უკვე ერთი წელია, ყველგან და ყოველთვის საუბარი ვაქცინაციის ირგვლივ ტრიალებს… ხართ თუ არა აცრილი, გაქვთ თუ არა ორივე დოზა მიღებული. ან, რომელ ვაქცინაზე შეაჩერეთ არჩევანი — Pfizer, AstraZeneca, Moderna, Sinopharm თუ Sinovac? ამ ყველაფრის ფონზე Oxford Languages-მა “ვაქცინა” (Vax) წლის სიტყვად დასახელდა.
გასულ წელს გადაწყდა, რომ 2020-ის ერთი სიტყვით აღწერა შეუძლებელი იყო… ახლა კი კომპანიის თანახმად, რომელიც ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონს აწარმოებს, “ინგლისური ენაც ვაქცინირებულია ამ სიტყვით”. სექტემბერში, გასულ წელთან შედარებით, აღნიშნული სიტყვის გამოყენება 72-ჯერ გაიზარდა. ასევე, გახშირდა ამ კონტექსტში არსებული სხვა სიტყვების გამოყენება — მათ შორის “სრულად ვაქცინირებული” და “ვაქცინაციის ბარათები”.
Oxford Languages-ის ანალიზის მიხედვით, ბიძგი, რომელიც ამერიკულ ინგლისურში დაიწყო, ახლა მეტად გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში. თანაც, ტენდენცია სხვა ენებშიც შეინიშნება — მაგალითად, პორტუგალიაში სიტყვა ვაქცინის გამოყენება 10-ჯერ გაიზარდა, ვიდრე ათი წლის წინ. ხოლო საფრანგეთში “ვაქცინა” თითქმის ექსკლუზიურად ეხება Covid-19-ს.
საგულისხმოა, რომ სიტყვა Vax იმ ადამიანების აღსაწერადაც გამოიყენება, ვინც ინექციას ეწინააღმდეგება, როგორც “ანტივაქსერი”. “ენის მონაცემების შესწავლისას, ვაქცინა აშკარა არჩევანი იყო. პირველი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, სიტყვის გამოყენების უეცარი ზრდა იყო. შემდეგ კი მისი გაანალიზება დავიწყეთ და ცხადი გახდა, როგორ მოექცა იგი ენის ცენტრში” — განმარტავს კასპერ გრატუოლი, Oxford Languages-ის პრეზიდენტი.
ვაქცინის კონცეფცია ინგლისურ ენაში 1790-იანი წლების ბოლოდან არსებობს. ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც ედუარდ ჯენერმა აღმოაჩინა, რომ ვაქცინის გამოყენება სასიკვდილო ვირუსის, ჩუტყვავილას წინააღმდეგ შეიძლებოდა. თუმცა არასდროს ყოფილა სიტყვა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა. შეიძლება ითქვას, იგი ვირუსულად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, რაც სრულებით ბუნებრივია… ეს ყველაფერი ხომ დროის სულისკვეთებას და ჩვენს წინაშე არსებულ საკითხებს ასახავს. კორონავირუსმა კი ახლა ყველაზე მეტად დაგვაფიქრა ვაქცინებზე, ვიდრე ოდესმე.
ცხადია, სოციალური მედია დიდ როლს ასრულებს სიტყვა Vax-ის პოპულარობის ზრდაში. მაგალითად, ტერმინი “ორმაგად ვაქცინირებული” სწორედ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ძალიან სწრაფი ტემპით. ამჟამად, ლექსიკოგრაფები აკვირდებიან, როგორ მოქმედებს ერთი თემა ასე ძლიერად ენაზე და როგორ ხდება ასეთ მოკლე დროში ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი.