in

„მგონია, რომ ვარ ტვინი, რომელსაც აცვია ძალიან მაღალტექნოლოგიური ბიოლოგიური რობოტი“ – ვამეხ ხერხეულიძე

ვინ ვარ მე? – თუ ამ კითხვით საკუთარი გონება ხშირად დაგიღლიათ, ის შეგრძნებაც ნაცნობი იქნება თქვენთვის, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ფაზლის ნაწილებივით როგორ გროვდება მიგნებები და თანდათან როგორ იძერწება თვითიდენტობა. ეს ინტერვიუც სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ და პირველსავე პასუხზე ნათელი გახდა, ინტერვიუ საინტერესო თავგადასავალს გვპირდებოდა.

No photo description available.„უცხოპლანეტელს რომ საკუთარი თავისთვის აეწყო მაღალტექნოლოგიური რობოტი, ვფიქრობ, სწორედ ასეთს შექმნიდა. თავს აღვიქვამ ძალიან მაღალტექნოლოგიურ რობოტად. მგონია, რომ ვარ ტვინი, რომელსაც აცვია ძალიან მაღალტექნოლოგიური ბიოლოგიური რობოტი. თან, ამ ტვინს აქვს აზროვნების საშუალება. ჩვენი უჯრედები ცალკე მიკროსამყაროებია, ხოლო მთლიანობაში, ადამიანი – გალაქტიკა.“

ეს „მაღალტექნოლოგიური რობოტი“, დღეს, Elven Technologies-ის თანადამფუძნებელი და დირექტორია და მეხანძრეებისთვის ცეცხლგამძლე აღჭურვილობას ქმნის, გაგრილების სპეციალური სისტემით. სილიკონ ველიზე მოგზაურობასა და სტარტაპ-სამყაროში თავით გადაშვებამდე, ექიმი იყო. მისი თავგადასავალი თამაშ-თამაშით დაიწყო, რაც ასე უყვარდა ბავშვობიდან. უფროსმა ძმამ ლეგოების ფიგურებით სიუჟეტების გამოგონება ასწავლა. შემდეგ, დეიდაშვილთან ერთად, დილიდან დაღამებამდე აწყობდა სხვადასხვა ფიგურებს. როგორც თავად ამბობს, ეს „ქალაქური“ თამაში იყო.

No photo description available.

ზაფხულობით, მანგლისში გადაინაცვლებდა ხოლმე, სადაც ხეზე საათობით იჯდა და ცოცხალ ორგანიზმებს აკვირდებოდა – როგორ დაცოცავდა ფოთლებზე მუხლუხო, როგორ ხტოდა ბაყაყი… ამბობს, ბუნებასთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე ადამიანებთანო:

„ბევრმა იცოდა ჩემი ამ გატაცების შესახებ და თუკი სახლში თაგვს იპოვიდნენ ან რაიმე მწერის პრობლემა შეექმნებოდათ, მე მეძახდნენ საშველად. ხან კრაზანებსა და ხვლიკებს ყელსახვევს ვუკეთებდი ხოლმე და შინაური ცხოველივით დამყავდა. ამასობაში, ძალიან შემიყვარდა ბიოლოგია.“

მისი ეს ჰობი ბევრისთვის უჩვეულო იყო, ამიტომაც გამორჩეულად დაამახსოვრდა ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელმაც მეხუთეკლასელი ვამეხის გატაცების შესახებ რომ გაიგო, კრიტიკის მაგივრად, შეაგულიანა კიდეც.

„წიგნში დაწერილზე სამჯერ მეტს რომ ვყვებოდი, მიხვდა – ეს სფერო მაინტერესებდა. ვუთხარი, მწერები რომ მომწონდა. 200-მდე მწერის კოლექციაც მქონდა, ზოგი მათგანი საკმაოდ იშვიათი სახეობა იყო. ჩემი ამ ინტერესის შესახებ რომ გაიგო, მეორე დღეს მომიტანა ნახევარი ლიტრი ეთერი, მწერების დამუშავება რომ გაეადვილებინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ ასეთი ჰობი მომიწონა, როცა იქამდე ეს არავის ესმოდა.“

M: პროფესია სამედიცინო სფეროს როგორ დაუკავშირე?

