in

Valentino – მაღალი მოდის განუყოფელი ნაწილი

Valentino – მოდის სახლი, რომელმაც მსოფლიოს საკუთარი ხელწერით დაამახსოვრა თავი. მის სახელს არაერთი ცნობილი სამოსი უკავშირდება. ექვსი ათეული წლის ბრენდი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ პოზიციას ინარჩუნებს. Valentino ხშირად გიხილავთ ფილმებსა თუ წითელ ხალიჩაზე. დასაწყისიდანვე, ბრენდი მაღალი მოდის სინონიმი იყო და ასეა ახლაც. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ სწორედ მასზე მოგიყვებით.

ბრენდის შექმნა ვალენტინო გარავანის სახელს უკავშირდება. ის 1932 წელს დაიბადა, იტალიის ქალაქ ლომბარდიაში. მოდის სფეროთი პატარობიდანვე იყო დაინტერესებული, ხოლო 17 წლისა პარიზში გადავიდა, რათა Chambre Syndicale de la Couture Parisienne-ში ესწავლა. 1957-1959 წლებში, ვალენტინო დიზაინერ გაი ლაროშის ატელიეში მუშაობდა, შემდეგ დამოუკიდებლად დაიწყო საქმიანობა. 1960 წელს, საკუთარი ხაზის შესაქმნელად, თანამშრომლობა დაიწყო ჯანკარლო ჯამეტისთან.

პირველი კოლექციისთვის ვალენტინომ შექმნა მკვეთრი წითელი ფერის კაბა, რომელსაც Fiesta დაარქვა. კაბა სწრაფად იქცა მისი ხელწერის ნაწილად და Valentino Red-ის სახელით გახდა ცნობილი. მას შემდეგ, შემოქმედის ყველა კოლექციისთვის იქმნებოდა წითელი კაბა.

გარავანი თავის წარმატებას, მნიშვნელოვანწილად, ყოფილ პირველ ლედის ჟაკლინ კენედი-ონასისს მიაწერს. მეუღლის, პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, ჟაკლინს არაერთხელ ეცვა დიზაინერის სამოსი, რომელიც მან ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ იყიდა. ასევე, მას ეცვა Valentino-ს საქორწინო კაბა, როდესაც 1968 წელს, ბერძენ მაგნატ არისტოტელე ონასისზე დაქორწინდა. Valentino-ს ბრენდის გარდა, მისი ავტორიც მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. 2006 წელს, დიზაინერმა საკუთარი თავი განასახიერა ფილმში The Devil Wears Prada.

2007 წელს, ვალენტინო გარავანმა გადაწყვიტა დაეტოვებინა ბრენდის კრეატიული დირექტორის თანამდებობა და მის ადგილას ალესანდრა ფაჩინეტი დაინიშნა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, მანაც დატოვა პოზიცია და მის ადგილას მოხვდა ორი ახალგაზრდა დიზაინერი, პიერპაოლო პიჩოლი და მარია გრაცია ჩიური. 2016 წელს, ჩიურიმ Dior-ში გადაინაცვლა კრეატივ დირექტორად.

მიუხედავად იმისა, რომ Valentino ყოველთვის იყო პოპულარული ბრენდი, 2022 წლის შემოდგომის კოლექციამ მისი ტრენდულობა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ამ კოლექციისთვის, ბრენდმა გამოუშვა მკვეთრი ვარდისფერი სამოსი და დაასახელა კონკრეტული ახალი ფერი – Valentino Pink. მის ახალ სტილს ატარებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ზენდაია, ჯიჯი ჰადიდი, ენ ჰეთევეი, დუა ლიპა, ვანესა ჰაჯენსი და სხვები.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

რატომ არის უსაფრთხოდ თამაში ყველაზე რისკიანი სტრატეგია

როგორ უმკლავდებიან ვან გოგი და ფრიდა კალო კლიენტების უაზრო მოთხოვნებს?