in

Covid-19-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენების 2/3-ზე მეტს ნოცებოს ეფექტი იწვევს — კვლევა

კვლევა Beth Israel Deaconess Medical Center-ის (BIDMC) მკვლევრება ჩაატარეს

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით მრავალი შეხედულება არსებობს. ზოგიერთი მათ უნდობლობას უცხადებს, ზოგი კი გვერდითი ეფექტების გამო ფრთხილობს. სწორედ გვერდით ეფექტებს ეხება Beth Israel Deaconess Medical Center-ის (BIDMC) მკვლევრების მიერ ახლად ჩატარებული კვლევა — კერძოდ, მათ ცდისპირებზე ნამდვილი ვაქცინა და პლაცებო გამოცადეს.

M2
M2

შედეგად, ორივე ჯგუფში შეინიშნებოდა სტანდარტული გვერდითი ეფექტები. მეცნიერების თქმით, ნამდვილი ვაქცინის შემთხვევაში გაცილებით მეტი იყო თავის ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნება… თუმცა მათ მესამედს, ვინც პლაცებოს ინიექცია მიიღო, ანალოგიური სიმპტომები აღენიშნებოდა.

პლაცებოს ეფექტი ყველასათვის ცნობილი ფენომენია, რომელიც ადამიანის ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობას ფარმაკოლოგიური ჩარევის გარეშე აუმჯობესებს. მართალია, პლაცებოს ეფექტის ზუსტი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გენეტიკური საფუძველი კარგად არ არის შესწავლილი, მაგრამ ბევრ მეცნიერს საკუთარი მოსაზრება გააჩნია. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, პაციენტი-ექიმთან ურთიერთობაში ჩაშენებული არაცნობიერი ფაქტორები ავტომატურად ამცირებს სიმპტომებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი პლაცებოს ეფექტს ნეგატიური შედეგები აქვს — ე. წ. “ნოცებო ეფექტი”.

“პლაცებოს მკურნალობის შემდეგ გვერდითი ეფექტები ხშირია მსგავს კონტროლირებად კვლევებში. ვაქცინის ცდებში ამ ნოცებო რეაქციების შესახებ სისტემატური მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიისთვის, რათა შიშისა და შეშფოთების დონე შემცირდეს”, — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი ჯულია ვ. ჰაასი.

ჰასმა და მისმა კოლეგებმა Covid-19-ის ვაქცინების 12 კლინიკური ცდის მონაცემები გააანალიზეს. მთლიანობაში, ცდისპირების რაოდენობა ასე გადანაწილდა: 22 578 პლაცებოს და 22 802 ვაქცინის მიმღები. პირველი ინიექციის შემდეგ პლაცებოს მიმღებთა 35%-ზე მეტს სისტემური გვერდითი მოვლენები განუვითარდა. ხოლო რეალურად ვაქცინირებულთა შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი 46-ს აღწევდა — ამასთან, მათი ზოგიერთი გვერდითი მოვლენა მაინც ნოცებოს ეფექტთან იყო დაკავშირებული.

უკვე მეორე დოზის მიღების შემდეგ პლაცებოს ჯგუფში გვერდითი მოვლენები 32 პროცენტამდე შემცირდა. ვაქცინირებულთა შორის 61% კი სისტემური გვერდით ეფექტს უჩიოდა. გამოთვლების თანახმად, მეორე დოზის შემდეგ არსებული გვერდითი ეფექტების თითქმის 52% ნოცებო იყო.

“არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი და დაღლილობა, განსაკუთრებით ხშირია ნოცებოს შემთხვევაში. ამ სიმპტომებს ვაქცინის არასასურველ რეაქციებს შორის ვხვდებით… ამგვარმა ინფორმაციამ კი, შესაძლოა, ადამიანის ნორმალურ, ყოველდღიურ ფონურ შეგრძნებებს არასწორი ინტერპრეტაცია მიანიჭოს”, — აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ტედ ჯ. კაპჩუკი.

ლიონელ მესის პირველი ბარსელონური მატჩის ბილეთი აუქციონზე 4,161.00 დოლარად გაიყიდა

Activision Blizzard-ს Microsoft 68.7 მილიარდ დოლარად შეისყიდის!