ბავშვობიდანვე მინდოდა ექიმობა. გარშემოც, ყველა მედიკოსი მყავდა – დედა, მამა, მამიდა, ბებია, პაპა… ძალიან ბევრ კითხვას ვსვამდი, რადგან ყოველთვის მაინტერესებს, რა როგორ მუშაობს, მაკროსკოპულად თუ მიკროსკოპულად. ამან მიმიყვანა მეცნიერებისადმი ინტერესამდე. პირველი სამი წლის მანძილზე, სწავლობ თეორიას, თუ რა როგორ მუშაობს ორგანიზმში და შემდეგი სამი წელი – პრაქტიკაში ითვისებ ამ ყველაფერს. ჯერ ქირურგობა მინდოდა, შემდეგ – ინფექციონისტობა, რაც ცალკე სამყაროა. მოგვიანებით, მუშაობისას მივხვდი, რომ მედიცინა იშვიათად არის სახალისო და უფრო მეტად, რუტინულია, მე კი ის „იშვიათი“ რაღაცები მომწონდა.

M: პირველი სამსახური…

უნივერსიტეტში 6-წლიანი სწავლის შემდეგ, დედაჩემმა გამომიცხადა, მორჩა, ჯიბის ფულს აღარ მოგცემ, ახლა უკვე უნდა იმუშაოო. პანიკამ შემიპყრო, მაგრამ გამიმართლა – იმ პერიოდში, საქართველოში ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა სასწავლებლად და ინგლისურენოვანი ლექტორების დეფიციტი შეიქმნა ბაზარზე. მე და ჩემს კურსელებს კი ყველაფერი ინგლისურად კარგად გვქონდა ნასწავლი. მხოლოდ ნეიროანატომიის ლექტორის ადგილი იყო დარჩენილი და როცა მკითხეს, ვიცოდი თუ არა ეს საგანი, დაუფიქრებლად ვუთხარი, კი – მეთქი. არადა, ეს საგანი საკმაოდ ცუდად ვიცოდი. გამოვიხიზნე მანგლისში, ავედი ხეზე და იქ ვმეცადინეობდი. მოსამზადებლად მხოლოდ სამი კვირა მქონდა. მასალა ორ კვირაში დავამუშავე. სამი წლის განმავლობაში ვიყავი ლექტორი – მიწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში, ვასწავლიდი რამდენიმე საგანს: ანატომიას, ნეიროანატომიას, ფიზიოლოგიას, პათოლოგიასა და ბიოქიმიას.

No photo description available.

M: სანამ მეცნიერებაში გადაეშვებოდი თავით, როგორ გაგრძელდე შენი, როგორც ექიმის კარიერა?

შემდეგ, პრაქტიკული მედიცინით დავინტერესდი, სადაც ახალშობილი ბავშვების ისეთი ტიპის ეპილეფსიებზე ვმუშაობდით, რასაც სტანდარტული მედიკამენტოზური დანიშნულებით არ მკურნალობდნენ. ასეთი იშვიათი შემთხვევა, შესაძლოა, თვეში ერთხელ გვქონოდა. ჩემი როლი იყო, ბიოქიმიის რუკაზე მეძებნა დარღვევები, რომლებსაც შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი მდგომარეობა. შემდეგ, გავეცანი ნეონატოლოგიას – ახალშობილთა მედიცინას.  ამ მიმართულებით, ადგილი გამოჩნდა ისრაელის ჰოსპიტალ Sheba-ში. დაუფიქრებლად გავაკეთე საბუთები და წავედი.

