8
Jan
2018

რა გვასწავლა 2017-მა წელმა? – ვაკო ქვაჩახიას #აზრები

8 Jan 2018

M2
M2


ვეღარ ვითარდები სამსახურში? შენი ყოველდღიურობა მოსაწყენია? ბუნდოვნად ხედავ მომავალს და არც გამოსავალი ჩანს? დღეებს შაბათი-კვირის მოლოდინში ატარებ?  გიფიქრია, რამდენ ხანს უნდა გააგრძელო ასე? ხომ გინდა, რომ ბედნიერი იყო? ბედნიერება ყველას განსხვავებულად ესმის.


ზოგი ფიქრობს, რომ ბედნიერებაა, როცა შენი სურვილები  რეალობას ემთხვევა, როცა პრობლემების მოგვარება შეგიძლია, როცა ვითარდები. მოკლედ, თეორია ბევრი არსებობს,  მაგრამ ამაზე დრო არ დავკარგოთ, იმიტომ, რომ ყველა ეს თეორია სწორია.

დიდი მადლობა მარკეტერს ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან მომწონს ეს იდეა, მაგრამ ნამდვილად  ვიცი, რომ სულ არ გაღელვებს, მე რა ვისწავლე 2017 წელს, ამიტომ რამაც შეიძლება შენი წელი შეცვალოს ქვემოთ ჩამოვწერ.

ხშირად ხდები ავად? შენი იმუნიტეტის ბრალია! მეტი T – Cell  გჭირდება. კვირაში სულ მცირე 3 დღე უნდა ივარჯიშო და ასეთი უჯრედი მეტი გექნება. ამ უჯრედების ზრდა ავტომატურად იწვევს იმუნური სისტემის გაძლიერებას. მოკლედ რომ ვთქვათ, სულ “ხოდზე” იქნები.

T-Cell

საშინლად გძინავს და სულ დაღლილი იღვიძებ? კარგად გამოძინებისთვის სულ მცირე 8 საათი ჯანმრთელი ძილი გჭირდება. დამიჯერე, როგორც კი ვარჯიშს დაიწყებ ძალიან საკაიფოდ დაგეძინება!

ფიქრობ, რომ კლუბური ნარკოტიკი გამოსავალია? ბედნიერება სინთეთიკის გარეშეც მიიღწევა. ვარჯიშის დროს ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონები გამოიყოფა. ცოტა გვიან ხსნის, მაგრამ  დამიჯერე ბევრად უკეთესია. გაითვალისწინე სინთეტიკური ნარკოტიკი პირდაპირ შენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და იმპოტენციას იწვევს. თანახმა ხარ რამდენიმე წელიწადში შენი საყვარელი სათამაშოს გარეშე დარჩე?

გიჭირს ემოციების კონტროლი და დაგეძაბა ურთიერთობები? ყველაფერი კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) ბრალია, მოკლედ სტრესულ ვითარებაში ტვინი ორგანიზმს აძლევს ბრძანებას აწარმოოს ეს ჰორმონი, დამიჯერე თუ რომელიმე შენს საქციელზე ნანობ 90% ასეთ დროს ჩადენილია. მეცნიერულად კი დამტკიცებულია, რომ ვარჯიში ამცირებს კორტიზოლის რაოდენობას. ნაკლები კორტიზოლი უდრის ნაკლებ სტრესს, შესაბამისად, ნაკლებ შეცდომას.

დარბაზში სიარულის ფული არ გაქვს? არაუშავს, სავარჯიშო ძელით, პრესის რგოლით ან ლახტით შეგიძლია სახლშიც ივარჯიშო. თან შესაძლებელია ეს ყველაფერი ორი “რედ ბული-არყის” ფასად იყიდო. თუ დაგითვლია, რა თანხას ხარჯავ სიგარეტში? გამოვიცნო? დაახლოებით იმდენს, რაც სავარჯიშო დარბაზის აბონიმენტი ღირს.

მოკლედ, შეგიძლია ეს ბოდვა დაივიწყო და გააგრძელო ცხოვრება ისე, როგორც გაგიხარდება. ან ხვალვე დაიწყო ვარჯიში! მერე ყველაფერი დომინოს პრინციპით ხდება: სწორ კვებაზე გადადიხარ, ტვინი უკეთესად მუშაობს, საკუთარი თავის განვითარებაზე იწყებ ფიქრს, მეტად მკაფიოდ ხედავ მომავალს და თავდაჯერებული ხდები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკეთესი მეგობარი, ქმარი ან ბოიფრენდი ხდები. პირად ურთიერთობებს მარტივად ალაგებ, სირთულეების არ გეშინია და ბედნიერი ხარ! უბრალოდ ბედნიერი!

განხილვა