რომანტიკული ურთიერთობები ჩვენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზემოქმედებს. ამგვარად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაც შეუძლია და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან არიდებაც. მიუხედავად ამისა, ჩვენივე რომანტიკული ურთიერთობების ხარისხის განსასაზღვრად სანდო და მარტივი ხელსაწყოების სიმცირე გვაქვს… ამ მწირი ხელსაწყოებიდან ერთ-ერთი კი Valentine’s Scale გახლავთ, რომელსაც ახლა Stockholm University-ის პროფესორი პერ კარლბრინი გვაცნონს:
„ეს სკალა შესაძლებელს ხდის, სწრაფად გაიგოთ, როგორ მიდის თქვენი ურთიერთობა ისე, რომ არც დიდი, რთული ინტერვიუებისა და კითხვარების შევსება მოგიწიოთ. წყვილების თერაპიების დროსაც კი შეიძლება გამოყენება, რათა დროთა განმავლობაში პროგრესს ადევნოთ თვალი“.
Valentine’s Scale 7 კითხვისგან შედგება, რომლებიც ურთიერთობის საკვანძო ასპექტებს ეხება, მათ შორის ემოციურ სიახლოვეს, ნდობასა და კონფლიქტის მოგვარების საკითხს. შედეგებს კი კონკრეტული რჩევები ახლავს თან, რომელიც მიზნად თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას ისახავს.
მეტიც, ურთიერთობის მეცნიერულ საზომს სანამ ფართო საზოგადოებას გააცნობდნენ, მანამდე 1300 მონაწილეზე გამოცადეს და თუ მათ დავუჯერებთ, სანდო ხელსაწყოა, თანაც უფასო, რითაც მსგავს ხელსაწყოებში კონკურენტულ უპირატესობას იძენს.
„ამავდროულად მას შეუძლია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მენტალური პრობლემების მოგვარება, იქნება ეს შფოთვა თუ დეპრესია. ამას კი თქვენი ურთიერთობის მკაფიო სურათის სწრაფად მოწოდებითა და პროცესში დროულად ჩარევით ახერხებს“, — განმარტავს კარლბრინი.
ოღონდ გახსოვდეთ, Valentine’s Scale არსებული ურთიერთობის გაანალიზების ხელსაწყოა და არა, მომავლის ურთიერთობის განსაზღვრის საშუალება. მიზნად კი ღია კომუნიკაციის დამყარებასა და ურთიერთგაგებას ისახავს, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით სტრესს გამორიცხავს.
„ერთმანეთთან დასაახლოებლად პირველი ნაბიჯი ვალენტინობის ტესტის შევსებაა. თუ პასუხები პრობლემებს წარმოშობს, იმაზე ისაუბრეთ, თუ რა დგას ამ პრობლემების მიღმა. ურთიერთობები დინამიკურია და მასზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს, იქნება ეს სტრესი, კომუნიკაციის სირთულე თუ სხვა ცხოვრებისეული გარემოებები. ამ ყველაფრის ერთად ასახვით წინსვლას შეძლებთ: ან ურთიერთობას გააძლიერებთ, ან სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ“, — ამბობენ მეცნიერები.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, წარმატებები გისურვოთ და ვალენტინობის სკალა დაგიტოვოთ: valentinskalan.se/eng/.