in

დარჩი, სადაც გინდა! – Vanday-ის „სახლი ბორბლებზე“, რომლითაც მთელ საქართველოს შემოივლი

Startauperi
Startauperi

სამუშაოთი დატვირთულებს გონება ხანდახან თავისით გაგვირბის ხოლმე შორეულ ტყეებსა და მინდვრებში… არ გაგჩენიათ სურვილი, დაგერეკათ საუკეთესო მეგობრისთვის და მასაც ზუსტად გაეგო თქვენ მიერ ნათქვამი ორად ორი სიტყვა: „- ჩაალაგე, წავიდეთ“? დგება მომენტი, როდესაც ხვდები – ახალი თავგადასავლების გარეშე არცერთი დღის გატარება არ გსურს. თითქოს შინაგანი გამოღვიძებაა – იღებ ზურგჩანთას და მიდიხარ იქ, სადაც საკუთარ თავს ხელახლა აღმოაჩენ. ეს ამბავიც ასეთია – ორ მეგობარზე, ანა სვანიძესა და ინნა მარგველაშვილზე, რომელმლებმაც ქალაქური ყოველდღიურობისგან გაქცევა გადაწყვიტეს. თავდაპირველად, უბრალოდ, ავტომობილით მოგზაურობდნენ, თუმცა მათთვის უცნობი ადგილების აღმოჩენასა და ნანახით მიღებულ სიამოვნებას ერთი რამ აკლდა – შეძლებოდათ ადგილზე დარჩენა, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემური იყო. ერთ დღესაც, გადაწყვიტეს საკუთარი რესურსებით შეეძინათ ჩასაბმელი ქარავანი, სახლივით მოეწყოთ და დარჩენილიყვნენ ნებისმიერ ადგილას, სადაც შემოაღამდებოდათ.

YouTube-დან ნასწავლით აწყობილი ქარავანი

ქარავნის მოწყობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა – ინტერიერის სრულად შეცვლა, ინვენტარის გამოწერა საზღვარგარეთიდან უწევდათ, არც ისეთი ხელოსნების პოვნა ყოფილა მარტივი, რომლებიც ასეთ უჩვეულო პროექტზე მუშაობას საკუთარ თავზე აიღებდნენ. რაკი მსგავსი პროექტის გამოცდილებას საქართველოში ვერ მიაგნეს, YouTube-ის ვიდეოებით იხელმძღვანელეს. მაინც გაუმკლავდნენ და ქარავანში საწოლის, თაროების, აბაზანის, ბიოტუალეტის, სამზარეულოსა და გაზქურის მოწყობაც კი მოახერხეს. იმ დროისათვის, 2018 წელს, საქართველოს გზებზე მოქრიალე ქარავანისთვის თუ მოგიკრავთ თვალი, ალბათ, თავგადასავლების ეს ორი მაძიებელი შეგხვდათ, რადგან მსგავსი სატრანსპორტო საშუალება აქ იშვიათი სანახავი გახლდათ.

ბიზნესის დასაწყისი

თავდაპირველად, ქარავნით მოგზაურობა ჰობი იყო, სამსახურებისგან თავისუფალ დროს. ანა – სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობდა, „აჭარა ჯგუფში“, შემდეგ – საკუთარი კრეატიული სააგენტოს „ტეტრაგონის“ დახმარებით, ტურისტული ბრენდების მომსახურება დაიწყო. ინნა – საქდოკფილმში მუშაობის პარალელურად, საკუთარ ფროდაქშენ კომპანია „სოცს“ უძღვებოდა. მათი თავგადასავალი ფილმს მართლაც ჰგავდა – მიდიოდნენ ყველგან, სადაც გული გაუწევდათ და რჩებოდნენ ნებისმიერ სასურველ ადგილას. მალე მიხვდნენ, რომ მსგავსი შთაბეჭდილებები ტურისტებისთვისაც იქნებოდა საინტერესო და ქარავნის გაქირავება Airbnb-ის პლატფორმით ცადეს. გამოვიდა – უჩვეულო სამოგზაურო გამოცდილება ბევრისთვის აღმოჩნდა მიმზიდველი. შესაბამისად, ანამ და ინნამ ჰობის ბიზნესად ქცევის პერსპექტივა დაინახეს.

სტარტაპს სახელად Vanday დაარქვეს. კემპერი, რომლითაც შეგიძლია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, წახვიდე სადაც გინდა და არ იდარდო ღამის გასათევზე, რადგან თან გაქვს მოგზაურობითა და დასვენებისათვის საჭირო ინვენტარით აღჭურვილი „სახლი ბორბლებზე“.

