in

3 რჩევა ფრილანსერებს უწყვეტი შემოსავლის მისაღებად

რამდენადაც კარგია ფრილანსერობა, კომფორტულია, ნაკლებ სტრესულია და ა.შ., იმდენად რთულია მისი ფინანსური მენეჯმენტი. ვისაც ცოტა ხნით მაინც ჰქონია ფრილანსერობის გამოცდილება, ამაში ყველა დაგვეთანხმება. სტაჟიან და თავის საქმეში ცნობად შემოქმედებსაც უთქვამთ, რომ დიდხნიანი საოფისე სამსახურიდან ფრილანსერობაზე გადასვლა მარტივი არ იყო, დამკვეთები ხან ჩანდნენ, ხან – არა. 

რას ვშვრებით ამ დროს და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ფინანსური უსაფრთხოება ისე, რომ კვლავ ოფისში ჯდომა არ მოგვიწიოს (ფრილანსერობის შემდეგ ცოტა რთულია) – ჩვენ სხვადასხვა ფრილანსერის რჩევები მოვიძიეთ ვებში და ერთად შეკრულს გიზიარებთ.

წესი #1 – დანაზოგი

გნებავთ, სეიფი დაუძახეთ და გნებავთ მუთაქა, მთავარია, იქონიოთ დანაზოგი, რომელიც ჩავარდნილ პერიოდებს ამოავსებს. უფრო აკადემიურად ამას ფინანსური უსაფრთხოების ბადეს უწოდებენ. ყოველთვის უნდა გქონდეთ რეზერვი, წერენ ფრილანსერები, რომელსაც არ შეეხებით უმიზეზოდ. ის დაგიცავთ, რომ არ გქონდეთ შფოთვა და მომზადებული შეხვდეთ რთულ დროს.

წესი #2 – გაამრავალფეროვნეთ შემოსავლის წყაროები

ფულის მუდმივი შემოდინების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა დივერსიფიკაცია როგორც კლიენტების სექტორებში, ასევე შემოსავლის ტიპებში. დღეს კრეატიული ინდუსტრია იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა სფეროდან გყავდეს დამკვეთები და შენი შემოსავალი მხოლოდ ერთ საქმეზე არ იყოს დამოკიდებული. ხშირად ფრილანსერები ამ შეცდომას უშვებენ და ერთი პროექტითაც კმაყოფილდებიან, მით უმეტეს, თუ იმ ერთ საქმეში კარგ ანაზღაურებას იღებენ. 

„რატომ უნდა დავიტვირთო თავი, ისედაც კარგად ვარ” – ლოგიკურია, თუმცა, როცა ის პროექტი მთავრდება, შეიძლება მეორე არ გამოჩნდეს ისე სწრაფად, როგორც ელოდებოდით და ამ დროს რა ხდება? რჩებით შემოსავლის გარეშე, ამიტომ ყოველთვის ჯობს, გქონდეთ ერთზე მეტი პროექტი. ამით დანაზოგსაც უფრო თამამად გადადებთ და ფინანსური უსაფრთხოების განცდაც მეტად გექნებათ.

წესი #3 – სწორი კომუნიკაცია კლიენტთან ფინანსების თაობაზე

ესეც გავრცელებული შეცდომაა. ფრილანსერი დიზაინერები, ფოტოგრაფები, ქოფირაითერები და სხვები ხშირად არ უთანხმდებიან პირველივე მოლაპარაკების დროს ბიუჯეტისა თუ გადახდის პირობების შესახებ და შემდეგ ეს იწვევს დიდ გაუგებრობებს. ფრილანსერობა მხოლოდ სასურველ დროს და სასურველი ადგილიდან მუშაობა კი არაა, არამედ საქმიანი კომუნიკაციის სწორი წარმართვაც არის. 

ყველაზე სწორი კომბოა კონტრაქტის დადება+30% ავანსი სტარტის ასაღებად და შემდეგ დარჩენილი 70%-ის განაწილება ან სრული დაფარვით პროექტის საბოლოო ჩაბარებამდე ან ეტაპობრივად.

ეს დაგეხმარებათ, რომ თავი ფინანსურად დაცულად იგრძნოთ. ჯერ ერთი, კონტრაქტს იურიდიული ძალა აქვს, მეორე მხრივ კი, ავანსის დარიცხვა კლიენტსაც მეტ სტიმულს უჩენს, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქმე და ჩაიბაროს პროექტი და თქვენც თვეების განმავლობაში არ მოგიწევთ ლოდინი, როდის დაასრულებთ პროექტს, რომ გასამრჯელო მიიღოთ.

საერთო ზოგადი რჩევა კი ისაა, რომ კონცენტრირდეთ დიდხნიან თანამშრომლობებზე. მაგალითად, არ აიღოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა ერთი პოსტერის მომზადება ფეისბუკგვერდისთვის. ის არც ფინანსურადაა მომგებიანი და არც თქვენი პორტფოლიოსთვისაა დიდად სახარბიელო.

უმჯობესია, გახვიდეთ ისეთ კომპანიებზე, რომლებიც დიდ და სარფიან პროექტს დაგიკვეთავენ. ასე მათთან უფრო დიდხანს ითანამშრომლებთ, ურთიერთობასაც ააწყობთ და დიდი შანსია, რომ თქვენთან ერთად სხვა პროექტებიც დაგეგმონ ან გადაწყვიტონ, რომ მუდმივად აწყობთ თქვენთან თანამშრომლობა, თუნდაც, ფრილანსერ დონეზე. 

ამისთვის საჭიროა, არ გადააცილოთ ვადებს დაპირებული ამოცანები და ხარისხიანი ნამუშევარი ჩააბაროთ. სულ ყველაზე მეტად კი დამკვეთს უყვარს, როცა უსმენენ. თავისი იდეები ყველაზე ძვირფასია მისთვის და აყვანილი თანამშრომელი, რომელსაც მათი მოსმენა შეუძლია, ძალიან ახლობელი ხდება. 

გაითვალისწინეთ გამოცდილ ფრილანსერთა რჩევები და შექმენით თქვენი ფინანსური უსაფრთხოება.

კუნ-ფუ თუ კუნ-ფრი? — McDonald’s 5 ილეთს გვაცნობს ჩვენი კარტოფილის დასაცავად

Framework Laptop 16 — პერსონალური კომპიუტერის სიმძლავრე და ლეპტოპის კომპაქტურობა ერთ მოწყობილობაში