პირველი სამსახურის გამოცდილება, შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ მივიღე. პირველად არაოფიციალურად, როცა ტრენინგ ცენტრში დავიწყე მუშაობა და მეორედ – „კია მოტორსში“ (იბერია ბიზნეს ჯგუფში). ამიტომ, ორივე მათგანზე მოგიყვებით.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს ურთიერთობებზე ვსწავლობდი. სწავლის პარალელურად, მეორე კურზე, გადავწყვიტე მარკეტინგის კურსი გამევლო ერთ-ერთ ტრენინგ ცენტრში.
ეს ის დროა, როცა ბაზარი ჯერ არ იყო გაჯერებული, ტრენინგ ცენტრები იშვიათი იყო, ბიზნეს კურსებზე მოთხოვნა კი – მაღალი. ერთ-ერთი საუბრის დროს, ცენტრის დირექტორმა გამიზიარა, რომ გაფართოებაზე აქტიურად ფიქრობდა. ამ შესაძლებლობამ ძალიან დამაინტერესა. კურსის გავლის შემდეგ, ინვესტორის მოძიება დავიწყე და ვიპოვე კიდეც. ამ ადამიანმა სატრენინგო ცენტრი საკმაოდ მასშტაბურ სასწავლებლად გადააქცია. მე კი გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით დავიწყე მუშაობა. პირველი ხელფასი 250 ლარი გახლდათ, ანაზღაურება ძირითადად გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული. განახლებულ სასწავლებელში ერთი წელი ვიმუშავე და შემიძლია ვთქვა, საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე.
ჩემი გეზი სასწავლებლად წასვლამ შეცვალა. განათლების საზღვარგარეთ მიღება ყოველთვის მაინტერესებდა. მსურდა იქ მიღებული ცოდნით დავბრუნებულიყავი საქართველოში და აქ მემუშავა. ამიტომ, ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად ბრიტანეთში, ნოტინგემის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის პროგრამაზე ჩავაბარე.
საზღვარგარეთ სწავლის პარალელურად, ზამთარსა და ზაფხულში საქართველოში ჩამოვდიოდი, რათა ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცდები ჩამებარებინა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ორი უმაღლესი პარალელურად დავამთავრე. სწავლის ბოლო კურსზე ნოტინგემში უკვე დარწმუნებით ვიცოდი, რომ საქართველოში მინდოდა დაბრუნება და სამსახურის ძებნა დისტანციურად დავიწყე.
სწორედ მაშინ ვნახე ვაკანსია „კია მოტორსში“, სადაც მარკეტინგის მენეჯერის შერჩევა მიმდინარეობდა. გასაუბრებებში ონლაინ ჩავერთე, გავიარე ეტაპები და თბილისში დაბრუნებიდან უკვე მეორე კვირას, სამსახურშიც გავედი. კარგად მახსოვს პირველი დავალება – სტრატეგიული მარკეტინგული გეგმა უნდა მომემზადებინა. თავი წარმატებით გავართვი და მომდევნო ეტაპზე, ამ გეგმის შესრულებაზე დავიწყე მუშაობა. მახსოვს, პირველი გამოწვევა, რაც შემდეგ, სხვა სამსახურებშიც გამოვცადე – ეს იყო გააზრება, რომ მარკეტინგს და მთლიანობაში, ბიზნესს მხოლოდ თეორიული ცოდნით ვერ ისწავლი, რადგან ეს სფერო ყოველწლიურად საგრძნობლად ვითარდება და აუცილებელია პრაქტიკული გამოცდილების გამდიდრება და ახალი უნარ-ჩვევების შეძენაზე მუდმივად მუშაობა.
ვახო ანთაძე – „ბორჯომის“ გლობალური ბრენდისა და ბიზნესის განვითარების დირექტორი