in

ვანო ჩალაძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური იყო 2010 წელს, როდესაც ინგლისიდან არდადეგებზე საქართველოში დავბრუნდი. მაშინ 15 წლის ვიყავი და ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი. მინდოდა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მქონოდა უკეთესი წარმოდგენა, თუ რა მაინტერესებდა და რის გაკეთება მსიამოვნებდა. შესაბამისად, არდადეგების პერიოდი გამოვიყენე ჩემი თავის უკეთ შესაცნობად და დავიწყე სტაჟირება „თელიანი ველი თრეიდინგში“. იმ პერიოდში სტაჟირება ბევრ ქართულ კომპანიაში სიახლე იყო, მითუმეტეს, ჩემი ასაკიდან გამომდინარე. ამიტომ კომპანიების მოძიების დროს, თელიან ველი თრეიდინგში ერთი-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვთხოვე, ზაფხულის პერიოდში მათთან მიმეღო სამუშაო გამოცდილება. ხელმძღვანელი ალბათ იმან დააინტერესა, რომ არდადეგების პერიოდში, როდესაც ყველა ისვენებდა მე მუშაობითა და ზოგადად, სწავლით ვიყავი დაინტერესებული და აქედან გამომდინარე, დამთანხმდა. ეს გამოცდილება უფრო იმით იყო საინტერესო, რომ პირველად მომიწია, რეალურ ცხოვრებაში მენახა ბიზნესის ოპერაციები და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, როგორ შეიძლებოდა ხარჯების ოპტიმიზაცია და ახალი მეთოდების შექმნა მათი ანალიზისთვის.

ეს იყო გამოცდილება, რომელმაც კიდევ მეტად გააღვივა ჩემში ფინანსების და მენეჯმენტის შესწავლის ინტერესი. ამ გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტე, ყოველ წელს გამომეცადა სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობა და გამოცდილება ჩემი კარიერის სწორად შესაქმნელად დამეგროვებინა. უნივერსიტეტის დამთავრებამდე გამოცდილება მქონდა მიღებული სხვადასვა განხრით: PWC-ის აუდიტის დეპარტამენტში, UBS-ის Investment Banking-ის განყოფილებაში და საქართველოს ეროვნულ ბანკში.

საბოლოოდ, როდესაც London Schools of Economics-ში სწავლა დავამთავრე და სამუშაო გამოცდილება შევიძინე წამყვან კორპორატიულ კომპანიებში, მივხვდი, ჩემი ინტერესი არ იყო დიდი ოპერაციების პატარა ნაწილი ვყოფილიყავი, სადაც ყოველი დღე ჩემთვის რუტინული შეიძლება ყოფილიყო. უფრო საინტერესოდ მიმაჩნდა პროცესების შექმნაში მეტი წვლილი შემეტანა, ვიდრე ამის შესაძლებლობას დიდ კომპანიებში მუშაობა მომცემდა. შესაბამისად, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2016 წელს, გადავწყვიტე ჩემს მეგობრებთან ერთად შემექმნა „კარგონი“, რომელიც ტექნოლოგიური გზებით გადაჭრიდა ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ინდუსტრიის ლოგისტიკის არაეფექტურობებს. სტარტაპ გარემო რადიკალურად განსხვავებული სამუშაო კულტურითა და პრინციპით გამოირჩევა, სადაც უფრო სწრაფად იცვლება გარემოებები და ყოველდღიურ რეჟიმში გიწევს ექსპერიმენტები პრობლემების გადასაჭრელად.

ვანო ჩალაძე – Cargon-ის თანადამფუძნებელი.

„ევოლუშენ საქართველოში“ დასაქმების მსურველებს, ზაფხულში, განსაკუთრებული საჩუქარი ელით

ვენეცია ტურისტებს ფეხბურთის დახმარებითაც მიიზიდავს