UX ინდუსტრიაში მუშაობა მუდმივ მოძრაობაში ცხოვრებას ნიშნავს. ამ სფეროში ყოველდღიურად იცვლება ტექნოლოგიები, უნარები, ბიზნეს გამოწვევები და მომხმარებლის მოლოდინები. ამ თემას წინ უძღვის მასობრივი განთავისუფლება Facebook-დან, Google-დან და Amazon-დან, ეკონომიკური სტაგნაცია. ეს კი დიზაინერებს უჩენს კითხვებს – რა ბედი ელით მათ, მასობრივი რეცესიის ფონზე?
სასიხარულო ამბავი ის არის, რომ მუდმივად ცვალებად სფეროში მუშაობა გვიბიძგებს ვადაპტირდეთ, ვიყოთ უფრო მახვილგონიერები და მობილიზებულები. ეს შესაძლებლობები საჭიროა, რათა მივყვეთ იმ ტრანსფორმაციას, რასაც ეს გარემო გვიქმნის, მათ შორის, UX მიმართულებით.
AI რევოლუციას ნუ შეუშინდებით, პირიქით, ეცადეთ ადაპტირდეთ და ინდუსტრიაში მიმდინარე ევოლუციას აუწყოთ ფეხი. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია მიმდინარეობს და ტექნოლოგიური გიგანტებიც კი სერიოზულ ეტაპს გადიან. უკვე ნათელია AI სტარტაპების მომავალი ეფექტურობა და არსებული მოთამაშეების ახალი AI პროდუქტების შეთავაზებებიც მომრავლდა. ChatGPT-ის გამოშვებამ Google-ის მენეჯმენტი დააფრთხო და ამ უკანასკნელმა „წითელი კოდი“ გამოაცხადა. არაავთენტური, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა კონტენტმა შეიძლება დააჩქაროს ძირითადი სოციალური მედიიდან, როგორიცაა Facebook და Instagram, კერძო ქსელებსა და დეცენტრალიზებულ ალტერნატივებზე გადასვლა. ამავდროულად, Microsoft OpenAI-ში სერიოზულ ინვესტიციას აპირებს, Apple-მა შესაძლოა AI-ზე მომუშავე ოპერაციული სისტემა დანერგოს, როგორც ეს ნათლად ჩანს ფილმში “Her”.
UX უნდა მოერგოს AI გამოცდილებას. ფილმში Her, მთავარი გმირი (რომლის როლსაც ხოაკინ ფენიქსი ასრულებს) AI-ზე მომუშავე ოპერაციულ სისტემას ყიდულობს, თავისი მობილური მოწყობილობისთვის. მისი გამოყენებისას, ვერბალური ურთიერთქმედება AI-სთან, პირველ რიგში, მივყავართ UX-კენ არა მოწყობილობის ფიზიკურ UI-კენ. რა როლს ასრულებს ასეთ სამყაროში UX დიზაინერი? რაც უფრო ვუახლოვდებით ამ რეალობას, მით უფრო ნათელია ეს მოსალოდნელი ძირითადი ცვლილებები.
დიზაინი უფრო ინტერაქციული და კონცეპტუალური გახდება. AI-გენერატორებს უფრო მეტად შეეძლებათ გვესაუბრონ ადამიანურ ენაზე, UX დიზაინი ხელშესახები ინტერფეისიდან სასაუბრო ინტერფეისებზე გადავა და კრიტიკულ უნარად იქცევა UX დიზაინერებისთვის. გამოცდილების შექმნა გადამწყვეტი იქნება ამ ახალ სამყაროში, ამდენად, დიზაინერებს მოუწევთ წინასწარ განსაზღვრონ და ვიზუალურად წარმოიდგინონ საუბრის გზები, რომლებიც მომხმარებლებს ეკომფორტულებათ. გარდა ამისა, დიზაინერებს დასჭირდებათ კომუნიკაციის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს AI, მისი ვიზუალური ალგორითმები და გადაწყვეტილების ხე.
ფსიქოლოგია საჭირო უნარების სათავეში მოექცევა.
მომხმარებლის ფსიქიკური მოდელების, კულტურული კონტექსტისა და ემოციების კვლევა და აღქმა სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. გარდა ამისა, მნიშვნელობა ენიჭება ქცევით დიზაინს, რომელიც ითვალისწინებს მოტივებსა და ფაქტორებს, რაც გავლენას ახდენს ქცევაზე. ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს AI გამოცდილების შექმნაში და ხელს შეუწყობს ჯანსაღ ურთიერთქმედებასა და ფსიქიკურ კეთილდღეობას.
