პლასტმასას მიერ, დედამიწის ეკოლოგიითვის შექმნილი საფრთხე ძალიან აქტუალური პრობლემაა, რომლის მოგვარების გზებზე არაერთი მეცნიერი ფიქრობს/მუშაობს. ერთ-ერთი მათგანია სანდრა პასკოე ორტიზი, მექსიკელი ინჟინერი ვალეს უნივერსიტეტიდან. მან გამოიგონა ახალი, ბიოდეგრადირებადი მასალა, რომელიც ერთჯერადი მოხმარების პლასტმასას ჩანაცვლებას შეძლებს. მასალის დასამზადებლად მან კაქტუსის წვენი გამოიყენა.
ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, ახალ მასალას სრული დაშლისთვის ერთი თვე სჭირდება, ხოლო წყალში ის რამდენიმე დღეში იშლება. „ეს არატოქსიკური პროდუქტია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ადამიანები, ან ცხოველები მიირთმევენ, ეს არ შექმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს“, – ამბობს სანდრა პასკოე ორტიზი. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს „ყალბი პლასტმასა“ ოკეანეში მოხვდება და მას თევზები შეჭამენ, ეს არ მოუტანს მათ ზიანს. პირიქით, ერთგვარ საკვებადაც კი შეიძლება იქცეს მათთვის. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყალში მოხვედრის შემთხვევაში, ახალი მასალა რამდენიმე დღეში დაიშლება.
ამ ეტაპზე, მასალის წარმოების პროცესი მხოლოდ სანდრა პასკოეს ლაბორატორიით შემოიფარგლება. თუმცა, BBC-სთან საუბრისას მეცნიერი აღნიშნავს, ამ პროცესის დაჩქარების შემთხვევაში, მალე, შესაძლოა პლასტმასასთან ბრძოლის ახალი გზა გვქონდეს – „ყალბი პლასტმასა“, რომელიც კაქტუსის წვენისა და სხვა ბიოლოგიური ინგრედიენტების შერევით მიიღება. მასობრივი წარმოების შემთხვევაში კი, მალე, შესაძლოა ვიხილოთ სხვადასხვა – საყოფაცხოვრებო, თუ საკვები პროდუქტი, რომელიც „ყალბი პლასტმასით“ იქნება შეფუთული.