რამდენიმე დღის წინ ლონდონის ეროვნულ გალერეაში გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა ვინსენტ ვან გოგის ცნობილ ნამუშევარს, „მზესუმზირები“, ტომატის წვნიანი შეასხეს. ახლა კი გალერეის განცხადებით, სურათი გაიწმინდა და კვლავ დაუბრუნდა კუთვნილ ადგილს.
ცხადია, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა — როგორც ნეგატიური, ისე გარკვეული კუთხით ამ აქტივისტების გამმართლებლებიც… გავრცელებულ კადრებში ორი ქალი ჩანს, Just Stop Oil-ის მაისურებით, რაშიც აშკარად ჩანს მათი პროტესტის საგანი. საბედნიეროდ, ამ ვანდალურ ქმედებას ხელოვნების ნიმუში არ შესწირვია, არამედ მხოლოდ ჩარჩო დაზიანდა, რადგან თავად სურათს სპეციალური მინა იცავდა.
„რა არის უფრო ღირებული? ხელოვნება თუ ცხოვრება? რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკვები? სამართლიანობაზე ღირებული? რა გაწუხებთ უფრო მეტად: სურათის დაცვა თუ ჩვენი პლანეტისა და ხალხის?“, — ყვიროდა ერთ-ერთი აქტივისტი. ასევე, მან ცხოვრების კრიზისი და მილიონობით მშიერი, სიცივეში მცხოვრები ოჯახი ახსენა, ადამიანები, რომლებსაც „ერთი ქილა სუპის გაცხელების საშუალებაც კი არ აქვთ“.
აქტივისტები ინციდენტისთანავე დააკავეს და მალე ვესტმინსტერის სასამართლოში გაიმართება მათი სასამართლო პროცესი, კრიმინალური ქმედებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქტივისტები ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს მიმართავენ თავიანთი აზრის გამოსახატად თუ რაიმეს გასაპროტესტებლად. ისტორიას ასეთი ბევრი ფაქტი ახსოვს და საინტერესოა, ოდესმე თუ შეწყდება ხელოვნების დაზიანების მცდელობები…

ნამუშევარი ერთ-ერთია ვან გოგის მიერ 1888 და 1889 წლებში დახატული შვიდი მზესუმზირისგან, რომელთაგან ხუთი გამოფენილია მსოფლიოს გალერეებსა და მუზეუმებში. გალერეა ამ სურათებს აღწერს, როგორც „ვან გოგის ყველაზე საკულტო და საყვარელ ნამუშევრებს“.












