in

სრულიად უცნობმა ადამიანებმა, შესაძლოა, თქვენი მუსიკალური სიით ამოგიცნონ!

ამისათვის 3 სიმღერა სრულიად საკმარისია…

თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რამდენად ადვილია ადამიანის იდენტიფიცირება მისი მუსიკალური სიიდან სამი სიმღერის საფუძველზე. “მითხარი რას უსმენ და გეტყვი, ვინ ხარ შენ”…

როდესაც კომპანიები, როგორიცაა სფოთიფაი, მომხმარებლის მუსიკალურ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტის (AI) გასავითარებლად იყენებს, ავტომატურად იშლება თქვენი სახელი, ანგარიშის ნომერი ან ნებისმიერი სხვა დეტალი, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირებას ემსახურება. ასე რომ, რჩება მხოლოდ ნედლი მონაცემები – მაგალითად, რამდენჯერ ან რა ხანგრძლივობით მოუსმინეთ ამა თუ იმ სიმღერას.

ამ ყველაფრის მიღმა მართლაც დიდი იდეა დგას – Spotify-სა და Pandora-ს, სასურველი მელოდიის მომხმარებლისთვის მოსაწოდებლად, არ სჭირდება იმის გაგება, თუ ვინ ხართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დღევანდელ სამყაროში კონფიდენციალურობას დიდი ყურადღება ეთმობა – ჩვენ გვჭირდება ისეთი პლატფორმები, რომლებიც პირად მონაცემებს მესამე მხარის კომპანიებს არ აწვდის.

თუმცა, საგულისხმოა, რომ ლეიბლების ამოღების დროს მონაცემები არ იცვლება, ის კვლავ ინახავს იგივე ინფორმაციას… ეს ნიშნავს, რომ საკმარისი, მცირე მონაცემების არსებობის შემთხვევაში, საკმარისად მძლავრ სისტემას შეუძლია, დაადგინოს, ვის უკავშირდება ისინი.

ახალ კვლევაში მკვლევრებმა მომხმარებლების ხელახალი იდენტიფიცირებისთვის მათი მუსიკალური “ჩვევები” გამოიყენეს. ექსპერიმენტის ფარგლებში ნაცვლად ალგორითმის შემცველი ხელოვნური ინტელექტისა, უშუალოდ კვლევის მონაწილე პირები და უცნობი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფები გამოიყენეს – მათ სთხოვეს, 3 სიმღერიანი მუსიკალური სიები დაეთვალიერებინათ და დაედგინათ, ვის ეკუთვნოდა თითოეული მათგანი.

მიღებულმა შედეგებმა მკვლევრებიც კი გააკვირვა. მონაცემების თანახმად, კვლევის მონაწილეებმა ჯგუფის წევრების იდენტიფიცირება მათი მუსიკალური გემოვნების მიხედვით ძალიან მაღალ დონეზე შეძლეს – 80-დან 100%-მდე. თანაც, საგულისხმოა, რომ მათ აქამდე ერთმანეთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ და, შესაბამისად, არც კი იცოდნენ ერთი-მეორის მუსიკალური გემოვნების შესახებ.

მართალია, ექსპერიმენტში მონაწილეობას 150 მომხმარებელი იღებდა, მაგრამ კვლევას შეიძლება სრულყოფილიც კი ვუწოდოთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანები, ვისაც იდენტიფიცირება ევალებოდათ, ექსპერტები არ ყოფილან და არ ჰქონდათ ანონიმური მონაცემების ამ დონზე დამუშავების გამოცდილება – “სიცარიელეში” ჩატარებული ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა.

როგორც მკვლევრები ასკვნიან, “ციფრულ სამყაროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ამ დასკვნებს დიდი გავლენა აქვს პირადი ცხოვრების წესის დარღვევაზე. მით უმეტეს, რომ ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღება სრულიად მოულოდნელი წყაროდანაც შეიძლება”. 

მეცნიერის მიერ გადაღებული მიკროსკოპული არსებების ფოტოები

სავარძელი, რომელსაც კატის სარბენი რგოლი აქვს მიმაგრებული