზე დაიწყო საუბარი. ამას კი უცხოპლანეტელების ფორმებზე ჩვენი წარმოსახვის ცვლილებაც მოჰყვა.

ხოლო უკვე 1898 წელს გამოსულ წიგნ The War of Worlds-ში ავტორმა მკითხველს ე. წ. მარსიანელები გააცნო — ანუ გიგანტური თავის მქონე არსებები, რომლებსაც არც სხეული აქვთ და უფრო მეტად მწერს მოგაგონებთ. მეტიც, ავტორის წარმოდგენებით, ისინი ადამიანის სისხლით იკვებებოდნენ. ამ ნარატივმა კი ლიტერატურაშიც საკმაოდ ძლიერად მოიკიდა ფეხი.

რაც შეეხება უცხოპლანეტელების თანამედროვე გაგებას, ამას კვლავ ჰოლივუდს მიაწერენ, რომელმაც გვაჩვენა, ვიზუალურად როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იგი. ახლა კი ამას ტექნოლოგიური წინსვლაც დაემატა, რაც ჩვენს წარმოსახვას ვიზუალურ სახეს აძლევს…

შემზარავი პოსტი დაიდო!

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონის, სებასტიან ფეტელის კარიერული გზა