M: პირველი სტარტაპი და პირველი მარცხი…

პირველი სტარტაპის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა არც ვიცოდი, რა იყო სტარტაპი. მინდოდა შემექმნა აპლიკაცია, რომლითაც სტუდენტები ქირურგიას ისწავლიდნენ. მეგობარმა გამაცნო ინფორმაცია GITA-ს შესახებ და შევავსეთ განაცხადი. მაშინ, GITA-ც საკმაოდ ახალი ჩამოყალიბებული იყო და იმ დროისათვის, სტარტაპ საქართველოს სახელით ახორციელებდა ინვესტიციას. საქმეში ჩავრთე ჩემი ფინანსისტი და და მენეჯერი ძმა. ინვესტიციის მოპოვების შემდეგ, ავიყვანეთ პროგრამისტები, მხატვარი, 3D დიზაინერი და შევუდექით საქმეს.

ჩვენი პირველი ამოცანა იყო, აპენდექტომიის ქირურგიული პროცესის სრული ციფრული ჯაჭვი შეგვექმნა. გამოცდილება არცერთ ჩვენგანს არ ჰქონდა სტარტაპში და მარცხი განვიცადეთ. შეცდომა დავუშვით იქ, რომ მთელი ოპერაციის შედარებით ნაკლებ ხარისხში გაკეთების ნაცვლად, გავაკეთეთ მისი ნაწილი, მაგრამ მაღალ ხარისხში. შეცდომა იყო ისიც, რომ უშუალოდ, პროდუქტის შექმნა დამფუძნებელი გუნდიდან არავის შეგვეძლო, ამიტომაც, ფული რომ შემოგველია – გავჩერდით. თანაც, მე, რომელსაც CEO-ს პოზიცია მეკავა, შუა პროცესში ისრაელში წავედი.

No photo description available.

M: როგორც ახსენე, შენი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – ისრაელამდე და მის შემდეგ. Elven-ის შექმნის ექსპერიმენტებიც ამ ახალ პერიოდს უკავშირდება…

ისრაელში, ჰოსპიტალში ვატარებდი მთელ დროს და იქვე ვცხოვრობდი. ვერსად მივდიოდი, რადგან უმანქანოდ გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ძალიან ბევრი პირადი დრო მქონდა და როდესაც სამუშაო არ მქონდა, ყოველთვის რაღაცებს ვექსპერიმენტობდი. მაგ დროისათვის, უკვე ვიყავი სტარტაპერობით მოწამლული. ჯერ უსადენო სტეთოსკოპს ვაწყობდი, რადგან იქ მუდმივად მიწევდა ბავშვების გასინჯვა ძველი სტეთოსკოპით. შემდეგ, სპეციალურ ფილტრს ვაწყობდი, რომელსაც ერთდროულად შეეძლო კოღოების დახოცვა და სასიამოვნო არომატი ჰქონდა. ჯერ კიდევ 3D დიზაინს ვეპოტინებოდი, მაშინ არ მქონდა აღქმა, რომ თავადაც შემეძლო რაღაცის შექმნა.

როდესაც თავში იდეა მომდის, უსათუოდ Hardware არის, ეს ანატომიასთან დამეგობრებამ მასწავლა. ასე მივედი მექანიკურ ინჟინერიამდე, დავიწყე ფიქრი სახსრებზე.

No photo description available.

Elven-ის დაბადება იმით დაიწყო, რომ სულ მცხელოდა და მინდოდა ამეწყო გამაგრილებელი კოსტიუმი. Inglove-დან ვიცნობდი გაბარას, რომელსაც მივწერე, რასაც ვაკეთებდი – ვიცოდი, სად როგორ გამეყვანა გამაგრილებელი მილები და ვერ ვხვდებოდი, როგორ ამემუშავებინა კოსტიუმის „გული“. უცებ მოძებნა გამოსავალი. ასე დავიწყეთ ერთად – ჩემი ფუნქცია იყო გაგამაგრილებელი მილების სწორი ნაწილება, გაბარასი – ამ მილებში სითხის ამოძრავება და გაგრილება.

M: Elven-ის მიგნების პარალელურად, შენთვის ექიმობის ეპოქა დასრულდა. როგორ გადაშალე სტარტაპერობის ახალი თავი შენს ცხოვრებაში?

