in

რატომ გვახსენდება უხერხული მომენტები გამუდმებით?

M2
M2

ერთი რამ ყველა ადამიანისთვის საერთოა — წარმოუდგენელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გქონოდათ ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და მოულოდნელად წარსულში განცდილი მარცხი გახსენდებათ… იქნება ეს პირადი წარუმატებლობა თუ სოციალური შეცდომა. საინტერესოა, რატომ ჩნდება ეს უარყოფითი მოგონებები ჩვენს თავში? და რატომ ვგრძნობთ უხერხულობას დიდი ხნის გასვლის შემდეგაც?

ამჟამად ითვლება, რომ ჩვენი წარსულის გამოცდილების დამახსოვრების ორი გზა არსებობს. ერთი გზა მიზანმიმართული და ნებაყოფლობითია — მაგალითად, როცა ცდილობთ გახსოვდეთ, რა გააკეთეთ გუშინ სამსახურში ან რა ჭამეთ ლანჩზე გასულ შაბათს. ეს მოიცავს მიზანმიმართულ და შრომატევად პროცესს, რადგან გონებაში კონკრეტული მოგონებისთვის საჭირო ადგილს ვეძებთ.

ხოლო მეორე გზა უნებლიე და სპონტანურია — ეს არის მოგონებები, რომლებიც უბრალოდ „ჩნდება“ ჩვენს გონებაში და შეიძლება არასასურველიც კი იყოს. უბრალოდ, მათ ვერ გავექცევით, რადგან მეცნიერების თქმით, ჩვენი წარსული გამოცდილება წარმოდგენილია უჯრედების დაკავშირებულ ქსელებში, ნეირონებში. მაგალითად, მოგონებებს შეიძლება  საერთო ტიპის კონტექსტი ჰქონდეს, წარმოიშვას ცხოვრების მსგავს პერიოდებში ან ემოციური და თემატური ბმა გააჩნდეს.

ამასთან, მეხსიერების თავდაპირველი გააქტიურება გარე სტიმულებსაც შეუძლია — იქნება ეს ხმა, გემო, სუნი თუ ვიზუალი. ან მაპროვოცირებლად შინაგანი სტიმულიც გვევლინება ხოლმე — აზრები, გრძნობები, ფიზიკური შეგრძნებები. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ მეხსიერების შემცველი ნეირონები გააქტიურდება, მათთან დაკავშირებული მოგონებები უფრო მეტად „ამოტივტივდება“ ცნობიერებაში.

რატომ განვიცდით წარსულის მოგონებებს მძაფრად?

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნეგატიურ მოგონებებს გაცილებით ძლიერი ემოციური კონოტაცია აქვს, ვიდრე პოზიტიურს. ამის ფონზე, ადამიანები მეტად მოტივირებულნი არიან, თავიდან აიცილონ, დაივიწყონ ცუდი შედეგები და უხერხული სიტუაციები, ვიდრე რაღაც კარგი ეძებონ — შესაბამისად, უნებლიე მოგონებებმა შეიძლება ძლიერი მწუხარება, შფოთვა და საკუთარი თავის მიმართ სირცხვილიც კი გვაგრძნობინოს.

ობიექტურად თუ შევაფასებთ, ეს არც ისე ცუდია, რადგან წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვსწავლობთ. უბრალოდ, ზოგიერთ ადამიანს ეს ზედმეტად ხშირად ემართება, თანაც მეტისმეტი სიმძაფრით. ერთ-ერთი ახსნა იმისა, თუ რატომ ხდება ეს, ემყარება განწყობის შესატყვისი მეხსიერების კვლევას. ეს არის ტენდენცია, რომ უფრო მეტად გავიხსენოთ მოგონებები, რომლებიც ჩვენს ამჟამინდელ განწყობას შეესაბამება. სხვა სიტყვებით, თუ სევდიანად ხართ, მეტად გაიხსენებთ იმედგაცრუებასთან, სირცხვილთან ან მსგავს ემოციებთან დაკავშირებულ მომენტებს.

შეგვიძლია უარყოფითი მოგონებების „შეჩერება“?

კარგი ამბავი ის არის, რომ მოგონებები ძალიან ადაპტირებადია. როდესაც რაიმეს ვიხსენებთ, შეგვიძლია დავხვეწოთ იგი და შევცვალოთ ჩვენი აზრები, გრძნობები და წარსული გამოცდილების შეფასება.

პროცესში, სახელწოდებით „რეკონსოლიდაცია“, ცვლილებების ისე განხორციელება შეიძლება, რომ გახსენებისას მოგონებები რეალური ემოციური ფონისგან განსხვავებული იყოს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ დრო, როდესაც ვწუხდით გასაუბრების გამო, რომელმაც ცუდად ჩაიარა… მისი ხელახალი ფორმულირება კი შეიძლება ზოგიერთი ასპექტის დამახსოვრებას მოიცავდეს, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა.

გამოცდილების გონივრული გადაწერის ამ პროცესის მეშვეობით, იმედგამაცრუებელი მოგონებების მნიშვნელობა შეიძლება შემცირდეს და ჩვენი კეთილდღეობა გაუმჯობესდეს.

მეცნიერები ვარსკვლავთშორისი ობიექტის „დაჭერას“ გეგმავენ

„მეგზურსაც გააჩნია“ – SOCAR Georgia Petroleum-მა კამპანიის მესამე ვიდეორგოლი გამოუშვა