ინვესტიცია და „რესტარტი“

ბიზნესისთვის დამატებითი რესურსების მოძიება ადვილი არ ყოფილა. არც ისე მარტივი იყო ადგილობრივ საგრანტო პროგრამებსა თუ სტარტაპ-პროექტებში ისეთი იდეის პერსპექტივის დასაბუთება, რაც საქართველოს ბაზრისთვის უცხო იყო. საკუთარი სახსრებით კვლავაც ცდილობდნენ გაფართოებას, რაც პანდემიის დაწყებამ მკვეთრად შეაფერხა. მოგზაურები მიხვდნენ, რომ მეტი ძალისხმევისთვის ახალი პარტნიორების შეძენა სჭირდებოდათ. მართლაც, გარდამტეხი ეტაპი Vanday-ისთვის ინვესტორების გამოჩენისას დადგა. ინვესტორები იმ პოტენციალით დაინტერესდნენ, რაც კემპერებს აქვთ საქართველოში. საინვესტიციო რესურსი Vanday-ის კემპერ-ავტოპარკის განახლებაში დაეხმარათ – შეიძინეს ორი ვენი და ორი ჯიპი, მისაბმელებითა და კარვებით.

როგორია მანქანის აღჭურვილობა?

ავტომობილები საყოფაცხოვრებო ნივთებითა და პირველადი სურსათითაა აღჭურვილი, ასევე, არის გარე ავეჯი, მზის პანელები, გაზი, ზოგს აბაზანაც კი აქვს… სამოგზაუროდ მხოლოდ საკუთარი ნივთების წაღება დაგჭირდებათ.

Processed with VSCO with u5 preset

მაინც, ვისთვისაა Vanday?

Vanday campers are for people who believe that life is an adventure – ასეთია Vanday-ის სლოგანი. Vanday თავისუფლების მოყვარული ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც ბუნების წიაღში უნდა გადაკარგვა და თავგადასავლების ძიება. ასეთი ტიპის მოგზაურობა შინაგანად გცვლის და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, ღირებულებების გააზრებასა და გადაფასებაში გეხმარება.

როგორ დავჯავშნო?

დღეს, Vanday-ის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია, თანაც საკმაოდ მარტივად – Airbnb-ის საშუალებით და ვებგვერდიდან. დაჯავშნის შემდეგ, Vanday-ის წარმომადგენლები გაცნობენ მგზავრობის რეკომენდაციებს ვენის ფუნქციებისა და მარშრუტების შესახებ. ავტომობილები დაზღვეულია. თითოეული კემპერი 2-4 ადამიანზეა გათვლილი, მისი ქირაობა კი დაახლოებით იმდენივე დაგიჯდებათ, რაც სასტუმრო. საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პარკირების რეგულაცია არ არსებობს, ამდენად, ბუნების წიაღში ნებისმიერ ადგილას შეძლებთ დარჩენას. ყველაზე ხშირად, Vanday-ს უცხოელი ტურისტები ჯავშნიან. მათი რიცხვი საკმაოდ მზარდია, თუმცა ანასა და ინნას დიდი სურვილია, რომ მსგავსი ტიპის მგზავრობის კულტურა ქართველებისთვისაც უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი გახადონ.

კემპერი მეორე კემპერს შორიდან ცნობს

იმგზავრო Vanday-ით, ნიშნავს, იყო გზაში და ამავდროულად – სახლში, არ უყურებდე საათს და ტკბებოდე ამ მომენტით ან მუშაობდე დისტანციურად, რის საშუალებასაც ვენით მოგზაურობა ნამდვილად იძლევა.

კემპერები ერთგვარი კომუნაა, რომლებსაც უყვართ ერთ სივრცეში მოხვედრა და ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება. ანა და ინნა გეგმავენ, რომ ბიზნესის ზრდის პარალელურად, მოაწყობენ კემპერ-ზონებს, სადაც ვენით მოგზაურებს შეეძლებათ გაჩერება, სურსათის თუ საწვავის შევსება, ერთმანეთთან შეხვედრა და ურთიერთობა.

და მაინც, რა იქნებოდა, თუკი ერთ დღესაც ყველა მივხვდებოდით, რომ საუკეთესო დრო ექსპერიმენტებისა და ჰობისთვის სწორედ ახლაა… სადამდე მიგვიყვანდა ეს? იქნებ, ჩვენი ჰობიც შემოსავლიან საქმედ ქცეულიყო და სხვა ადამიანების ყოველდღიურობაც უკეთესობისკენ შეეცვალა?

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნახეთ პრინტ ნამუშევრები, რომლებიც ACAG-ის სააგენტოებმა ტექდათვალიერების თემატიკაზე შექმნეს

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა