„ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაუმერი უზბეკეთის საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა UzBuild 2024-ზე იყო წარმოდგენილი. გამოფენამ სტარტი 27 თებერვალს აიღო და ის 1 მარტს დასრულდა.
ბაუმერი 10 წელია ბაზარზე ოპერირებს და მისი გუნდი ექსპერტული ცოდნის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან გახლავთ დაკომპლექტებული. კომპანიის მთავარ საქმიანობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, MEP სისტემების ბაზარზე სრული სერვისის მიწოდება წარმოადგენს. ამ წლების განმავლობაში ბაუმერს უკვე 250-ზე მეტი სამრეწველო და საცხოვრებელი პროექტი აქვს განხორციელებული.
„ბაუმერი ტაშკენტში ადგილობრივი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს. უზბეკეთით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც აღნიშნული ქვეყნის ბაზარი შევისწავლეთ, გავითვალისწინეთ რამდენიმე ქართული კომპანიის წარმატებული ისტორია და ჩვენი კომპანიის საქმიანობის სფეროს მიმართულებით, დიდი პოტენციალი დავინახეთ. უზბეკეთის მოსახლეობა 36 მილიონს შეადგენს და მისი მოსახლეობის ნახევარი 25 წლამდე ასაკის გახლავთ. ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, განვითარების ახალ ეტაპზეა გადასული და იქ მშენებლობების ბუმია. ქვეყანა, მისი განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, სწორედ იმ მომსახურებებს საჭიროებს, რომელთა შეთავაზებაც ჩვენ შეგვიძლია თუნდაც საინჟინრო პროექტირების მიმართულებით და არა მხოლოდ“, – აცხადებს მარკეტერთან საუბარში „ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ლევან ყირიმლიშვილი.
კომპანიამ გამოფენაზე კონსულტირების, პროექტირების, მონტაჟისა და ექსპლუატაციის შემდგომი სერვისები სრულად წარადგინა და შეკრებილ საზოგადოებას გააცნო დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ კონსულტირდება MEP პროექტები, როგორ ქმნიან ბაუმერის გამოცდილი ინჟინრები მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებს ნებისმიერი სირთულის პროექტისთვის, თუ როგორ უზრუნველყოფს კომპანია MEP მასალების მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, ხარისხიანი მასალების იმპორტსა და ინსტალაციას და როგორ უზრუნველყოფს კომპანია ექსპლუატაციის შემდგომ, სრული სისტემის მართვას, მონიტორინგსა და საჭირო რეგულარული სამუშაოების ჩატარებას.
UzBuild 2024-ში მონაწილეობა დარგში მოღვაწე კომპანიებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ის საერთაშორისო სამშენებლო საზოგადოებაში კარგად ცნობილი პროფესიული ფლაგმან-ღონისძიებაა, რომლის ყოველწლიურ გამოფენებზეც სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამშენებლო ტექნიკის ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლების საუკეთესო მიღწევები და გამოცდილებაა წარმოდგენილი.
UzBuild ერთადერთი ივენთია საგამოფენო ინდუსტრიაში, რომელმაც მსოფლიო ასოციაციის (UFI) დამტკიცებული ღონისძიების სტატუსი მოიპოვა და ის უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობისა და კერძო სექტორის ოფიციალური მხარდაჭერით ტარდება.
„UzBuild-ის გამოფენაში მონაწილეობა მისი 25-წლიანი წარმატების ისტორიიდან გამომდინარე მივიღეთ. მის ორგანიზებაში ქვეყნის ყველაზე წარმატებული კომპანიები არიან ჩართულნი. UzBuild კერძო სექტორისა და სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობის მხარდაჭერით სარგებლობს და მისი რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბებზე გადის. ჩვენთვის ასევე მიმზიდველი და საინტერესო გახლდათ გამოფენაში მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებს შორის პოზიციონირების, უშუალო კომუნიკაციისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც“, – აცხადებს მარკეტერთან საუბარში „ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ლევან ყირიმლიშვილი.
გამოფენაში ბაუმერთან ერთად სხვა ქართული კომპანიებიც მონაწილეობდნენ: „ლეიაუთ პროჯექტი“, „ველტი“ და „დაიკინ-ეარტოპი“.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, უზბეკეთის სავაჭრო პალატის, ადგილობრივი არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიებისა და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩაინიშნა. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ინდუსტრიის მთავარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
[R]