in

სიყვარულით შექმნილი კამპანიები, რომლებიც ბრენდებმა ვალენტინობას მიუძღვნეს

ზოგიერთი ჩვენგანი ვალენტინობას ემოციურად ელოდება, ხოლო ზოგიერთები მას საერთოდ არ აღნიშნავენ. ამიტომ ამ სტატიაში ორივე კატეგორიას გავითვალისწინებთ და დავწერთ იმაზე, რაც ყველას გვაერთიანებს – სიყვარული კრეატიული კამპანიებისადმი. თუ იდეები და შთაგონების წყარო შემოგაკლდათ, მოგვყევით, რადგან თქვენთვის სხვადასხვა დროს გამოსული, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კამპანიები გავაერთიანეთ და შესაბამისი სია მოგიმზადეთ. 

Gucci – 2022

2022 წელს მოდის სახლმა Gucci-მ შეზღუდული რაოდენობის ბროშურა გამოუშვა, რომელშიც ფერიასა და გიგანტის სიყვარულის ამბავთან ერთად, ვალენტინობისთვის შერჩეული ტანსაცმლის დიზაინიც იყო წარმოდგენილი. 

ამ მარკეტინგულმა კამპანიამ დააინტერესა მომხმარებლები, რადგან ლამაზ ამბავს ლამაზი სამოსისა და აქსესუარების არჩევანიც ახლდა.

Pandora – 2021

2021 წელს Pandora-მ საკმაოდ დასამახსოვრებელი კამპანია შემოგვთავაზა. მან წყვილებს რეალური ცხოვრებიდან, სთხოვა, მიეღოთ მონაწილეობა ვიდეოში, სადაც ისინი აჩვენებდნენ, თუ როგორ გამოხატავენ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ყველა წყვილს ხომ აქვს რაღაც თავისი ჟესტი, რაც შეიძლება იყოს ჩახუტება, ლოყაზე ხელის მოთათუნება, ან ისეთი საერთო გადაწყვეტილებები, როგორებიცაა ერთად ცხოვრება, შინაური ცხოველის მოყვანა სახლში და ა.შ.

გავრცელებული YouTube ვიდეო შეიცავდა ბმულს კომპანიის ვებსაიტზე და მესიჯს, რომ ამ ბრენდის აქსესუარები შეიძლება სიყვარულის გამოსახატად ასევე საუკეთესო საჩუქარი იყოს.

Stella Artois – 2020

2020 წელს ლუდის ბრენდმა Stella Artois შექმნა 15-წამიანი YouTube ვიდეო, რომელშიც აჩვენა წყვილის ზრდა წლების განმავლობაში. ბრენდთან ეს ყველაფერი იმით იყო დაკავშირებული, რომ ამ წლების მანძილზე ლუდიც გარკვეულ როლს თამაშობდა ამ წყვილების ურთიერთობაში.

მარტივი, გულწრფელი ვიდეოთი Stella Artois-მა მრავალი ვალენტინის გული მოიგო და თითქმის 3 მილიონი ნახვა დააგროვა.

Twitter – 2020

2020 წელს, როცა Twitter ჯერ კიდევ ტვიტერობდა, სოციალური მედიის აპლიკაციამ ყურადღება იმით მიიქცია, რომ არა ციფრული, არამედ ფიზიკური მარკეტინგული კამპანია განახორციელა. მან 2020 წლის ვალენტინობის დღის კამპანიისთვის რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეთოდი აირჩია, კერძოდ ბილბორდები! მათზე დატანილი იყო მომხმარებლის ტვიტები, სადაც ამ დღესასწაულის შესახებ ისინი თავიანთ მოსაზრებებს აზიარებდნენ. 

Burger King – 2017

დასამახსოვრებელი იყო Burger King-ის 2017 წლის კამპანია Adult Meal, რომელსაც ჩვეულებრივ მენიუსთან ერთად +18 გასართობი მოჰყვებოდა წყვილებისთვის, ასევე ლუდი. მართალია, ეს კამპანია გლობალური არ იყო და ევროპის რამდენიმე ფილიალმა განახორციელა, მაგრამ მათთვის, ვინც ეს მენიუ შეიძინა, ნამდვილად დაუვიწყარი საჩუქარი გამოდგა, თვითონ კამპანიამ კი კარგად იმუშავა მარკეტინგულად.

Doritos – ჩიპსების თაიგული და მაისურები

ამ სიაში Doritos-ის ორი კამპანია მოხვდა. პირველი არის რამდენიმე წლის წინანდელი კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს შეეძლო ჩიპსებით აეწყო სასურველი თაიგული და გაეგზავნათ ადრესატებისთვის.

ასევე მეორე კამპანია იყო ე.წ. საერთო მაისურები, რომლებიც ორ ადამიანს ერთად უნდა ჩაეცვა და რომლებიც ცნობილმა ადამიანებმა მოირგეს. სიყვარულის დღის აღნიშვნის გარდა, ამ კამპანიის მიზანი ცხელი ფრთებისა და რანჩის გემოს პოპულარიზაცია იყო.

Ryanair

ავიაკომპანიამ ვალენტინობას ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. სოციალურ ქსელებში მომხმარებელს უნდა აეტვირთა თემატური ფოტო ჰეშტეგით #LoveRyanair. გამარჯვებულებს გადაეცათ უფასო ბილეთები მათთვის სასურველი მიმართულებით.

Cartier

ჩვენს სიაში მოხვდა ცნობილი საიუველირო ბრენდი Cartier-ც. The Proposal მათი ერთ-ერთი კამპანიაა, რომელიც 8 წლის წინ სიყვარულის დღეს მიუძღვნეს. ეს არის ვიდეო, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ უყურებთ. მასში წარმოდგენილია სიყვარულის გაზიარების სამი განსხვავებული გზა. ამ კამპანიას ხშირად იყენებენ ნიმუშად, როცა მსგავსი სტილის კრეატიულ იდეაზე ფიქრობენ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

მალე Airbnb კონსიერჟის AI ალტერნატივას შემოგთავაზებთ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს მამლის ახალი სიმბოლო დაამაგრეს