ეთიკური საკითხები უფრო მეტად წამოიწევს წინ
ფილმში Her, ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც სკარლეტ იოჰანსენი ახმოვანებს, რომანტიკულ ურთიერთობაშია გმირთან. რამდენად ეთიკური იყო ეს? სანამ უპასუხებთ, გაითვალისწინეთ, რომ AI პროდუქტი მთავარმა გმირმა შეიძინა კომპანიისგან, რომელსაც ჰქონდა წვდომა გმირის ყველა პერსონალურ მონაცემზე და მასზე დაკვირვება 24 საათის განმავლობაში შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოგონილი სცენარია, ინტიმური ურთიერთობის შესაბამისი დონის განსაზღვრა AI-სა და მის მომხმარებლებს შორის ურთიერთობაში მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მრავალი საკითხიდან, რომლებიც უკვე ჩნდება AI-სთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ დიზაინის ეთიკური პრაქტიკა და ეს მხოლოდ დიზაინს არ ეხება.
თანასწორობა და პასუხისმგებლიანობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება
მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ხელოვნური ინტელექტთან მუშაობამ კულტურული, გენდერული თუ რასობრივი მიკერძოება აგვარიდოს თავიდან. სამწუხაროდ, არსებობს Microsoft-ის საჯარო ექსპერიმენტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, სახელწოდებით Tay. ის შეიქმნა, რათა მიებაძა თინეიჯერისთვის და Twitter-ზე მომხმარებლებთან ჰქონოდა ურთიერთობა. საბოლოოდ, მან სწრაფად აითვისა უარყოფითი უნარები და ჩამოყალიბდა უსინდისო, ქსენოფობიურ რასისტად. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაქირავებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებისას აძლიერებს მიკერძოებასა და არსებულ უთანასწორობას. ამდენად, AI-ის გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თანასწორობაზე აქცენტირება და შესაბამისად, შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებაც.
ვებდეველოპმენტის ცველილება UX-ის ცვლილებასაც გამოიწვევს
ამ დრომდე, ChatGPT ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო პროგრამისტების დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაზრდილი სისწრაფე და ეფექტურობა შეიძლება დეველოპერების შემცირების საბაბად იქცეს, მეტად სავარაუდოა, რომ ბიზნესებიი AI კოდირების ახალ შესაძლებლობებს ნელი კონკურენტების უკან მოსატოვებლად გამოიყენებენ. ეს შეიძლება იყოს სასარგებლო დიზაინერებისთვისაც, რადგან უფრო დიდი რესურსები დაიხარჯება მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
საერთო ჯამში, დიზაინერები ეტაპობრივად, უკეთესი ადამიანური გამოცდილების შექმნისკენ წავლენ. მათი საქმიანობა უფრო მეტად ჰოლისტიკური გახდება – დიზაინერებს შუძლიათ ხელი შეუწყონ კლიმატური ცვლილებების მავნებლურ პრაქტიკასთან ბრძოლას. შეგიძლიათ თქვენი უნარები გამოიყენოთ ინსტრუმენტებისა და გამოცდილების შესაქმნელად, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადობას, თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობას. ეს შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ ან საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ჯანდაცვის თანასწორობის გაუმჯობესებას, მდგრად პრაქტიკაზე გადასვლას, ადამიანის უფლებების დაცვას და სხვა მიმართულებებს. დიზაინი სამთავრობო სამოქალაქო ტექნოლოგიების მიმართულებით უფრო მეტად გააქტიურდება.
დიზაინი ჯანდაცვის სფეროსაც მოიცავს. მაგალითად, პანდემიის დროს, სწორედ დიზაინერების მონაწილეობით შემუშავდა მოქნილი ციფრული ინფრასტრუქტურა, რაც სიცოცხლის გადარჩენასა და ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.
UI/UX დიზაინის მომავალია AR/VR ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში აქტიურად იმკვიდრებს თავის ადგილს. ესაა სრულიად ახალი რეალობა, რომელშიც დიზაინერებს მნიშვნელოვანი როლი ექნებათ, როგორც ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განცდა და აღქმა, მომხმარებლების საჭიროებების მიმართ და შეუძლიათ შექმნან დაუვიწყარი სამომხმარებლო გამოცდილება.
წყარო: uxdesign