ისრაელში სამ წელს უნდა დავრჩენილიყავი, თუმცა ორი წლის შემდეგ, დავკარი ფეხი, ჩამოვედი სამშობლოში და ოჯახს გამოვუცხადე – ექიმობას თავს ვანებებ, სტარტაპერი ვხდები-მეთქი. ატყდა პანიკა. თუმცა, უკვე აღარ მინდოდა ის, რასაც მანამდე ვაკეთებდი და გიჟურად მჯეროდა (ახლაც, ასე მჯერა), რომ აუცილებლად გამოვიდოდა. ერთი-ორი წლის მანძილზე მეუბნებოდნენ, წესიერი სამსახური მომეძებნა, მაგრამ შემდეგ დაინახეს, რომ გამომდის.

No photo description available.როცა ასაკით პატარა ხარ, ვერ აღიქვამ, რამდენი დრო გაქვს წინ და რომ უნდა იფიქრო, როგორი იქნება შენი ცხოვრება, თუნდაც 10 წლის შემდეგ. თუკი 40 წლის ასაკშიც ისეთივე ლექტორი ხარ, როგორიც 25 წლის ასაკში იყავი, რამდენად საინტერესოა ეს შენთვის? შეიძლება, ახლა რაღაცებს იმიტომ ითმენ, რომ ენერგიით ხარ სავსე, მაგრამ 50 წლის ასაკში, ასეთივე ენერგია ვერ გექნება და ეს უნდა იცოდე. თუ გინდა, წლების შემდეგ, შენი ცხოვრება ბევრად უკეთესი იყოს, ამისათვის მუშაობა ახლავე უნდა დაიწყო.

Elven-ის გუნდმა ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ. ძალიან ბევრჯერ ვიყავით განადგურების ზღვარზე, მაგრამ როგორც ჩვენი თანაგუნდელი სანდრო იტყვის ხოლმე, თუკი ფართხალს არ წყვეტ, რაღაც მომენტში, სამყარო გეხმარება. Elven-ის გუნდი ძალიან ბევრჯერ შეიცვალა, უამრავი ადამიანი მოვიდა და წავიდა. დღევანდელი ბირთვი შედგება უნიკალური ადამიანებისგან, რომლებიც სათითაოდ ცალკე სამყაროს წარმოადგენენ და მაქვს შეგრძნება, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რომ ჩვენ შევხვედროდით ერთმანეთს.

M: როგორია, იყო სტარტაპერი?

ძალიან სტრესულია. აბსოლუტურად შემაცვლევინა მიდგომა. თუკი მანამდე ძალიან ორგანიზებული ადამიანი ვიყავი, სულ რაღაცებს ვგეგმავდი ხოლმე. Elven-იც ეგრე დავიწყე, მაგრამ დავინახე, რომ დაგეგმილად აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა და მიდგომის შეცვლა მომიწია – სტარტაპში არაფერი არ უნდა დაგეგმო, რადგან პროცესს შენი გეგმის მიხედვით არ მიჰყავხარ და სრულიად ქაოტურად გატარებს, ყოველდღიურად სხვადასხვა სიტუაციაზე გიწევს მორგება.

No photo description available.
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

M: როგორც ვიცი, უკრავდი კიდეც და თქვენი ბენდი ჯაზფესტივალის რა კავშირია შენთვის მუსიკასა და მეცნიერებას შორის?

ესაა აზროვნების სტილი – ნებისმიერ ადგილას რომ ჩაგაგდონ, შენი ქმნადობის უნარით, ადაპტირებას დაიწყებ. ასეა მეცნიერებაში – წინასწარ ვერ გეგმავ ვერაფერს. მუსიკაშიც ეგ პრინციპია ჯაზში. სცენაზე ასვლამდე, ჯაზმენმა არ იცის, რას დაუკრავს – „ავალთ და დავუკრავთ“ – გეტყვის. ერთადერთი ენა, რომლითაც ადამიანები ვიბადებით, არის ემოციების ენა. მუსიკოსს შეუძლია მელოდიით გადმოგცეს თავისი შეგრძნებები. ეს ენა სწავლადია და ყველაზე მარტივად გადის ნებისმიერ ბარიერს ადამიანებს შორის კომუნიკაციაში.

No photo description available.

M: რა საჭიროებები დგას, დღესდღეობით, ქართველი ჰარდვეარ სტარტაპერებისთვის?

ჩვენს საქმიანობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გვქონდეს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, რითაც საკუთარი დიზაინის დეტალების დამზადებას შეძლებ. ჰარდვეარ სტარტაპზე მუშაობისას საჭიროა ისეთი დაზგა-დანადგარების ქონა, რომლითაც დეტალების დამზადებასა და ექსპერიმენტირებას შეძლებ. ასეთი სრულფასოვანი აღჭურვილობა კი ცალ-ცალკე არავის აქვს. დეტალების დამზადების სხვასთან შეკვეთა ძვირი სიამოვნებაა, რადგან ბევრჯერ შეიძლება დაგჭირდეს დიზაინის შექმნა და შეცვლა. ქართულ სტარტაპებს ასეთ დანადგარებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ.

მეორე მხრივ, ამ სფეროს ხალხი იმდენად ვართ მოცული საკუთარი საქმით, რომ ერთმანეთს ნაკლებად ვიცნობთ და მით უმეტეს, ნაკლებად ვკონტაქტობთ. არადა, ძალების გაერთიანება ძალიან გაგვზრდიდა.

M: რა გამოსავალს ხედავ ამ გამოწვევების საპასუხოდ – როგორ აპირებ ქვეყანაში ჰარდვეარ მიმართულების განვითარებაზე მუშაობას?

ცოტა ხნის წინ, სტარტაპისთვის ახალი სივრცის ძიებისას, წავაწყდით საკმაოდ დიდ ფართს და ვიფიქრეთ, ხომ არ დავიმეგობროთ სხვა ჰარდვეარ სტარტაპები. ეს ურთიერთობისა და ძალების გაერთიანების საშუალებას მოგვცემდა. როცა დავსვი ეს კითხვა და გამოჩნდნენ მსურველები, აღმოჩნდა, რომ ეს მზადყოფნა არსებობს და კიდევ უფრო მეტი ფართის საჭიროება გაჩნდა. ამან შეიძლება გაგვაერთიანოს საერთო მიზნის გარშემო, მოგვცეს გამოცდილების გაზიარების საშუალება.  გამიჩნდა იდეა, რომ შევქმნათ ჰარდვეარ ჰაბი, სადაც იქნება დიდი სამუშაო სივრცე-სახელოსნო, მეტალის, ხის, 3D პრინტერების, საჭრელების და სხვა ხელსაწყოების ერთობლიობა, რისი მოპოვებაც ცალ-ცალკე სტარტაპებისთვის ძალიან ძნელია.

ვფიქრობ, ქართველებს აქვთ ამ სფეროს ნიჭი – ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰყავს გარშემო „ჩხირკედელა“ ადამიანი, რომელსაც ეს სფერო აინტერესებს. ხშირად, ასეთი ადამიანი ისეთ გამოსავალს მოძებნის ხოლმე, რომ ვერც წარმოიდგენდი. ჰარდვეარ ჰაბში, ნებისმიერს შეეძლება მოსვლა და მისთვის საინტერესო მოწყობილობის აწყობაზე მუშაობა, სწავლა. ამ ყველაფრის სასწავლო კურსი იქნება. ესაა ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც ძალიან მაგრად უნდა გაკეთდეს და კომერციულადაც საინტერესო იყოს. სწორედ ამ საკითხზე ვფიქრობთ ახლა ბევრი ადამიანი. ინჟინრები ძალიან გულწრფელი ხალხია. ძალიან გვახარებს რაღაცების აწყობა. სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა უნდა გააკეთოთ, როცა მიზნების მიღწევა გიჭირთ?

KFC Canada-მ კარტოფილ ფრის დაკრძალვის ცერემონია მოუწყო